თურქული შეკრების შემდეგ დინამოელები აჭარის მთავარი ქალაქის სარაგბო მოედანზე ვარჯიშობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ითამაშებდნენ. მაგრამ მოულოდნელად გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა - მორაგბეთა სპორტული კომპლექსის მთავარ სარბიელზე ბალახის საფარი ახალი დაგებულია, ჯერ არ "შეხორცებულა" და თამაშებისთვის მზად არ არის.
რაც შეეხება კომპლექსის მეორე მოედანს, იქ ხელოვნური ხალიჩაა და ერთი შეხედვით, წვრილმანი დაბრკოლებაა - მოედანი საფეხბურთო პარამეტრებითაა
ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ საკითხი მალე მოგვარდება. პრობლემებში ჩვენს გარკვევას გუნდის კაპიტანი თემურ შონია შეეცადა:
"კუნთი დაჭიმული მაქვს და ტკივილები სულ მაწუხებს. მიზეზი ისაა, რომ ბოლო ერთ კვირაში სამ მოედანზე ვითამაშე და ვივარჯიშე - ქობულეთში, გორში და ბათუმის სარაგბო მოედანზე. საფარის ასეთ ცვლაზე ორგანიზმი ცუდად რეაგირებს და კუნთებზეც საშინლად მოქმედებს.
მე გამონაკლისი არ ვარ, დიდი ხანია, ჩვენი გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ თამაშობს, რადგან უხარისხო საფარზე ტრავმიანობის რისკი დიდია, ხან ვინ ისვენებს და ხან ვინ. მორაგბეთა სტადიონზე კი უკეთესი საფარია, ვიდრე - "ჩელე არენაზე". ისიც შეღავათი იქნება, ერთ მოედანზე რომ ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ, ამით ტრავმებს ავირიდებთ. კარგ საფარზე თამაში მეტოქისთვისაც სასიამოვნო იქნება და მაყურებელიც უკეთესი ფეხბურთს იხილავს.
ველოდებით, რომ რაგბის სტადიონზე თამაშის უფლებას დაგვრთავენ, თორემ გუნდის ასეთი ყოფა უკვე აუტანელია", - ამბობს შონია.
"ლელო" გიორგი ქავთარაძესაც ელაპარაკა:
"გვეგონა, რომ მესამე ტურში "სამტრედიას" ბათუმში მივიღებდით, მაგრამ იმედი გადაგვეწურა. ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს.
მესამე წელია, რაც გუნდში ვარ, უსტადიონო და უბაზო გუნდმა ევროპის ლიგის საგზური მეორედ მოვიპოვეთ და თანადგომის იმედი გვქონდა. ბათუმში ფეხბურთი ყველას უყვარს, მაგრამ საქმით ეს არ ჩანს. სადაა დაპირებული სტადიონი და ბაზა?
ახლა თქვეს, რომ ანგისას ბაზაზე მორიგი ტენდერი გაიმართა და გამარჯვებულიც გამოვლინდაო. მაგრამ სანამ საქმე არ გაკეთდება, მანამდე დაჯერება გამიჭირდება.
ისევ ჩვენი მეგობრების, მორაგბეების თანადგომის იმედად ვართ. მათთან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ჩვენი სატკივარი გულთან ახლოს მიიტანეს, გაჭირვებაში გვერდში დაგვიდგნენ და თავის ბაზაზე ვარჯიშის საშუალება მოგვცეს. იცით, ამით რამდენი პრობლემა ავიცილეთ? ყოველდღე ქობულეთში სიარული და უკან გამობრუნება მეტისმეტად დამღლელია.
იმედია, ბათუმელი მორაგბეები ოფიციალური თამაშის გამართვისა და საკუთარ ქალაქში თამაშის საშუალებასაც მოგვცემენ".
ბათუმელთა შემტევი ნახევარმცველი "სამტრედიასთან" შეხვედრაზეც გველაპარაკა:
"ეს ისეთი მატჩია, რომელსაც გუნდში დიდი იმედით ველოდებით. ჩემპიონთან თამაში დიდი სტიმულია და მასთან უნდა დავამტკიცოთ, თუ რამე შეგვიძლია. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია.
ერთი პრობლემა ისევ და ისევ ქობულეთის სტადიონის საფარია - უკვე იქ გასვლაც კი მძაბავს. სხვათა შორის, ჩვენმა ლეგიონერმა კვასოვმა გორში კარგად ითამაშა, მაგრამ თასზე "კოლხეთთან" ქობულეთში მოძრაობა გაუჭირდა. იქ პირველად თამაშობდა და საფარის დანახვაზე გაოცებული დარჩა, მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!".
მაგრამ ამ დაბრკოლებასაც უნდა მოვუაროთ და იმედია, 3 ქულას მოვიპოვებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამდენი ფედერაცია შეიცვალა,ვინმეს თავში რატომ არ მოუვიდა,რომ აუდიტი შევიდეს,კარმუშკა ისეთია,რომ მიდიან ფედერაციაში,სულ ჰკიდიათ გაფლანგული თანხვბები და თვითონ იწყებენ ჭამას