09:44 27-01-2016
U19. საქართველო-ბულგარეთი 2:0 - ყიფიანის პირველი გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
ამ თამაშებში მთავარი იყო, რა ფეხბურთს აირჩევდა ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი. საქართველოს ნაკრები ძალიან აგრესიულ და შემტევ ფეხბურთზეა ორიენტირებული, სადაც ყიფიანი დიდ გათვლებს სისწრაფესა და მეტოქის ნახევარზე პრესინგის ორგანიზებაზე აკეთებს.
ბულგარეთი საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი ჩანდა და მასთან სპარინგი უდავოდ სასარგებლო იყო. ჩვენებმა კარგად დაინახეს საკუთარი ნაკლიც და უპირატესობაც. ყიფიანის გუნდი ეპიზოდურად ახერხებდა სწრაფი შეტევების ორგანიზებას. ასე, პატარა "ჯვაროსნების" თამაში ლამაზი სანახავიც იყო - გუნდს მწვავე შეტევები გამოსდიოდა.
საწყის წუთებში ორი მშვენიერი მომენტი ჰქონდა ბექა მიქელთაძეს - პირველ შემთხვევაში, მისი სახიფათო თავური დარტყმის შემდეგ ბულგარელთა მეკარე მიხაილ მიხაილოვმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეორედ კი თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა მიზანს გვარიანად ააცილა. ორივეჯერ ეს შეტევა ირაკლი ბიძინაშვილმა წამოიწყო, ფლანგზე კი რომან ჩაჩუამ გაამწვავა.
მერე კი აშკარა გოლს გადავურჩით, როცა სტუმართა შეტევას ტონისლავ იორდანოვი აგვირგვინებდა - ბურთი ძელს მოხვდა. ამ და რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა, რომ ქართველები ზოგჯერ დაცვაში ჩასვლას აგვიანებდნენ.
მაგრამ ჩვენებმა ანგარიში მაინც გახსნეს. მიქელთაძემ სტუმართა საჯარიმოსთან მცველს ბურთი წაართვა და ბიძინაშვილი მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში გააყოლა ბურთი. დინამოელმა ამჯერად ივარგა და მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა - 1:0.
მეორე ნახევარში ბულგარელებმა აქტიური პრესინგის გამოყენება სცადეს. საქართველოს ნაკრებს საჯარიმოსთან მიახლოება უჭირდა, სტუმრები კი საკმაოდ გათამამდნენ და ჩვენების მოდუნებით კინაღამ ისარგებლეს: 58-ე წუთზე, ლუკა ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში იორდანოვი წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, მაგრამ მეკარე ოთო გოშაძემ შესანიშნავად ითამაშა - ალექსანდრ გეორგიევის დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია.
59-ე წუთზე ყიფიანმა მოედანზე ერთდროულად 7 მოთამაშე შეიყვანა და მათ ბულგარელებს ახალი ძალებით შეუტიეს.
ძალიან სწრაფი და ლამაზი კომბინაცია გიორგი კიკნაძემ წამოიწყო და მარჯვენა ფლანგზე შერმადინ ართმელაძე მოძებნა, რომელმაც შეტევა ნიკა ქორიძეს გაუგრძელა, მისი გადაცემის შემდეგ კი ენვერ ლილუაშვილმა ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:0.
მასვე დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ლუკა ფოჩხუას გადაცემის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა. ახლო მანძილიდან ქორიძემაც ვერ გაიტანა და საბოლოოდ, ჩვენებმა საკმაოდ კარგი ფეხბურთით 2:0 გაიმარჯვეს.
გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"10-დღიან შეკრებასა და ამ ორ შეხვედრას დადებითად შევაფასებ, რადგან ნაკრების კანდიდატებზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება გვსურდა.
შემდეგი შეკრება თებერვლის ბოლოს გვექნება, 1-ელ და 3 მარტს ჩერნოგორიას შევხვდებით. იქ უკვე ბულგარეთთან გამოყენებული სათამაშო სისტემის დახვეწას შევეცდებით, ელიტრაუნდისთვის მზად რომ ვიყოთ".
U19. ამხანაგური მატჩი
26.01. თბილისი. "ბენდელა". 1 000 მაყურებელი
საქართველო-ბულგარეთი 2:0
გოლები: 1:0 მიქელთაძე (30. ბიძინაშვილის პასით), 2:0 ლილუაშვილი (69. ქორიძის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: გეორგიევი (58. მეკარე)
საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა (59. ართმელაძე), მამუჩაშვილი (59. ნემსაძე), ლოჩოშვილი (59. კამლაძე), კობოური, სამურკასოვი (37. გვარაძე/59. მაღრაძე), ალთუნაშვილი (59. ფოჩხუა), კოხრეიძე (46. კიკნაძე), ბიძინაშვილი (59. ბაშელეიშვილი), გოშთელიანი (59. ლილუაშვილი), მიქელთაძე (59. ქორიძე).
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ბულგარეთი: მიხაილოვი, მიცაკოვი, მინიკოვი, ლიასკოვი, იუსენოვი (67. ხრისტოვი), ივანოვი, პეტროვი, ალიჩკოვი, იორდანოვი, კრაევი (72. ვიდევი), გეორგიევი.
მწვრთნელი: სვეტოსლავ ტოდოროვი
გაფრთხილება: ლიასკოვი (52), ალთუნაშვილი (32), ბიძინაშვილი (53), პეტროვი (66)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დაუმარცხებელი სერიის დაწყებას გილოცავთ! სამუშაო ბევრია. წარმატებები!!!!
0
0
გამართულად თამაშობენ. მადლობა, გიორგის და ბიჭებს!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული