U19. ჩეხეთი-პორტუგალია 1:2 - ორგანიზებული, მაგრამ არა უძლეველი

AutoSharing Option
მატჩის დაწყებამდე ძალიან გაგვაკვირვა პირობითი მასპინძლის დამრიგებელმა იან სუხოპარეკმა. ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა შვედეთთან მატჩის გმირი დანიელ ტურინა...

"დავით პეტრიაშვილი" მართლაც შესანიშნავ მდგომარეობაში შეხვდა ამ მატჩს. ეგაა, მაყურებელი იმდენი არ იყო ტრიბუნებზე, რამდენსაც ვისურვებდით. როგორც ჩანს, ქომაგებმა მთელი ძალა და ღონე შვედეთთან საქართველოს ნაკრების ქომაგობას შეალიეს...

თამაში არცთუ მაღალ ტემპში დაიწყო. ორივე გუნდის შემტევები ბევრ შეცდომას უშვებდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში. პირველი რეალური საგოლე მომენტი ჩეხებმა შექმნეს. ჰლავატი პორტუგალიელთა საჯარიმოში შეიპარა, სადაც ცენტრალურმა მცველებმა მშვიდად მიაღებინეს ბურთი. ჩეხთა შორის
ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მეკარე კოშტამ ერთხელაც გამოავლინა დიდებული რეაქცია და საქართველოსთან მატჩის არ იყოს, თავისი გუნდი აშკარა გოლისაგან იხსნა. მალევე, კოშტა ადგილზე დახვდა სადილეკის მიერ შორიდან დარტყმულ ბურთსაც.

საერთოდ, ჩეხები უფრო მწვავედ უტევდნენ და რომ არა თამაშგარე მდგომარეობები, პორტუგალიის ნაკრები რამდენჯერმე აშკარად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. არადა, თავად პორტუგალიელებმა პირველივე საგოლე მომენტი გოლად აქციეს. ვესტჰემელმა კინამ ფლანგზე იაქტიურა, რამდენიმე მეურვეს გაექცა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ჯუმ დაასწრო და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ანგარიში მალევე გათანაბრდა - ჟოაო ფელიპემ გაუმართლებლად დაკარგა ბურთი. ჰოლიკის ჩაწოდების შემდეგ ბურთი მცველებს შორის გაძვრა და გრაიციარმა ანგარიში გაათანაბრა. ვიყოთ სამართლიანები - ჩეხები გოლს იმსახურებდნენ!..

მეორე ტაიმი უფრო მაღალ ტემპში დაიწყო, ვიდრე პირველი. პორტუგალიელთა რიგებში გამორჩეულ კინას კარგი შანსი მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ძალიან არაზუსტად დაარტყა. მერე რუი პედრო გადიოდა ჩეხების მეკარესთან პირისპირ, მაგრამ გრანეჩნი დროზე ჩაუწვა და თავის გუნდს საფრთხე აარიდა.

თუმცა პორტუგალიამ მაინც გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა ლეაომ ერთი მოძრაობით მოიშორა მეტოქე და რუი პედროს საგოლედ ჩაუწოდა - 1:2.

მერე იყო კურიოზული მომენტი - ჩეხმა ჩალუშმა მოედნის ცენტრიდან ჯარიმა შეასრულა და... ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია. საცოდაობა კი იყო ასეთი გოლის არჩათვლა, მაგრამ წესი წესია - ჩეხებს "სტანდარტული" უნდა გაეთამაშებინათ, მათ კი პირდაპირ კარში დაარტყეს. ასე რომ, თურქი არბიტრის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

რა გვაჩვენა მატჩმა და რას წარმოადგენს ჩვენი მომავალი მეტოქე - ჩეხეთი? ფაქტია, საქმე გვექნება ძალიან ორგანიზებულ მეტოქესთან, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის დამახასიათებელ "აფეთქებებს" შეუძლია, მოწინააღმდეგე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდოს.

გარდა ამისა, იმაშიც დავრწმუნდით, რომ ფლანგებიდან უნდა შევუტიოთ, რაკი ეს მოწინააღმდეგის სუსტი წერტილია. ჩეხეთი ერთხელ "გადაიჩეხა". მთლად უფსკრულში არა, მაგრამ მაინც. ახლა მეორედაც უნდა "გადაიჩეხოს"!

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი. II ტური
05.07. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ჩეხეთი-პორტუგალია 2:1
გოლები: 0:1 ჯუ (35), 1:1 გრაიციარი (40), 1:2 რუი პედრო (75)
ჩეხეთი (4-2-3-1): იედლიჩკა - ჰოლიკი, კრალი, ჩალუსი, გრანეჩნი - ჰაველკა, ტიშლერი - ჩვეია, ჰლავატი (62. შაშინკა), სედლაკი - გრაიციარი (81. ტურინა).
სათადარიგოები: პლაჩი, ჩეხი, ლინგრი, მარაჩეკი, ნოვოტნი
მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
პორტუგალია (4-1-4-1): კოშტა - დალოტი, დ. კეირუში, ჟ. კეირუში, რუი პედრო - პირესი - ჯუ (90. პაზი), ლუისი, კინა (76. ფიორენტინო), ფელიპე (69. ლეაო) - სილვა სოუზა.
სათადარიგოები: ფიგეირა, ლეიტე, კეტა
მწვრთნელი: ელიო სოუზა
გაფრთხილება: დ. კეირუში (63), ჰაველკა (74), გრანეჩნი (77)
არბიტრი: ა. პალაბიკი (თურქეთი).

05.07. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-შვედეთი 2:1
გოლები: 1:0 კოხრეიძე (3), 2:0 ჩაკვეტაძე (31. კუციას პასით), 2:1 გიოკერესი (47. კრალის პასით)

მომდევნო მატჩები
8 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი
6 ივლისი, ხუთშაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 17:30

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
გერმანია-ბულგარეთი 20:00

9 ივლისი, კვირა
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ინგლისი-გერმანია 20:00

1/2-ფინალი
12 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
B1 - A2 17:00

თბილისი. "მიხეილ მესხი"
A1 - B2 20:00

ფინალი
15 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სწორი წერია აბსოლუტურად. თავისუფალიც ჯარიმაა!
0
ელემენტარული წესია რომ თამაშგარეს დროს ინიშნება არა ჯარიმა არამედ თავისუფალი დარტყმა რომელიც პირდაპირ "კარებში არ მიდის", რაც იმას კი არ ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა გაითამაშო არამედ მეკარეც რომ ოდნავ შეხებოდა გოლი ჩაითვლებოდა. ანუ იქ ჯარიმა კი არ დაინიშნა არამედ თავისუფალი დარტყმა იყო
სტატიის ავტორს
12:05 06-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული