საბურთალო-დინამო(ბთ) 2:0 - "ჯოკერმა" ისევ გაჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ შეხვედრაში "საბურთალოს" კაპიტანი და ლიდერი გიორგი ხარაიშვილი ვერ ეხმარებოდა, რომელიც თამაშისწინა ვარჯიშზე დაშავდა. ანალოგიური მიზეზით ბათუმელთა რიგებში გამოცდილი დავით კვირკველია ვერ ვიხილეთ, ხოლო თორნიკე თარხნიშვილი დისკვალიფიცირებული გახლდათ.

თამაშის დასაწყისი საკმაოდ უფერული გამოდგა, მეტოქეები დიდხანს ფრთხილად თამაშობდნენ და შეტევას ვერ ამწვავებდნენ, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. 15 წუთი ისე მიილია, არათუ რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა, კარში ერთხელაც ვერ დაურტყამთ.

მერე კი თამაში გახურდა და შანსები მასპინძლებსაც შეექმნათ და ბათუმელებსაც, მაგრამ "საბურთალომ" უფრო მწვავედ შეუტია და ანგარიშიც გახსნა.

მეორე ტაიმში
თბილისელები უფრო მინდომებულები იყვნენ და ამან სასურველი შედეგიც გამოიღო. "საბურთალოს" მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა თავისი "ჯოკერი" გიორგი კოხრეიძე კიდევ ერთხელ გამოაჩინა და ჭაბუკმა ფეხბურთელმა საქმე კვლავ ჩინებულად გააკეთა. 18 წლის ფლანგის შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე შესვლისთანავე გაიტანა - ეს მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ(!) ხდება.

19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი თამაშით ამტკიცებს, რომ მისი სახით ძალიან საინტერესო და სასარგებლო ფეხბურთელი გვეზრდება. სწრაფია, ბურთს არასოდეს აყოვნებს და თუ შანსი აქვს, პირდაპირ კარში ურტყამს.

ბათუმელები მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოფხიზლდნენ. მათ ბევრი ვერაფერი შექმნეს, მაგრამ რაც შექმნეს, იმითაც ვერ ისარგებლეს და დაკარგულის დაბრუნებას რომ შეეცადნენ, უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა.

მატჩის სტენოგრამა
18' - "საბურთალოს" რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა. არზიანმა მშვენიერი გადაცემით მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი ტერა შენიშნა, მისგანაც საგოლე გადაცემას კი კარის წინ მარტო დარჩენილი იმნაძე ელოდა, მაგრამ კენიელმა ცუდად ჩააწოდა და მშვენიერი შანსი დაიკარგა.
23' - ბათუმელთა რეალური საგოლე მომენტი: გელა გოგიტიძემ კენედი მოძებნა, რომელიც "საბურთალოს" მცველებმა კარის წინ უმეთვალყუროდ დატოვეს, მაგრამ სტუმართა ნახევარმცველი ახლო მანძილიდან სუსტი თავურით მეკარე კუპატაძესთან ვერაფერს გახდა.
26' - თბილისელთა რეალური საგოლე მომენტი: მამუჩაშვილმა ფლანგზე შეტევა "მოჭრილი" პასით ტერას გაუგრძელა, რომელმაც ბიძინაშვილს გადააწოდა, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა 10-ოდე მეტრიდან კარს ააცილა!
28' - გოლი! ბიძინაშვილმა მაინც გაიტანა. ვაგნერმა მჭიდრო დაცვაში ხვრელი მოძებნა, ბიძინაშვილი მეკარესთან მარტო დატოვა და უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი "ცხრიანში" მოხვდა - 1:0.
38' - გატანა მგელაძესაც შეეძლო! ჟოვინიო ფლამარიონმა ჯარიმა შეასრულა, შეტევაში ბათუმელთა ცენტრალური მცველი ჩაერთო და კარის წინ მარტო დარჩენილმა გატანა ახლო მანძილიდან სცადა, მაგრამ მიზანს ააცილა.
47' - ვაგნერმა საჯარიმოსთან შინდაგორაძეს "სამკუთხედი" გაუთამაშა და მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ დააყოვნა, ტიმოფეევისა და მცველის მოტყუება სცადა და ბურთი ხომ დაკარგა, საგოლე მომენტიც გაანიავა.
52' - ისევ მგელაძე! კუთხურიდან ბურთი თევდორაძემ ჩააწოდა, "მეორე სართულზე" ბათუმელთა მცველმა მეტოქეს აჯობა და კარში დაარტყა. კუპატაძემ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.
60' - გოლი! კოხრეიძემ ბურთი დაკარგა, მაგრამ იბრძოლა, დაიბრუნა და როცა მისგან გადაცემას ელოდნენ, საჯარიმოს ხაზიდან მოულოდნელად ძლიერად დაცხო და ლამაზი გოლით "საბურთალოს" უპირატესობა გაზარდა - 2:0.
72' - კენედიმ ბურთი ფონიავას გაუთამაშა, მან კი ნიგერიელი ნახევარმცველი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ცნობილაძემ "საბურთალოს" რეალური ხიფათი ააცილა.
86' - თევდორაძემ კუთხური შეასრულა, საჯარიმოში ქავთარაძემ მცველს დაასწრო და თავით ანგარიშის შემცირება სცადა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.

ეროვნული ლიგა. VII ტური
13.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
საბურთალო-დინამო(ბთ) 2:0
გოლები: 1:0 ბიძინაშვილი (28. ვაგნერის პასით), 2:0 კოხრეიძე (60)
საბურთალო (3-4-3): კუპატაძე - მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - ტერა (79. მალი), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, არზიანი (69. ალთუნაშვილი) - ვაგნერი, შინდაგორიძე, იმნაძე (59. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ფანცულაია, ფიფია, ჩოგაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დინამო ბთ (4-2-3-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი - შონია, კენედი - ტვილდიანი (46. თევდორაძე), გ. ქავთარაძე, ფლამარიონი (63. ფონიავა) - კვასოვი (69. კვანტალიანი).
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, ქორიძე, ვარშანიძე, კეკუა
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: გ. ქავთარაძე (25)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5

მომდევნო ტური
21 აპრილი
შუქურა-დილა
ჩიხურა-კოლხეთი

22 აპრილი
სამტრედია-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-ტორპედო

23 აპრილი
დინამო (თბ)-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული