ქართულ-სერბული დაპირისპირება თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს. სტუმრებმა კი, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, შეგნებულად დათმეს ბურთი და აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს.
საწყის წუთებში საქართველოს ნაკრები აშკარა ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტი, ერთის გარდა (მე-8 წუთზე საჯარიმოში ფლანგიდან შეჭრილი ზარანდიას დარტყმა რაიკოვიჩის ლუკმა გახდა), არ ყოფილა. შესაბამისად, სტუმართა გოლი არცთუ ლოგიკურად მოჰყვა
გოლი კი მე-17 წუთზე გავიდა - ქართველ მცველთა შეცდომით ისარგებლა სტეფან ილიჩმა, მოიგდო ბურთი და მეკარესთან პირისპირ გასულმა იოლად შეაგორა ქურდაძის კარში - 0:1.
დაწინაურების შემდეგ სერბები შეტევაში უფრო დამაჯერებლად ათამაშდნენ. მართალია, ცოტა ხანში ბურთი თავადაც მიიღეს, მაგრამ არც ამის შემდეგ გატეხილან. გოლი 11-მეტრიანით გავიდა - არბიტრმა ალექსანდრე კრიჭაშვილმა სტუმრები გოროზიას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო დასაჯა, პენალტი კი ზუსტად შეასრულა მათე ცინცაძემ - 1:1.
ტაიმის ბოლომდე მაისურაძის შეგირდებს მოწინააღმდეგის კართან საგოლე ეპიზოდი არ შეუქმნიათ. საქართველოს ნაკრების გამოკვეთილი ფორვარდი დავით ჯიქია ტანმაღალ სერბ ცენტრალურ მცველებს (მარასი, ბაბიჩი) შორის, ფაქტობრივად, ჩაკარგული იყო.
პირველი ტაიმის მიწურულს ქურდაძის კარის აღება სიმიჩს შეეძლო, რომელიც კონტრშეტევისას თანაგუნდელებმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, წინგამოსულმა ქურდაძემ კი ვითარების განმუხტვა შეძლო.
მეორე ტაიმში მაისურაძემ ორი შემტევი ფეხბურთელი შეცვალა. მოედანზე ახალშესულმა კერძევაძემ 57-ე წუთზე კარისკენ დასცხო, თუმცა სიზუსტე დააკლდა. ერთ წუთში მარასის გრძელი ზუსტი პასი ქართველ მცველთაგან უყურადღებოდ მიტოვებულმა გაცინოვიჩმა კარიდან ათიოდ მეტრში მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ სულ მცირედით ააცილა მიზანს.
ქართველები ცდილობდნენ დაწინაურებას, მონდომებითაც თამაშობდნენ, თუმცა სერბებს საიმედო დაცვითი ზღუდეები ჰქონდათ აღმართული, რომლის გადალახვას მაისურაძის 19-წლამდელები ვერაფრით ახერხებდნენ.
75-ე წუთზე კვლავ კერძევაძეს მიეცა შანსი - კონტრშეტევისას საშუალო დისტანციიდან დაარტყა, მაგრამ შედეგი ვერც ამან მოიტანა (სჯობდა, ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელისთვის გადაეწოდებინა).
დარჩენილ დროში სტუმართა სახიფათო "სტანდარტულებს" გამოვარჩევთ. 78-ე წუთზე რისტიჩის შორეული დარტყმა "ხარიხას" მილიმეტრებით ასცდა, ექვს წუთში კი იმავე რისტიჩის მიერ დაახლოებით 35 მეტრიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ყველა ფეხბურთელს გასცდა და მასპინძელთა კარში შევარდა, თუმცა კრიჭაშვილმა წესის დარღვევა (ბურთისთვის ბრძოლისას) დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
11 ოქტომბერს ქართველი და სერბი 19-წლამდელები გორში კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.
U19. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
09.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 1000 მაყურებელი
საქართველო-სერბეთი 1:1
0:1 ილიჩი (17), 1:1 ცინცაძე (24-პენ)
საქართველო (4-2-3-1): ქურდაძე - კაკაბაძე (57. გაბაძე), ჭანტურია, თებიძე, თევზაძე (85. კუსიანი) - აბურჯანია, ცინცაძე - ზარანდია (46. ახვლედიანი), გოროზია (63. შენგელია), კიკაბიძე (57. მზევაშვილი) - ჯიქია (46. კერძევაძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, გურეშიძე, ჩეჩელაშვილი, გერიძე.
მწვრთნელი: ვ. მაისურაძე
სერბეთი (4-4-1-1): რაიკოვიჩი - ვიკო (77. იოვანოვიჩი), მარასი (77. ცუკანოვიჩი), ბაბიჩი, მილოშევიჩი - გაცინოვიჩი (77. ცვეტკოვიჩი), მაქსიმოვიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი (77. სდჟელარი), ანტონოვი (65. რისტიჩი) - სიმიჩი (57. პანტიჩი) - ილიჩი (57. მანდიჩი).
მწვრთნელი: ვ. პაუნოვიჩი
სათადარიგოები: დრობნიაკი, იოვანოვიჩი, მიხაილოვიჩი
გაფრთხილება: ვიკო (12), სიმიჩი (24), თებიძე (27), ბაბიჩი (47)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"