ვასილ მაისურაძე: ერთად ორი საქმე არ გამოდიოდა

AutoSharing Option
19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 12 ნოემბერს დაიწყებს. მე-8 ჯგუფის თამაშებს თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან ავსტრია, უელსი და ალბანეთი.

სწორედ შესარჩევი მატჩების მოახლოებით იყო გამოწვეული ის ცვლილება, რაც თბილისის "ლოკომოტივში" მოხდა: ვასილ მაისურაძემ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მთლიანად 19-წლამდელთა ნაკრებზე გადაერთო. თუმცა "ლოკომოტივში" მას მაინც დარჩა საქმე - ამიერიდან, მაისურაძე კლუბში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მენეჯერად იმუშავებს.

"რა თქმა უნდა, ამ გადანაცვლების მიზეზი 19-წლამდელთა ნაკრებში ჩემი მუშაობა გახდა. თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ
ზაფხულში ვამბობდი, რომ ორ პოსტზე დარჩენა არ მსურდა, რადგან ერთდროულად ამდენ საპასუხისმგებლო საქმეს ვერ გავაკეთებდი. ასეც მოხდა და საბოლოოდ, "ლოკომოტივში" ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

მაგრამ "ლოკომოტივის" პრეზიდენტ ლექსო თოფურიას ჩემთან თანამშრომლობა სურს და კლუბში დამტოვა. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება სასიამოვნოა", - ამბობს მაისურაძე.

19-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელს გუნდის შეკრებასა და მოსამზადებელ გეგმებზეც ვკითხეთ:

"სამწუხაროდ, ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ 19-წლამდელების შეკრება ვერ ხერხდება. ტური 6 და 7 ნოემბერს იმართება, ჩვენ კი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს (უელსთან) 12 ნოემბერს ვმართავთ.

ფეხბურთელებს 6-7 ნოემბრიდან შევკრებთ და ვეცდებით, დარჩენილი მცირე დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ".

მისივე თქმით, ამჯერად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ძლიერ ჯგუფში მოხვდა:

"კარგია, რომ თბილისში ვთამაშობთ, თუმცა ამან არ უნდა მოგვადუნოს, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა - უელსი, ალბანეთი და ავსტრია ხელწამოსაკრავები არ არიან. ისიც სათქმელია, რომ ამ ქვეყნების ეროვნული გუნდები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, რაც მათი ფეხბურთის მზარდ დონეზე მეტყველებს.

ასე რომ, ელიტრაუნდში გასვლა იოლი არ იქნება".

სანაკრებო პაუზისას, მაისურაძემ 19-წლამდელები კიდევ ერთხელ შეკრიბა და საკონტროლო შეხვედრები ათამაშა:

"ჩვენი გუნდის ბირთვს კვლავ "საბურთალოს", "ლოკომოტივისა" და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები შეადგენენ. განახევრებული შემადგენლობით ორი საწვრთნელი მატჩი გავმართეთ - "ცხინვალს" 2:1 მოვუგეთ, ბოლნისის "სიონთან" კი 1:3 დავმარცხდით.

შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. ახალწვეული მხოლოდ ანრი ჭიჭინაძეა. ამ ბიჭმა ქუთაისის "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და ცხადია, დავინტერესდით. სხვათა შორის, მას ამ მატჩებში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და თუ ფორმაში იქნება, სავარაუდოდ, კიდევ გამოვიძახებთ".

მატჩების განრიგი
12 ნოემბერი
ავსტრია-ალბანეთი
საქართველო-უელსი

14 ნოემბერი
ავსტრია-უელსი
ალბანეთი-საქართველო

17 ნოემბერი
საქართველო-ავსტრია
უელსი-ალბანეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული