U19. საქართველო-პოლონეთი 0:2 - როცა ბურთი ჩვენზე სწრაფია...

AutoSharing Option
19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ნოემბერში თბილისში გამართავს. მანამდე კი ვასილ მაისურაძემ პოლონეთთან ორ ტესტმატჩი დაგეგმა. პირველი თამაში გუშინ, 14 ივნისს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან მიმავალ გზებზე "საცობები" შეიქმნა, სტადიონამდე მისვლა მეტისმეტად გაჭირდა, ბევრსაც არ ეფეხბურთებოდა ამ უბედურების გამო და ეტყობა, ამიტომაც შეიკრიბა ვაკეში ძალიან ცოტა მაყურებელი...

პოლონეთის ეროვნულ გუნდს არც მათი თანამემამულე 19-წლამდელები ჩამორჩნენ და ქართველებს მათაც მოუგეს, თუმცა - უფრო მოკრძალებული ანგარიშით.

მაისურაძის შეგირდებმა მატჩი რიხიანად დაიწყეს და
უპირატესობას დაეუფლნენ. მაგრამ როგორც მთავარ ნაკრებში, ამ გუნდის წევრებიც ხშირად უადგილოდ ცდილობდნენ ტექნიკის დემონსტრირებას, გააზრებული შეტევების განხორციელება კი მეტისმეტად უჭირდათ.

პოლონელები გაცილებით მარტივად თამაშობდნენ და მწვავე კონტრშეტევებიც გამოსდიოდათ. პირველი საგანგაშო სიგნალი მე-9 წუთზე გაისმა - ამ ეპიზოდში მიხეილ ბარტკოვიაკის არაზუსტმა დარტყმამ გადაგვარჩინა.

მაგრამ სტუმრებმა მომდევნო შანსით მაინც ისარგებლეს. ამ შემთხვევაშიც მწვავე და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, მეკარესთან პირისპირ დატოვეს ადამ რიშკოვსკი და ანგარიშიც გახსნა - 0:1.

უნდა ითქვას, რომ ჩვენებს ცხვირი არ ჩამოუშვიათ, წონასწორობის აღდგენის შანსი ორჯერ ჰქონდა და ორივეჯერ - გიორგი ბერიძეს. პირველად, ეს 26-ე წუთზე იყო, როცა ჩვენმა კაპიტანმა გურამ გოშთელიანმა ჩინებული გადაცემით (ქუსლით) მეკარესთან პირისპირ დატოვა ბერიძე, მაგრამ მეკარე დორიან ფრაჩლაკს ვერ აჯობა.

36-ე წუთზე უკვე თავად ბერიძემ შეიქმნა მომენტი - საჯარიმოსთან მცველს ბურთი აართვა და კვლავ მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და მეკარეს საქმე გაუადვილა.

ამ ორ მომენტს შორის კი გოშთელიანმა დასარტყმელ პოზიციაზე (ისევ ქუსლით) ბექა მიქელთაძე გაიყვანა, მაგრამ პოლონელები კარგ მეკარეებს რომ ზრდიან, ფრაჩლაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პოლონელებმა კი თავისი შესაძლებლობით მეორე ტაიმშიც ისარგებლეს. ბექა ქურდაძესთან ერთი-ერთზე ამჯერად კაროლ სვიდერსკი გავიდა და ქართველთა იმედებს ცივი შხაპი გადაასხა - 0:2.

მასპინძელთა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა.

საერთოდ, ბოლო დღეების განმავლობაში პოლონელებმა მშვენიერი გაკვეთილი ჩაგვიტარეს - როგორია ნამდვილი ფეხბურთი. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ფეხბურთელები მაინც ჯიუტად "აწვალებენ" ბურთს და მისი სწრაფად გაგორება უჭირთ.

არადა, ბურთი გაცილებით სწრაფია, ვიდრე თუნდაც ბენ ჯონსონი და, მით უფრო, ვიდრე ნებისმიერი ქართველი.

გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 16 ივნისს, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.

U19. ამხანაგური მატჩი
14.06. თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო-პოლონეთი 0:2
გოლები: 0:1 რიშკოვსკი (21), 0:2 სვიდერსკი (69)
საქართველო: ქურდაძე - კამლაძე, მამუჩიშვილი, ნემსაძე - თვარაძე (46. კიკნაძე), ალთუნაშვილი (46. ღვინაშვილი), ბაშალეიშვილი, კომახიძე - ბერიძე (77. გვარაძე), გოშთელიანი, მიქელთაძე.
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ბლიაძე, გაბრიჩიძე, პაპუაშვილი, ნადარაია, გადრანი.
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ არ გრცხვენიათ? უცხოურ საიტებზე ყველგან ეწერა რომ პოლონელებს 18 წლიანები ჰყავდათ ჩამოყვანილი, თუ ასეა არც ამათი საშველი არ ყოფილა და არც მომავალი არ გვივარგა.
???.......
16:19 15-06-2015
0

სიახლეები პოპულარული