- ტორპედო-დინამო (თბ) 0:2 - დინამიკური კლასიკო [VIDEO]
მატჩი WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ გახსნა, რომელსაც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მართლაც შესანიშნავი დახვედრა მოუწყო. აღსანიშნავია, რომ ხურციძის მატჩზე მოწვევა ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" ინიციატივა იყო და ისინი მას შესაფერისი ბანერითაც დახვდნენ. ხურციძემ გულშემატკივარი ცოტა გაახალისა და მატჩიც დაიწყო...
- როგორ გახსნა ავთანდილ ხურციძემ "ქართული კლასიკო" [VIDEO]
აუცილებლად უნდა
არაა ახალი ამბავი, რომ ამდენი გულშემატკივრის წინ ფეხბურთის თამაში ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა. ერთი ეგაა: ქუთაისში ძალიან ცხელოდა და აშკარა იყო, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფეხბურთელებსაც ხელს უშლიდა. მეორე ტაიმში, როცა მზე გადავიდა, გულშემატკივარმა ნამდვილი სანახაობა იხილა - ორმხრივი შეტევები, მეკარეთა "სეივები", ხარიხა...
გავიგეთ, რომ მასპინძელ კლუბს მატჩის ჩატარება 20:00 საათზე, განათებულ სტადიონზე სურდა, თუმცა "პირველი არხის" თხოვნით, თამაში 17:30-ზე დაინიშნა. ამ ყველაფერმა კი ფეხბურთელებსაც ავნო, გულშემატკივარსაც და ვერც იმას ვიტყვით, რომ ტრანსლაცია იყო დიდად კარგი. ამიტომ სჯობს კლუბებმა, რომლებსაც სტადიონზე განათების პრობლემა არ აქვთ, საღამოს ითამაშონ. ასე ბევრად უკეთესი იქნება.
ალბათ, ტელერეპორტაჟსა და სავსე სტადიონს შორის არჩევანის გაკეთება ამ უკანასკნელზე სჯობდა. დიდი ალბათობით, 20:00 საათზე რომ ყოფილიყო მატჩი, სტადიონიც გაივსებოდა და მატჩიც იმაზე დაძაბული გამოდგებოდა, ვიდრე იყო. განა, ყველა ტურში გვაქვს ფუფუნება, სავსე სტადიონი ვიხილოთ?!
იდეალურ მდგომარეობაში იყო მოედნის საფარი. აშკარაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ამ კუთხით კარგად იმუშავა. მატჩს სფფ-ის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო და ფეხბურთელებისთვის თავის გამოსაჩენად ესეც ერთგვარი მოტივაცია იყო.
მაგრამ...
ჟურნალისტებს პრესლოჟაში არც სკამები დაგვხვდა, არც ინტერნეტი იყო და არც დენი. მართალია, შემდეგ, როცა ეს ყოველივე მოვითხოვეთ, მივიღეთ კიდეც, თუმცა მანამდე საინტერესო პასუხიც მოვისმინეთ: "რაღა ახლა მოგინდათ ყველას მოსვლა?!"
ბატონებო, ნამდვილად არ ვიცი, დადის თუ არა ადგილობრივი მედია "ტორპედოს" ყველა თამაშზე, მაგრამ კლუბს, რომელსაც ჩემპიონობის ამბიცია გააჩნია, რომელსაც ზაფხულში ევროტურნირები ელის, ელემენტარულად, პრესლოჟა კარგ მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს. კლუბი ყველა მატჩში მზად უნდა იყოს ჟურნალისტების მასპინძლობისთვის. სირცხვილია, 2017 წელს ამის წერა რომ გვიწევს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ზაფხულში ამ სტადიონზე უცხოელებიც გვესტუმრებიან და მათთან მაინც ნუ შევირცხვენთ თავს!
მეორე ტაიმში მოედანზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შემოვარდა. ის ჯერ სტადიონის ერთ ბოლოში გაიქცა, შემდეგ მოედნის ცენტრში დაბრუნდა და როგორც ჩანს, მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ქუთაისელთა მეკარე როინ კვასხვაძეს გამოელაპარაკა, თბილისის "დინამოს" ფანკლუბთან მივიდა, ისინი არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენია, დაბოლოს, "ტორპედოს" ფანკლუბთანაც მიირბინა... ამ ყველაფერში მას ხელი ვერავინ შეუშალა.
რატომ ვერ უზრუნველყო მასპინძელმა კლუბმა უსაფრთხოების საკითხი?
არადა, "ტორპედო"-"დინამოს" წარსულმა დაპირისპირებებმა არაერთხელ გვაჩვენა, რომ მკაცრი ზომებია საჭირო. სად იყვნენ წესრიგის დამცველები, რომლებიც მაშინვე გაიყვანდნენ მოედნიდან გულშემატკივარს?
თუმცა, რაღა წარსულს მივადგეთ... მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივართა შორის ქალაქში მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, რომელიც, საბედნიეროდ, პოლიციელთა მეშვეობით მალევე განიმუხტა.
ევროტურნირების წინ ჟურნალისტების ასეთი "მასპინძლობა" და უსაფრთხოებაზე ზრუნვის ასეთი მეთოდები, ცოტა არ იყოს და, შემაშფოთებელია...
ამასობაში შევიტყვეთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გასაყიდად ამ კვირაში გამოვა, მყიდველი კი მხოლოდ ერთია - ზაალ ჩაჩავა. საბოლოო ფასი კი - 580 000 ლარი.
ბოლოს კი, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თბილისის "დინამოს", რომელმაც ქუთაისიდან თბილისში ჟურნალისტების ტრანსპორტირება უზრუნველყო. მთლიანობაში კი, ვისურვებდით, საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ასეთი დაძაბული, სანახაობრივი მატჩი იყოს. ჩემპიონატის დონე ასეთი თამაშებით გაიზრდება.