12:55 06-04-2017
საბურთალო-სამტრედია 1:2 - რიგითზე უფრო ფასეული გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
მოლოდინი გამართლდა - "მიხეილ მესხზე" დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ. ეს იყო ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმისგან შემდგარი მატჩი.
პირველ ნახევარში თბილისელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ და უპირატესობასაც ფლობდნენ. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებს შეეძლოთ შეხვედრის ბედი პირველ 45 წუთშივე გადაეწყვიტათ, მაგრამ ყველა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც.
თამაშის ბედი 46-ე წუთზე მომხდარმა ამბავმა გადაწყვიტა. მასპინძლებისთვის მეორე ტაიმი კატასტროფულად დაიწყო - არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მოედნიდან ელვინ ტერა გააძევა. ამით სამტრედიელებმა უმალ ისარგებლეს და თემურ მარკოზაშვილმა ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ "სამტრედია" გამოცოცხლდა და ის ფეხბურთი აჩვენა, რასაც მისგან ველოდით. ჩემპიონს გამარჯვება დავით ჩაგელიშვილის გოლმა მოუტანა, რომელმაც ამ გუნდის მაისურით პირველად გაიტანა და, საერთოდაც, კარგადაც ითამაშა. სამტრედიელ თავდამსხმელს ასისტენტობა ასევე ახალწვეულმა გიორგი ბერიაშვილმა გაუწია. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს თავის გამოჩენა თავადაც შეეძლო, მაგრამ საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლა.
"საბურთალომ" საკუთარ თავს არ უღალატა და მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლული იყო, მაინც უტევდა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა. თუმცა, ამავდროულად, დაცვაც მოაშიშვლა და სტუმრებს ამით სარგებლობა შეეძლოთ.
მიმდინარე სეზონში "სამტრედიამ" მეორედ მოიგო და მეორედაც - გასვლაზე, მაგრამ ეს 3 ქულა გია ცეცაძის გუნდისთვის გაცილებით ფასეული იყო, ვიდრე ერთი რიგითი მოგება.
ეროვნული ლიგა. V ტური
05.04. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-სამტრედია 1:2
გოლები: 1:0 ვაგნერი (27. შინდაგორიძის პასით), 1:1 მარკოზაშვილი (46. რაჟამაშვილის პასით), 1:2 ჩაგელიშვილი (56. ბერიაშვილის პასით)
საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - ტერა, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - ხარაიშვილი, მამუჩაშვილი, არზიანი (58. სოფრომოაძე) - გონსალვესი (64. კოხრეიძე), შინდაგორიძე (51. ალთუნაშვილი), იმნაძე.
სათადარიგოები: გოშაძე, ფანცულაია, ბიძინაშვილი, ფიფია
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი (82. სუხომლინოვი), სანდოხაძე, კასრაძე, ახალაძე - დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი - ჯიქია (90+2. მთივლიშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (46. ბერიაშვილი) - ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ა. ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: ტერა (16), ახალაძე (58), სანდოხაძე (64), ბერიაშვილი (65), კასრაძე (82)
გაძევება: ტერა (46. მეორე გაფრთხილება)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
მატჩის სტენოგრამა
13' - არზიანის მშვენიერი გადაცემა საჯარიმოში ხარაიშვილის მისამართით. "საბურთალოს" კაპიტანი კარისკენ შემოტრიალდა, მაგრამ დარტყმა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, შეტევაში ჩართული ლაკვეხელიანი მოძებნა, რომლის სახიფათო დარტყმაც კარს ასცდა.
14' - ხარაიშვილის "სტანდარტულის" შემდეგ კარის წინ კარგად გაიხსნა იმნაძე, რომელსაც ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მეკარე მიგინეიშვილმა თავისიანები რეალური გოლისგან იხსნა.
17' - "საბურთალოს" კიდევ ერთი მომენტი: ტერამ გადაცემა ჩაჭრა და ეფექტური შეტევა დაიწყო, საჯარიმოსთან მოძებნა შინდაგორიძე, რომელმაც ძლიერად დაარტყა. მიგინეიშვილი ბურთს ბოლო მომენტშიღა შესწვდა და სტუმრები კარის ხარიხამ იხსნა!
27' - გოლი! ხარაიშვილმა მოედნის ცენტრთან ბურთი მჭედლიშვილს აართვა და შინდაგორიძე მოძებნა, რომელმაც შეტევა ვაგნერს გაუგრძელა და ბრაზილიელმა 20 მეტრიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0!
27' - კარის წინ მარტოდ დარჩენილ შინდაგორიძეს სანდოხაძე ფეხებში ჩაუწვა და სტუმრები რეალური ხიფათისგან იხსნა.
34' - ჯიქიამ კარგი პოზიციიდან ბადე მხოლოდ გარედან შეარხია.
46' - ჯიქიამ ტერას ცენტრში აართვა ბურთი. შეტევის შესაჩერებლად, საბურთალოელმა მეტოქე ხელით შეაჩერა, არბიტრისგან კი მეორე ყვითელი და უმალ წითელი ბარათი იხილა.
46' - გოლი! წინა ეპიზოდისთვის დანიშნული ჯარიმა დათუნაიშვილმა რაჟამაშვილს გაუთამაშა, ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კი 5 მეტრიდან თავურით კარში მარკოზაშვილმა გაგზავნა - 1:1!
50' - დათუნაიშვილის დარტყმის შემდეგ მეკარე კუპატაძემ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.
56' - გოლი! ახალაძის ჩაწოდების შემდეგ ბერიაშვილმა ჩაგელიშვილს ბურთი მკერდით დაუგდო, ამ უკანასკნელმა კი მცველი დააწვინა და ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:2!
74' - რაჟამაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ბერიაშვილი, რომელმაც დარტყმას მეტოქის გაცურება ამჯობინა და რეალური საგოლე მომენტი მამუჩაშვილმა განმუხტა.
90+1' - "სამტრედიას" მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ რაჟამაშვილმა და ჩაგელიშვილმა რეალური მომენტი გაანიავეს.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 4
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 3
გ. ჯანელიძე (ჩიხურა) 3
მ. კოვტალიუკი (ჩიხურა) 3
მომდევნო ტური
8 აპრილი
შუქურა-ლოკომოტივი 14:00
დილა-კოლხეთი 16:00
9 აპრილი
სამტრედია-ტორპედო 14:00
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 16:00
ჩიხურა-საბურთალო 20:00.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აცადეთ ცეცაძეს და დააყენებს ისევ გუნდს.. არის მიტქმა მოთქმა ცეცაძის ბრალიაოო.. რა შუაშია ცეცა???ფულის გადახდა არ უნდათ და რაც გადაიხადეს ის ფეხბურტელი მოიყვანა ცეცამ...და რაა გააკეტოს მაგატ მაგივრათ ხოვერ ითამასებს... მიზეზები ედძებეთ გუნდის მესვეურებთან და არა ცეცასტან...
0
0
არც ცეცაძე და არც ჩხეტიანი დამნაშავები არ არიან.ფული არ აქვთ რომ კარგი ფეხბურთელები ჩამოიყვანონ და გუნდები გააძლიერონ!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული