შედარებისთვის: სად თამაშობენ ქართველი 19-წლამდელები და სად მათი მეტოქეები

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ თბილისში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა...

საინტერესოა, რომ საქართველოს, ჯგუფის მეტოქეებთან (ავსტრია, ალბანეთი, უელსი) შედარებით, ყველაზე ნაკლები ლეგიონერი ჰყავდა: თურქულ "ქასიმფაშაში" თამაშობს ოთო გოშაძე, ხოლო დონეცკის "შახტარში" - გიორგი არაბიძე. ტრავმის გამო ტურნირში არ უთამაშია გიორგი ბერიძეს, რომელიც ბელგიური "გენტის" ახალგაზრდულ გუნდში ირჯება...

ამ დროს კი, ყველაზე მეტი ლეგიონერი ჰყავდა უელსს - 6 მოთამაშე ინგლისის პრემიერლიგიდან, 8 - პრემიერშიფიდან. ეს გუნდებია - "მანჩესტერ იუნაიტედი", "ევერტონი",
"სუონსი", "კარდიფი", "ქოვენთრი", "ფულჰემი" და "ბრისტოლი". კიდევ ერთი უელსელი შოტლანდიის პრემიერლიგიდანაა.

ავსტრიელებმა ჩამოიყვანეს იქაური ბუნდესლიგის 9 მოთამაშე, ამას გარდა, 7 - ფეხბურთელი გერმანიის I და II ბუნდესლიგის გუნდებს ("შტუტგარტი", "ჰოფენჰაიმი", "ლაიპციგი") წარმოადგენდა, თითო - ინგლისის პრემიერშიფსა და შვეიცარიის სუპერლიგას.

ეს კიდევ არაფერი. თქვენ წარმოიდგინეთ, ალბანეთმაც ჩვენზე გაცილებით სოლიდური კლუბების ლეგიონერები დაგვიპირისპირა - მეკარე ელჰან კასტრატი იტალიური "პესკარადან", მცველი ადრიან კრასნიკი ჰოლანდიური "ეინდჰოვენიდან", ასევე - ადრიტ ჰუმოლო (ვენის "რაპიდი"), ადრიტ ტოლი (ბერძნული "ოლიმპიაკოსი"), ნახევარმცველები - მარკო ცემა (მილანის "ინტერი"), ფერედიკო ზენუნი ("ტორინო") და თავდამსხმელი აჰმეტ ალბი (ფრანგული "ტრუა").

ჩვენ დიდი ამბიციები კი გვაქვს, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, რომელ ჩვენს გუნდს აქვს ის პირობები, რაც (ინგლისის პრემიერშიფსა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე არაფერს ვიტყვით) თუნდაც ალბანეთის სუპერლიგაშია, სადაც ხელფასები 6-7 ათასი ევროს ფარგლებშია და ეს ჩვეულებრივ ამბად ითვლება. ჩვენს ბიჭებს ნიჭი მოსდევთ და ამით როგორღაც გადიან ფონს, თორემ საფეხბურთო გარემო - ჩემპიონატი და ზოგადად, პირობები, ამ ნიჭის რეალიზებაში ხელს ვერანაირად უწყობთ. არადა, აშკარაა, გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ჩანს.

როგორ აფასებენ ჩვენი 19-წლამდელები შემდეგ ეტაპზე გასვლას? ჩვენ ორ მათგანს გავესაუბრეთ:

ოთო გოშაძე, მეკარე: "უელსთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ და დამაჯერებლობა გვაკლდა. ალბანეთთან კი მობილიზება მოვახერხეთ და მოვიგეთ.

რა თქმა უნდა, გაგვიმართლა, რადგან ბოლო ტურში მხოლოდ ჩვენს თავზე არ ვიყავით დამოკიდებულები... მაგრამ ალბანეთმა უელსს მოუგო, რაც ჩვენ გვაწყობდა და რთული ჯგუფიდან გასვლით უზომოდ გახარებულები ვართ. ახლა მთავარია, ელიტრაუნდისთვის კარგად მოვემზადოთ.

სამწუხაროდ, ბევრი გულშემატკივარი არ მოვიდა თამაშებზე, მაგრამ მე ამას იმ ფაქტს ვაბრალებ, რომ თამაშები შუადღისას, სამუშაო საათებში იმართებოდა... ტრიბუნები სანახევროდ მაინც რომ ივსება, სულ სხვა სტიმულით ვთამაშობთ".

ირაკლი კომახიძე, ნახევარმცველი: "ცუდია, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული. ბოლო ტურში ავსტრიასთან ძალიან სანერვიულო თამაში იყო. ამ დროს კი, ალბანეთმა მაგარი თამაში მოუგო უელსს...

იქით ცნობილი გუნდების წევრებით გადაჭედილი გუნდი იყო, მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ბიჭები ვართ. ამის მიუხედავად, ავსტრიასთან მოგებაც შესაძლებელი იყო...

ასეა თუ ისე, ელიტრაუნდში გავედით და მიმაჩნია, რომ კარგი მომზადების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე გაცილებით უკეთესი გუნდი გვეყოლება, რადგან ჩვენს გუნდში ნიჭიერი ბიჭები არიან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბატონო მერაბ, რაკი მშვენიერი ანალიზი გააკეთეთ, ბარემ ლოგიკური დასკვნაც მოაყოლეთ, რომ ნაკრების თამაში მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის დონეზე არ არის დამოკიდებული, თორემ ინგლისის გუნდი სულ მსოფლიოს ჩემპიონები უნდა იყვნენ და სულაც ბელგიის ჩემპიონატის დონე და ბელგიის ნაკრების დღევანდელი მდგომარეობა ცასა და დედამიწასავით განსხვავდება. თუ ხორვატიას ჰქონდა ევროპაში რიგით მე-3 ჩემპიონატი სიძლიერის მიხედვით, როცა ხორვატიამ ბრინჯაო აიღო ევროპის ჩემპიონატზე. დაფასება და ნდობა უნდა საკუთარს და კარგი სელექცია მაშინ სხვანაირად იქნება საქმე. ''კახა ცხადაძე: ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს'' რა მოიგო წინა მწვრთნელმა ჩვენი ჩემპიონატის და ფეხბურთელების დამცირებით და რას ელოდება ამ საქმით ახალი მწვრთნელი? რომელი გამოცდილი, მონდომებული და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულის ფეხბურთელი გამოსცადა და არ გამოადგა? ის კი რასაც ბატონმა კახამ ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაკრებში გამოცდა დაარქვა პროფესიონალიზმთან საერთო არაფერი ჰქონდა. ამაზე ანალიზთან ერთად შემდეგში გამოვთქვამ ჩემ მოკრძალებულ აზრს.
gizog
17:21 20-11-2015
0
კიდევ ერთხელ გმირობის ტოლფასი შედეგი გვაჩუქეს ამ ბიჭებმა.მადლობა მათ და სამწვრთნელო შტაბს ასევე ექიმს,მასაჟისტს ,ადმინისტრატორს ყველას ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წა4მატებაში!
ფეოლა
18:11 20-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული