"დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა განათლებული ფეხბურთელების დეფიციტია!"

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთკვირიანი შეკრება გამართა და თან ორი სპარინგიც ჩაატარა "საბურთალოსა" და ქუთაისის "ტორპედოსთან". 21-წლამდელები ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ, თუმცა, ალბათ, ეს არ უნდა იყოს მთავარი, არამედ ის, რომ სამწვრთნელო შტაბი ერთხელაც დარწმუნდა - ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს ბევრი ოფლისღვრა მოუწევთ, ვიდრე სანაკრებო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

"ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა გია გეგუჩაძესთან. ვეცადეთ, ყველა იმ საკითხზე გვესაუბრა, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის...

- ჩემი აზრით, სასარგებლო შეკრება იყო ახალგაზრდული ნაკრებისთვის, - გვითხრა გეგუჩაძემ საუბრის
დასაწყისში, - ჩვენ საქმეში ვნახეთ ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები და ამიტომაც დავგეგმეთ ამხანაგური მატჩები. ვნახეთ ამ ფეხბურთელების მომზადების სადღეისო დონე, თუმცა კიდევ არიან სხვებიც, რომელთაც ასევე უნდა დავაკვირდეთ თამაშის პროცესში.

- რამდენად გაამართლეს თქვენი მოლოდინი ახალმა ფეხბურთელებმა?
- ვერ ვიტყვი, რომ მოლოდინი ბოლომდე გამართლდა, უფრო მეტს ველოდი, თუნდაც იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც 19- წლამდელთა ნაკრებში თამაშობდნენ და ახლა 21-წლამდელებში უწევთ თამაში. ჩვენ მათ მივეცით რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რათა შემდეგში სანაკრებო მოთხოვნები დააკმაყოფილონ. მჯერა, ისინი ბოლომდე გაითვალისწინებენ ჩვენს მითითებებს. ეს ისევ და ისევ მათ წაადგებათ...

ასე რომ, სელექციისა და ძიების პროცესი გრძელდება. ეს კი ისეთი პროცესია, რომელიც არ უნდა გაჩერდეს. ჩვენ მონდომებით ვეძებთ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც შეიძლება საქართველოს გამოადგეს.

- ცხადია, ამ ორ ამხანაგურ მატჩში თქვენთვის შედეგი მთავარი არ იყო...
- არა, რა თქმა უნდა. მთავარი იყო, თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე გვენახა და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ კიდეც. რისი დანახვაც გვსურდა, ამ სპარინგებში ყველაფერი ვნახეთ. თუნდაც ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს ორი მატჩი.

- თუ იყო შანსი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს რომელიმე უცხოური ქვეყნის გუნდთან ესპარინგა?
- ამის შანსი ნამდვილად იყო, მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ამაზე მე ვთქვი უარი. საქმე ისაა, რომ ამ დროს თბილისში მიმდინარეობდა წარმომადგენლობითი ოთხთა ტურნირი და ჩვენ საშუალება მოგვეცა ამ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების თამაშს დავკვირვებოდით. გარდა ამისა, "ტორპედოსა" და "საბურთალოსთან" შეხვედრებში გამოჩნდა, ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებიდან, რომლებიც ამ გუნდებში არიან, ვის რა შეუძლია.

- რამდენად აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები სანაკრებო დონეს?
- დამეთანხმებით, ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეროვნული ჩემპიონატი იყოს უკეთესი. რა დონეს ვაწყდებით საერთაშორისო თამაშებისას, თუნდაც ახალგაზრდული ნაკრებების მატჩებში, ამას ყველა ვხედავთ.

არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა - გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბები შედარებით ნაკლებად ენდობიან ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ არცერთი ფეხბურთელი არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ხომ ნახეთ, ამ შეკრებაზე პირველ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებსაც მივეცით შანსი.

- პირადად თქვენი დიდი დამსახურებაა, ვაკო გვილია დღეს საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობს. რა თქმა უნდა, კიდევ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქე ჩვენებურები, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ რომ თამაშობენ. როგორ მიდის სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ ეს ფეხბურთელები საქართველოს სამსახურში ჩადგნენ?
- ჩვენთვის ეს პრიორიტეტული საკითხია. ვეცნობი თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ მასალებს ამ თემაზე და მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, როგორც წერთ ხოლმე - დიახ, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი. ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ 21-წლამდელთა კონტინგენტზე, არამედ, უფრო დაბალ ასაკებზეც. ბევრია ისეთი ქართველი, რომელიც სხვა ქვეყანაში დაიბადა და იმ ქვეყნის მოქალაქის პასპორტი აქვს, ან ისეთი ფეხბურთელი, რომელიც უკვე კარგა ხანია, გავიდა საქართველოდან ოჯახთან ერთად... მოკლედ, ყველანაირ კონტინგენტთან ვმუშაობთ.

- ხომ არ დააკონკრეტებთ ამ ფეხბურთელების ვინაობას?
- ახლა საქმეს არ მოუხდება მათი ვინაობის დაკონკრეტება. სამუშაო პროცესი მიდის და არ მინდა, ვავნოთ ამ პროცესს.

- ის მაინც გვითხარით, რომელ ქვეყნებში თამაშობენ ეს უცნობი ფეხბურთელები?
- როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

- რა ტენდენცია მოდის მათგან? არიან თანახმა, მშობლიური ქვეყნის ნაკრებში ითამაშონ?
- ნაწილთან უკვე იყო კომუნიკაცია და ჩვენ ვიცით მათი პირველი იმპულსები. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომელთაც ჯერ არ დავკავშირებივართ. ჩემი აზრით, ერთი საუბარი არ შეიძლება იყოს საკმარისი მაშინ, როცა საქმე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება.

- არ შეიძლება, როგორც ასაკობრივი ნაკრებების კურატორს, მათზეც არ გკითხოთ. რას იტყვით 17-წლამდელთა ნაკრების ასპარეზობაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და ჩვენი 19-წლამდელების თამაშზე თბილისის ოთხთა ტურნირზე? ქართველი ჭაბუკებისგან უკეთესი თამაშის მოლოდინი იყო...
- ჩვენც ზუსტად აქეთკენ მივდივართ, რომ ასაკობრივი ნაკრებების თამაშის დონე ამაღლდეს. კმაყოფილი ვერ ვიქნებით ვერც შედეგით და ვერც თამაშის ხარისხით. ეს ეხება როგორც 19-წლამდელ, ისე 17-წლამდელთა ნაკრებს. კარგად გვესმის გულშემატკივრის - მას ძალიან უყვარს ქართული ფეხბურთი და უნდა, რომ შედეგი მალევე მივიღოთ, მაგრამ არის მიზეზები, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

თუნდაც ის, რომ დღეს საქართველოში კარგი განათლებამიღებული ფეხბურთელების დეფიციტია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ჩემი აზრით, ეს არის დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. სისტემატურად გვაქვს შეხვედრა მწვრთნელებთან. ვმსჯელობთ, პრობლემების დაძლევის გზებს ვეძებთ...

- მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ 2017 წელი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვის. რა გველოდება წინ?
- ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი წელი იქნება. დავიწყოთ 17-წლამდელთა ნაკრებით, რომელიც წლის დასრულებას არ დაუცდის და ორ სპარინგს გამართავს აზერბაიჯანელ თანატოლებთან. ეს იქნება ახალი ფორმაციის ნაკრები. გაისად ეს გუნდი აუცილებლად ითამაშებს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე...

ახლა გადავიდეთ 19-წლამდელთა ნაკრებზე. მოგეხსენებათ, ამ გუნდს მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ელის თბილისში. ყველა თარიღი უნდა იქნას ამ ნაკრებისთვის გამოყენებული, რათა რაც შეიძლება ბევრი სპარინგი გამართოს და მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს...

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს, 26 იანვარს არის წილისყრა და ჩვენ გვეცოდინება ის გუნდები, რომელთან ერთადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ვიქნებით. სწორედ ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას ამხანაგური მატჩების ორგანიზებაზე. იმედი გვაქვს, ყველა გამოწვევას საკადრისად გავართმევთ თავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატ. გია,თუ კურატორი ხართ 19 წლამდე ნაკრების, იქნებ აგვიხსნათ რა ხდება ნაკრებში?? ყველა თამაში რომ წააგო.სად არიან , რატომ არ ეძახის ავსაჯანას დროს 17-18 წლამდელ ნაკრებში მყოფ ფეხბურთელებს?მაგ. სპანდერას, ქიმერას, ვორუბოვს....ყიფოს თვითონ ვერ მოუფიქრებია წასვლა, იქნებ თქვენ უბიძგოთ!!!!!
vaxo
03:40 28-11-2016
0
ფეხბურთს აღარ თხოვთ ეხლა დიპლომიანი ფეხბურთელები გინდათ?მართლა სასაცილოები ხართ 2017 გარანტირებული გვაქ ბოლოო სულ ბოლო ადგილი თქვენი ახლობლობით და სიმპატიით შეკრებილი ნაკრები მეტ ადგილზე ვერ გადიან
vaja
21:37 27-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული