ირაკლი ქობალია - დიდი ნახტომი რეგიონულიდან უმაღლეს ლიგამდე

AutoSharing Option

ირაკლი ქობალიას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა. ზუგდიდის “ბაიას” 18 წლის ახალწვეულმა უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე ჩატარებულ სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და “ლელოს” ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ორჯერ მოხვდა. მოკლედ, ქობალია, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან ცოტა გულშემატკივარი თუ იცნობდა, დღეს უკვე “ბაიას” წამყვანი თავდამსახმელია.

 

გვეგონა, რომ მას უმაღლეს ლიგაში დებიუტი ახლა ჰქონდა, მაგრამ თურმე რამდენიმე წლის წინ თბილისის “მერანის” შემადგენლობაში ერთი ოფიციალური მატჩი ჩაუტარებია.


ირაკლის განვლილ საფეხბურთო გზასა და უახლოეს მიზნებზე ვესაუბრეთ.

 

- ოჩამჩირეში ვარ

დაბადებული, მაგრამ ჩემი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ ჩემს ოჯახს აფხაზეთის დატოვება მოუწია და სენაკში დავსახლდით. რეგიონულ ლიგაში ამ ქალაქის გუნდის შემადგენლობაში ვთამაშობდი და ზუგდიდშიც იქიდან მოვხვდი. ჩემი პირველი მწვრთნელები გურამ ჩიქობავა და არველოდი დანელია არიან. მათ ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

- როგორ აღმოჩნდი “ბაიაში”?
- სენაკში წარმატებით ვთამაშობდი. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში რეგიონულ ლიგაში 14 მატჩი ჩავატარე და 32 გოლი გავიტანე. თურმე ჩემს თამაშს “ბაიას” მწვრთნელები სისტემატურად აკვირდებოდნენ და ამიტომაც გუნდში ყოველგვარი სინჯების გარეშე ჩამრიცხეს. ელგუჯა ქომეთიანსა და “ბაიას” ხელმძღვანელობას ასეთი ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი და შევეცდები, იმედები წარმატებული თამაშითა და გოლებით გავუმართლო. ახლა კარიერაში შედეგიანი პერიოდი მაქვს. არადა, ამ ცოტა ხნის წინ მცირე ხნით ფეხბურთისთვის ცოტა ხნით თავიც მქონდა დანებებული, რადგან მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივა არ მქონდა და ძლიერი გუნდები ჩემს სამსახურზე უარს ამბობდნენ.

- სენაკის გარდა ზუგდიდამდე არსად გითამაშია?
- ცოტა ხნით ვიყავი თბილისის “მერანსა” და 35-ე საფეხბურთო სკოლაში. ოჯახური პრობლემების გამო დედაქალაქში დარჩენა ვეღარ შევძელი და სენაკში დავბრუნდი.

- შენი თამაშის შემხედვარე ვერავინ იფიქრებს, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება არ გაქვს.
- ვფიქრობ, სულით ძლიერი ადამიანი ვარ და პასუხისმგებლობის არ მეშინია. ყოველგვარი აღელვების გარეშე ვაკეთებ ჩემს საქმეს და მიხარია, რომ უმაღლეს ლიგაშიც გამომდის თამაში. რა თქმა უნდა, აქ სულ სხვა დონეა, მაგრამ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ახალ გარემოს იოლად შევეგუე.

- საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყვი?
- სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს, შრომა არ მეზარება და შევეცდები, ყველა კომპონენტში პროგრესს მივაღწიო. რაც შეეხება პლუსებს, კარგად ვთამაშობ თავით, დარტყმაც ნორმალური მაქვს და საგოლე ალღოსაც არ ვუჩივი. მთელი კარიერის განმავლობაში სულ თავდასხმაში ვთამაშობ და ალბათ სწორედ ამიტომ ჩამომიყალიბდა ეს თვისებები.

- რომელიმე ასაკობრივი ნაკრების კანდიდატი თუ ყოფილხარ?
- რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს გერმანელი ჰერბერტ ცანკერი წვრთნიდა, სინჯებზე მიმიწვიეს და გუნდში დამკვიდრების შანსიც მქონდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, იძულებული გავხდი, თბილისიდან წავსულიყავი და ნაკრებში მოხვედრის შანსიც დავკარგე. მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდე და თუ დავიმსახურე, ალბათ შანსიც მომეცემა.

- ამის გარდა, კიდევ რა მიზნები გაქვს?
- მინდა, “ბაიას” მაისურით რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დავეხმარო. შევეცდები, “ბაიას” დიდი სარგებლობა მოვუტანო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში კი, რაღა თქმა უნდა, კარიერის ძლიერ ლიგაში გაგრძელებაზე ვოცნებობ.

 

მკითხველის კომენტარები / 11 /
მესმა იშოვა ფული, შეიღება თმა და წვერი და გაბანძდა, აბა ის კარგი იყო წინა თამაშში სუარესი ძროხასავით, რომ წამოწვა და პენალი ჩაიაფერისტა.
კოტე
12:39 17-08-2017
2
და თუ რამე არ მოგწონს სხვა საქმეს მიხედე
kristi
15:24 25-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული