აბაიომი ოვონიკოკო: ჩემი მთავარი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა

AutoSharing Option
"გაგრას" 18 წლის ნიგერიელი ფორვარდის, აბაიომი ოვონიკოკოს შესაძლებლობების შესახებ აქამდეც კარგად ვიცოდით, მაგრამ საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ოვონიკოკოს საოცრად მოუმატებია. "ვიტ ჯორჯიასთან" ჩატარებულმა ბრწყინვალე მატჩმა და ორმა ეფექტურმა გოლმა გადაგვაწყვეტინა, ოვონიკოკო უფრო ახლოს გაგაცნოთ.


ქართული კარიერის დასაწყისი
იომი, როგორც მას შემოკლებით ეძახიან, "გაგრას" 2009 წლის იანვარში შეუერთდა. იგი "ბრაიტონის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. "ბრაიტონი" "გაგრას" პარტნიორია და ტრანსფერიც ამის წყალობით გაიჩარხა. დასაწყისი სულაც არ ყოფილა იოლი. ლეგიონერს ნებისმიერ ქვეყანაში იმის დამტკიცება უწევს, რომ ადგილობრივ კონკურენტს
ორი თავით აღემატება და ეს ოვონიკოკომ დიდი შრომისმოყვარეობის წყალობით შეძლო.

საქართველოში მიღწეულ წარმატებებს კი "გაგრას" ხელმძღვანელობასა და გუნდის უკრაინელ მთავარ მწვრთნელ ანატოლი პისკოვეცს უმადლის. არც თანაგუნდელთა წვლილს ივიწყებს: "უცხო გარემოში მოხვედრა ყოველთვის ძნელია, მაგრამ საქართველოში ჩამოსულთა უმეტესობა აქაურობას ძალიან სწრაფად და იოლად ეგუება. სხვანაირად შეუძლებელიცაა: აქ ხომ უშუალო და გულღია ხალხი ცხოვრობს... თანაგუნდელები ყველა წვრილმანი პრობლემის დაძლევაში მომეხმარნენ, კლუბის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი საცხოვრებელი პირობები შემიქმნა, პისკოვეცი კი ოსტატობის დახვეწაში დამეხმარა, მასწავლა სწორად თამაში და მომცა თეორიულ-ტაქტიკური ცოდნა."


ქართველობამდე ცოტაღა დარჩა
უკვე საკმაო ხანია, რაც "გაგრას" მესვეურთა თანადგომით ოვონიკოკომ შესაბამის სტრუქტურებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა.
განაცხადის განხილვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ, როგორც "გაგრას" იურიდიული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ გვითხრა, პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დადებითი პასუხის მოლოდინიც დიდია.

"იმ სტრუქტურების თანამშრომლებისგან, რომელთაც ამ საკითხის განხილვა ევალებათ, დიდ თანადგომასა და კეთილგანწყობას ვგრძნობთ, საბოლოო გადაწყვეტილება კი, მოგეხსენებათ, ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და დიდი იმედი გვაქვს, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.

გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს თემა არა მხოლოდ ფეხბურთელისთვის არის საჭირბოროტო, მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის აქვს მნიშვნელობა. ამ ასაკის ქართველთა შორის ოვონიკოკოს დონის თავდამსხმელი ბევრი ნამდვილად არ მეგულება", - ამბობს აფხაზავა.

ოვონიკოკოსთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი დაახლოებით სამ კვირაში უნდა გადაწყდეს.


ქართველობის ორმაგი ხიბლი
ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ იომის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მხოლოდ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სათამაშოდ არ უნდა. ძალიან მალე მის საზღვრგარეთ წასვლას უნდა ველოდოთ. თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მისი შეძენა ფრანგულ და ბელგიურ კლუბებს სურდათ, მაგრამ ოვონიკოკომ ევროკავშირის ვიზა ვერ მიიღო. საქართველოს მოქალაქეობა კი მას ევროპისკენ გზას გაუხსნის. ბელგიური "გენკი" ნიგერიელს კვლავ იწვევს და დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალი სეზონიდან ოვონიკოკომ კარიერა სწორედ იქ გააგრძელოს. თუმცა მას სხვა მსურველებიც ჰყავს როგორც ევროკავშირიდან, ასევე პოსტსაბჭოთა სივრციდან.

