დილა-კოლხეთი 1:1 - ზესტაფონში სოსიაშვილი ახსენეს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზესტაფონს გუნდი აღარ ჰყავს უმაღლეს ლიგაში, თუმცა იქ ხშირად იმართება ჩვენი უძლიერესი ლიგის შეხვედრები. ეგაა, მაყურებელი არ ჩანს - შაბათის მატჩსაც ასზე ცოტა მეტი ქომაგი დაესწრო.

მთლიანობაში, ისეთი თამაში იყო, ფრეს სამართლიანი შედეგი რომ ეთქმის. ეგაა, გელა სანაიას გაწვრთნილ გუნდს უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი უფრო ცივსისხლიანად რომ შეესრულებინა, ვინძლო, გამარჯვება სწორედ მას დარჩენოდა, მაგრამ გიორგი ჯანელიძემ, წლეულს ერთობ კარგ სეზონს რომ ატარებს, ძალზე არაზუსტად დაარტყა 11-მეტრიანი...

ფოთელებს ძალიან საინტერესო ლეგიონერები ჰყავთ. განსაკუთრებით - ბუბაქარ დაფე და მიკოლა კოვტალიუკი, ვინც კიდევ ერთი
გოლი მიუმატა ქართულ აქტივს. კარგა ხანია, საქართველოს ჩემპიონატში არ ყოფილა ასეთი მებრძოლი, თავდაუზოგავი და აგრესიული ფორვარდი, ვინც, სულ მცირე, ორი ფეხბურთელის საქმეს აკეთებს.

გორელთა რიგებში კი კვლავ აშკარად გამორჩეული იყო ბრაზილიელი ფლანგელი ლეანდრო რიბეირო. მართალია, მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა "დილასთვის", რომელიც ჯერაც ვერ დალაგდა და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ლეგიონერებს კვლავაც უდგათ საქართველოს ჩემპიონატთან ადაპტაციის პრობლემა...

ასეა თუ ისე, საქართველოს კვალობაზე "დილამ" საკმაოდ ხმაურიანი სატრანსფერო კამპანია ჩაატარა, მოიყვანა უცხოელი მწვრთნელი, გულშემატკივარი კი ელის შედეგს. ალბათ, ამიტომაც იყო, მატჩის ბოლოს გორელი გულშემატკივრები უჩა სოსიაშვილის გვარ-სახელს რომ სკანდირებდნენ, მწვრთნელისა, რომელსაც "დილას" ბოლოდროინდელი წარმატებები უკავშირდება...

მისაბაძი საქმე და ლეანდრო რიბეირო
არაერთხელ დაგვიწერია, რომ თუ ჩვენი კლუბების ხელმძღვანელები ნორმალურ ლეგიონერებს მოიზიდავენ, ჩვენი ჩემპიონატის დონე მოიმატებს. თუ საქმის არსი კარგად იცი, ასეთი ლეგიონერების მოზიდვას "ოქროს მთები" საერთოდ არ სჭირდება. ამის ნათელი მაგალითია ფოთის "კოლხეთი".

აშკარაა, სენეგალელი დაფე და უკრაინელი კოვტალიუკი ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ძალიან უხდებიან საქართველოს ჩემპიონატს. აქვე უნდა ვახსენოთ გორელთა ბრაზილიელი შემტევი ლეონარდო რიბეირო, ვინც საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეთაგან უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეულია.

ფაქტია: თუ ბევრი ასეთი ფეხბურთელი არ გამოჩნდა ჩვენს პირველობაზე, ისე პროგრესის მიღწევა ძალიან გაჭირდება.

მატჩის სტენოგრამა
3' - ლეანდროს დარტყმის შემდეგ ბურთი ფოთელთა კარის ძელმა აისხლიტა.
7' - ბოლქვაძის ჯარიმა გორელთა კარს სცდება.
10' - აბუბაქარს მეკარე შერმადინმა არ გაატანინა.
12' - კირკიტაძის ჩაწოდება და ტარავალეს არაზუსტი თავური.
20' - 0:1! ფოთელთა კონტრშეტევა ჯანელიძემ დაიწყო. დაფეს მშვენიერი გარღვევა და კოვტალიუკის გოლი.
24' - 1:1! პაპავას შორეული დარტყმა და ფოთელთა კარის ძელი, დამატებაზე კი ტარავალეს გააქვს.
43' - კერძევაძის დარტყმის შემდეგ "დილა" მეკარე მუჯრიშვილმა იხსნა.
47' - ტარავალეს ეშმაკური თავური და შერმადინი ადგილზეა.
51' - ბოლქვაძის ჩაწოდება და ვარლამ კილასონიას თავური. ბურთს ისევ შერმადინი ეუფლება.
57' - ჟიშკარიანი მუჯრიშვილთან პირისპირ რჩება, თუმცა მეკარის მოტყუებას ცდილობს და შანსს ფლანგავს.
67' - მახვილი კუთხიდან ჟიშკარიანის დარტყმულს მუჯრიშვილი იგერიებს.
83' - კირკიტაძის მიერ კორობკას წაქცევისთვის გორელთა კარში დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ჯანელიძემ კარს ზემოდან გადააცილა.
90' - ლეანდრომ შორეულ კუთხეში "მოჭრა" ბურთი, რომელიც შერმადინმა თავგანწირული ნახტომით კუთხურზე მოიგერია.

ეროვნული ლიგა. VI ტური
08.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
დილა-კოლხეთი 1:1
გოლები: 0:1 კოვტალიუკი (20), 1:1 ტარავალე (24)
გამოუყენებელი პენალტი: ჯანელიძე (83)
დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - ეტუ, აბუბაქარი, კვახაძე, გაგოშიძე (54. ფოფხაძე) - ლეანდრო, ძარია, პაპავა (46. ნონიკაშვილი), რაზმაძე, კირკიტაძე - ტარავალე (74. ფლავიო ნუბიო).
სათადარიგოები: ხაინდრავა, მაჩაიძე, ქარქუზაშვილი, მათიაშვილი
მწვრთნელი: ზივ არიე
კოლხეთი (4-5-1): შერმადინი - გოგონაია, ვ. კილასონია, გ. კილასონია, ქებურია - ჟიშკარიანი (68. კორობკა), ბოლქვაძე (79. ენდელაძე), შ. კერძევაძე, ჯანელიძე, დაფე (72. ლ. კაკულია) - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: ხოფერია, ლუკავა, შალიკაშვილი, კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ბოლქვაძე (36), გაგოშიძე (49), ეტუ (52), ლეანდრო (79), ჯანელიძე (85), კერძევაძე (88)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

მომდევნო ტური
12 აპრილი
ლოკომოტივი-დილა

13 აპრილი
კოლხეთი-სამტრედია
დინამო (თბ)-შუქურა
საბურთალო-დინამო (ბთ)
ტორპედო-ჩიხურა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 6
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული