როგორც ვწერდით, "სამტრედია" ამ ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და აქვე შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძის გუნდი განუთესავთა შორის იქნება და 17 განთესილიდან ერთ-ერთს შეხვდება, ამათ შორის კი ძლიერი გუნდები არიან: "სელტიკი" (შოტლანდია), "კოპენჰაგენი" (დანია), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), ბატე (ბელორუსი), "მარიბორი" (სლოვენია), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "მალმიო" (შვედეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "რუსენბორგი" (ნორვეგია), "ჰაპოელ ბეერ-შევა" (ისრაელი)... ასევე, სლოვაკეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ხორვატიისა და სერბეთის ჩემპიონები
ცხადია, ასეთ გუნდებთან ღირსეულ დაპირისპირებას შესაბამისი კადრები დასჭირდება. ამ მიზნით ჩამოიყვანეს "სამტრედიაში" მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი, პერმის "ამკარის" დუბლშემადგენლობის ყოფილი კაპიტანი, 27 წლის მარჯვენა ნახევარმცველი კონსტანტინ ბელოვი, რომელიც უკვე გაგაცანით...
- "სამტრედიამ" 27 წლის რუსი ნახევარმცველი დაიმატა
მაგრამ საქართველოს ჩემპიონის საკადრო სიახლეები ამით არ დასრულებულა. შევიტყვეთ, რომ "სამტრედიაში" გუშინ განელი თავდამსხმელი სადათ ბუკარიც ჩაიყვანეს, რომელიც თავისი ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ.
თავის დროზე, ის ლონდონის "ვესტ ჰემის" ასაკობრივ გუნდში იყო, მერე - იერუსალიმის "ბეითარის" 18-წლამდელებში.
ამის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. ბუკარის ტრანსფერი ტუნისის "ეტუალ დუ საჰელმა" შეისყიდა. 2012 წლის ზაფხულში, სადათი უკვე რუმინულ "ასტრაში" გადავიდა, ბოლოს კი ლიმასოლის "არისში" ირიცხებოდა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ ერთხელ ითამაშა. სწორედ ტრავმა გახდა კვიპროსული გუნდიდან მისი აბარგების მიზეზი.
2005 წელს, პერუში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ის განის ჭაბუკთა ნაკრების ღირსებას იცავდა. "ეტუალ დუ საჰელში" კი გახდა ტუნისის ვიცე-ჩემპიონი, აფრიკის სუპერთასისა და აფრიკის კონფედერაციის თასის მფლობელი. ქვეყნის თასის მფლობელი იყო ისრაელშიც (2010) და რუმინეთშიც (2014), ამას გარდა, იმავე წელს, რუმინეთის სუპერთასსაც დაეუფლა.
გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" განელი თავდამსხმელის პირობით სატრანსფერო ღირებულებად 1 მილიონ ევროს ასახელებს, რაც საქართველოს ჩემპიონატში რეკორდული მაჩვენებელია: საბურთალოელი გიორგი ხარაიშვილის ფასი 700 ათასი ევროა, ხოლო დინამოელი ოთარ კიტეიშვილის - 650 ათასი. თუმცა, კარიერის დასაწყისში, როდესაც სადათ ბუკარი 21 წლის იყო და აფრიკაში თამაშობდა, მისი ფასი 2 მილიონსაც აღწევდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"