გია გეგუჩაძე: დღეს ბექა ვაჩიბერაძემ ასე გადაწყვიტა, ვნახოთ, რა იქნება ხვალ...

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო ხუთ დღეში ორი მატჩი ჩაატარა: ერთი - ოფიციალური და ერთიც - ამხანაგური. შესარჩევ შეხვედრაში გია გეგუჩაძის შეგირდებმა სან მარინოს გადაურბინეს (4:0), ამხანაგურში კი უკრაინელ თანატოლებს დაუზავდნენ (3:3).

"ლელო" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა. თავდაპირველად, მას ორი სანაკრებო მატჩის შეფასება ვთხოვეთ, მერე კი სხვა საინტერესო საკითხებსაც შევეხეთ...

- ამ ორი შეხვედრისთვის 26 ფეხბურთელს მოვუყარეთ თავი და ამით ყველას მივეცით
თავის გამოჩენის შანსი. ზოგს მეტი სათამაშო დრო ერგო, ზოგს - ნაკლები... ეს ბუნებრივი მომენტია.

ახლა ჩვენ უკვე გვაქვს დასაბუთებული წარმოდგენა თითოეულ ფეხბურთელზე. ვიცით, ვის რა შეუძლია. თუნდაც ამიტომ იყო აუცილებელი შესარჩევთან ერთად ამხანაგური მატჩის ჩატარება. მართლაც რომ ნოყიერი მასალა გვაქვს განსჯისთვის...

მეორე მხრივ, მესიამოვნა, რომ ოფიციალურ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. მეტოქე არ იყო მაღალი დონის, მაგრამ შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია...

კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავუსვამ ხაზს - ჩვენ მომავალი შესარჩევი ციკლისკენაც ვიყურებით. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად მივეცით შანსი 1996 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს. სწორედ მათ უნდა დავეყრდნოთ ევროპის ჩემპიონატის მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

- უკრაინის ნაკრებთან თქვენმა გუნდმა შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. ეგ იყო, რომ დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით და საგოლე მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ...
- აბსოლუტურად გეთანხმებით! თქვენ სწორად აღნიშნეთ ეს ორი, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე. დაცვაში ისეთი აშკარა შეცდომები გვქონდა, რაც მომავალში არასოდეს არ უნდა დავუშვათ. ეს ჩემთვის მიუღებელია...

არადა, ზესტაფონურ მატჩში გუნდმა ყველაფერი გააკეთა დადებითი შედეგის მისაღწევად. ამდენად, ძალიან საწყენია, ბოლო წამზე გავუშვით ხელიდან გამარჯვება. ესეც გაკვეთილია და ამიტომაც იყო ჩვენთვის ძალიან სასარგებლო ეს თამაში...

ასევე, ბევრი მუშაობა გვმართებს საგოლე მომენტების რეალიზაციაზე. მიმდინარეობს მუშა პროცესი და დიდი იმედი მაქვს, ყველა ერთად ვნახავთ ამ ყველაფრის შედეგს.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვაკო გვილია უკრაინელთა წინააღმდეგ
- ვაკო გვილიამ პირველად ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. მინდა გკითხოთ მის სათამაშო და ადამიანურ თვისებებზე...
- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ძალზე დადებითი პიროვნებაა. ამასთან ერთად, კარგი ფეხბურთელიცაა... სხვათა შორის, მას აქამდეც კარგად ვიცნობდი. თბილისის "დინამოს" რომ ვწვრთნიდი, მაშინ მინდოდა მისი მიწვევა გუნდში...

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვაკოს შეუძლია სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს და ამიტომაც გვაქვს მისი იმედი.

- უკრაინელთაგან მესამე გოლი ბექა ვაჩიბერაძემ გაგვიტანა. ის მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო სტუმართა შორის. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მას სასარგებლო ფეხბურთელი გახდეს საქართველოს ნაკრებისთვის? თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში...
- ბექამ მართლაც ძალიან კარგად ითამაშა და ნამდვილად გამოირჩეოდა ამ შეხვედრაში. არ დაგიმალავთ, გვქონდა მასთან კომუნიკაცია, მაგრამ... ამ ეტაპზე მას ურჩევნია, უკრაინაში დარჩეს. დღეს ასეა და იმედი მაქვს, ხვალ სხვანაირად იქნება.

ვაჩიბერაძეს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ კარგი ფეხბურთი ითამაშოს.

Sportall.Ge
ფოტოზე: ბექა ვაჩიბერაძე ბაჩანა არაბულის წინააღმდეგ
- კიდევ ხომ არ არიან საინტერესო ქართველები უცხოეთში?
- რა თქმა უნდა, არიან. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს მათ თამაშს და ძალიან გვინდა, რომ ყველა ისეთი ფეხბურთელი ჩავაყენოთ სანაკრებო სამსახურში, ვისაც შეუძლია გუნდისთვის სარგებლობის მოტანა.

პირდაპირ გეტყვით - ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ობიექტივში გვყავდნენ საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველები. თუნდაც ისინი, რომელთაც არ აქვთ საქართველოს პასპორტი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ახალგაზრდული ნაკრების კარი ღიაა ყველა იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც იმსახურებს აქ თამაშს.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა ნიკა კაჭარავასა და გიორგი აბურჯანიას დებიუტი. ისინი თქვენი გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრებიდან დაწინაურდნენ ეროვნულ გუნდში. რას იტყვით მათ თამაშზე ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში?
- მოხარული ვარ, რომ მათ ეროვნულ გუნდში ითამაშეს. ახალგაზრდული ნაკრების ფუნქცია ხომ ქვეყნის მთავარი გუნდისთვის რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის მიწოდებაა. ამ ფეხბურთელების სანაკრებოდ დაწინაურებას მე ნამდვილად ვერ დავიბრალებ. ისინი უკვე კარგა ხანია, თამაშობენ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

დებიუტანტების კვალობაზე, მგონი, სულ ცოტა, ცუდად არ უთამაშიათ და იმისიც მჯერა, რომ მეტი შეუძლიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაჩიბერიძე–მე და ათასობით(ასიათასობითაც და მილიონიც თუ შედეგს დადებს საქართველოს ნაკრები) ქართველმა გულშემატკივარმა რა დავაშავეთ?ჩვენ რამე ვაწყენინეთ?საქართველოს ნაკრებში მაგარი თამაშით დაუმტკიცოს იმ მწვრთნელებს თუ ფუნქციონერებს ,რომ მიჰქარეს!...
Zaza
06:37 01-04-2016
0
მადლობა ბ-ნ გიას U21-ის კარგი თამაშისთვის!

ჟურნალისტებო! იქნებ საქართველოდან ფეხბურთელების გაქცევის მიზეზებზეც გესაუბრათ?

ადრე უცხოეთში თამაშის მსურველ სრულწლოვან ფეხბურთელებს ვავარჯიშებდი. ახლა ეს ასაკი კატასტროფულად შემცირდა, რადგან გუნდების ნაცვლად საფეხბურთო სკოლებში გარბიან (10-დან 14 წლამდე). ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
გუჯა კახაძე
21:38 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული