შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუხედავად იმისა, რომ უხვგოლიანი მატჩი გამოვიდა, ტემპი ძალიან დაბალი იყო, მოთამაშეები ძალიან ცოტას მოძრაობდნენ და სირბილის კოლომეტრაჟით, ალბათ, ჩვენი პირველობისთვისაც კი მეტისმეტად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდებოდა...

ეს განსაკუთრებით ქობულეთელებზე ითქმის, რომელთა ინერტულობა - თუკი ორიოდე მოთამაშეს არ ჩავთვლით, პირდაპირ გასაოცარია! ძნელი სათქმელია, ვინ ან რა უშველის ამ დაშლილ და უმოტივაციო გუნდს?!

კარგი თამაში ჩაატარეს იაროსლავ კვასოვმა, პაპუნა ფონიავამ და უგუალა კენედიმ - პირველმა დუბლი შეასრულა, ხოლო ნახევარმცველებმა სასარგებლოდ ითამაშეს (განსაკუთრებით, ფონიავამ) და ანგარიშზე 2-2 საგოლე გადაცემა ჩაიწერეს.

აღსანიშნავია დებიუტანტ გიორგი არქანაიას
ეფექტური გოლი და კობა შალამბერიძის უიღბლობა: თანაგუნდელებისგან განსხვავებით, თავდამსხმელი ძალიან აქტიური იყო, მაგრამ რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

ამ შეხვედრით ორივე გუნდმა დროებითი მწვრთნელების პერიოდი დაასრულა - ბათუმელებს ამიერიდან ოდესის "ჩერნომორეცში" ნამუშევარი კონსტანტინ ფროლოვი დამოძღვრავს, ხოლო ქობულეთელებს ასევე "ჩერნომორეცში" ნათამაშები, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი შაშიაშვილი გაწვრთნის.

მატჩის სტენოგრამა
7' - გოლი! შონიამ საჯარიმოში კუტალია მოცელა და მსაჯმა დანიშნა პენალტი, რომელიც თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა - 1:0.
10' - გოლი! კენედი ფლანგზე მცველს გაექცა და კარის წინ კვასოვი მოძებნა, რომელიც მცველს დაუსხლტა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.
12' - გურულის უძლიერეს დარტყმას ტაკიძე ნახტომში იგერიებს.
28' - კვასოვის დარტყმული ძელს მოხვდა, შემდეგ კი შემთხვევით - მეკარე სტურუას და "შუქურა" აშკარა გოლს გადაურჩა!
35' - შალამბერიძის დარტყმულს მცველი გადაეფარა.
45' - ფონიავას კუთხურის შემდეგ გოგიტიძე ურტყამს და სტურუა ბურთს ისევ კუთხურზე იგერიებს.
53' - გოლი! ფონიავას ჯარიმის დროს კვასოვი მცველს უსხლტება და ახლო მანძილიდან გააქვს გოლი - 1:2!
61' - ისევ ფონიავას კუთხური და ამჯერად კენედის თავური - ოდნავ არაზუსტად.
64' - გოლი! ფონიავას პასით მეკარესთან პირისპირ რჩება ტვილდიანი და - 1:3!
65' - მცველის შეცდომა და შალამბერიძის ძლიერი დარტყმა - სტუმრები ტაკიძემ გადაარჩინა.
66' - კვლავ ტაკიძე შალამბერიძის წინააღმდეგ და კვლავ - მეკარის სასარგებლოდ!
68' - გოლი! არქანიამ ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მცველი და ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი ეფექტურად გაიტანა - 2:3!
81' - გოლი! კენედიმ გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ დატოვა გორელიშვილი, რომელმაც შანსი გოლად აქცია - 2:4!
90+2' - კვასოვს ჰეთ-თრიკის შანსი მიეცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილს მიზანმა უმტყუნა.

ეროვნული ლიგა. XIV ტური
24.05. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-დინამო(ბთ) 2:4
გოლები: 1:0 კუტალია (7-პენ), 1:1 კვასოვი (10. კენედის პასით), 1:2 კვასოვი (53. ფონიავას პასით), 1:3 ტვილდიანი (64. ფონიავას პასით), 2:3 არქანია (68), 2:4 გორელიშვილი (81. კენედის პასით)
შუქურა (4-2-3-1): ი. სტურუა - ცეცხლაძე, კალანდაძე, ჭეჟია, ჩაჩუა - ჟეფინიო (68. ჭეჭელაშვილი), მალაზონია (63. რუდნიცკი) - გურული, კლიმიაშვილი (71. არქანია), კუტალია - შალამბერიძე.
სათადარიგოები: კამინსკი, ართმელაძე, ჭანუყვაძე, კლეცკოვი
მწვრთნელი: ავთანდილ ნამგალაძე
დინამო ბთ (4-2-3-1): ტაკიძე - ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, ფარტენაძე - შონია, თარხნიშვილი - ფონიავა (73. გორელიშვილი), თევდორაძე (71. კვანტალიანი), კენედი (85. მგელაძე) - კვასოვი.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე
მწვრთნელი: ამირან მუჯირი
გაფრთხილებები: კალანდაძე (18), თარხნიშვილი (90+1)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
ი. კვასოვი (დინამო ბთ) 6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა წაიღეთ ტვინი ამ უაზრო რეკლამით კაპაროლზე და თავის მაგივრად მრიცხველიანი ქალის ვიდეოთი,საერთოდ ასეთ მარაზმზე როგორ დადიხართ რომ რაღაც უმსგავსო ვიდეო მიმოხილვას აკეთებთ და იმასაც ამადლით მკითხველს?
მერეადა ეს ვიდეო პლაგინიც ჭედავს სასწაულად.
მოკლედ სამარცხვინოები ხდებით დღითი დღე და ეგაა.
Jango
12:58 25-05-2017
0

სიახლეები პოპულარული