საქართველოდან წასვლის შემთხვევაში კი იომი ჩვენი ქვეყნის დავიწყებას არ აპირებს: "საქართველომ და ქართველებმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. დიდი ფეხურთის თამაშის შანსი სწორედ აქ მომეცა და ამ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ. უბედნიერესი ვიქნები, თუ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გამომიძახებენ, მომავლისთვის კი ჩემი მთავარი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა იქნება."

მის მთავარ თვისებად შრომისმოყვარეობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას ასახელებენ. საქართველოში ორწლიანი ყოფნის განმავლობაში იომი ნიგერიაში მხოლოდ ერთხელ ჩავიდა, არადა, ყოველ შვებულებაზე კლუბი მას მგზავრობის ხარჯების დაფარვას სთავაზობდა. განტვირთვა და გართობა ყველა ფეხბურთელისთვის სასარგებლოა, მაგრამ "გაგრას" ნიგერიელი ამაშიც თავშეკავებული ყოფილა.

როგორც საქართველოში ჩამოსულ აფრიკელთა უმრავლესობამ, ქართული იომიმაც აითვისა. ლაპარაკი უჭირს, მაგრამ თითქმის ყველაფერი ესმის. ქართულზე არანაკლებად მეგრულიც ეხერხება, რომელიც "გაგრას" თანამშრომლებმა შეასწავლეს.

საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს, თავისუფალ დროს ხშირად ატარებს დინამოელ ჯუისთან და სპარტაკელ ბოიომოსთან ერთად. არ გამორიცხავს, რომ, ბოიომოს მსგავსად, ცოლად ქართველი შეირთოს...


ბრძოლა ქართული ტიტულისთვის
სანამ კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებდეს, ოვონიკოკოს საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი აქვს საბრძოლი - "გაგრას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს და თასის ფინალში თითქმის გასულ გუნდთან ერთად პირველი ქართული ტიტულის მოგება სცადოს: "უბედნიერესი ვიქნები, თუ თასის მოპოვებასა და ევროთასებზე გასვლაში ჩემს წვლილს შევიტან. სეზონს ძალიან მაღალ დონეზე ვატარებთ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასაც სულ მალე გავიფორმებთ და თასის ფინალთანაც ახლოს ვართ. უმაღლესის საგზური ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მაგრამ თასზე წარმატებასაც ვგეგმავდით და ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ტურნირზე წინ რომ მივიწევთ."

"ვიტ ჯორჯიასთან" გამარჯვებაში საკუთარ წვლილს კი მოკრძალებით აფასებს: "ვიცი, რომ ჩემმა გოლებმა მატჩის შედეგი განაპირობა, მაგრამ თანაგუნდელების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. გოლები მთელი გუნდის დამსახურებაა და ბიჭებს ურთიერთგაგებისთვის დიდ მადლობას ვუხდი. "გაგრა", უპირველესად, კოლექტიური თამაშითაა ძლიერი და გუნდისთვის თოთოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია."







.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ვოვა წადი რა თავი მოიკალი...
Minimal
18:15 26-04-2011
0
ვაა, რა საგიჟეთს დაემსგავსა ეს საცოდავი ქვეყანა!
წიგნებს კითხულობთ ახალგაზრდებო?
თუ მარტო ქართული ტელევიზიებით ასაზრდოებთ სულს?
თუ ქვეყანას არ ეშველა, არც ფეხბურთს ეშველება და არც სოფლის მეურნეობას.
0

სიახლეები პოპულარული