"მწვანეში" ჩაფლულ ქართულ ფეხბურთს მხარზე ეშმაკი აზის

AutoSharing Option
"საქართველოს ჩემპიონატში ჩაწყობილი თამაშები ყოველთვის იყო და ახლაც არის, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი გუნდი ამ სიბინძურეში არ მონაწილეობს", - "ლელო" უმაღლესი ლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელებს გარიგებული მატჩების თაობაზე 2007 წელს დაეკითხა და თითოეული მათგანისგან დაახლოებით ამგვარი პასუხი მიიღო.

ბუნებრივია, მათ ასეთი პასუხი ჰაერიდან არ მოუტანიათ. უხერხულ თემებზე კონკრეტულად ლაპარაკს ქართულ საფეხბურთო სამყაროში თითქმის ყველა ერიდება, ზოგადად კი, იცოცხლე, არავინ დაგზარდება ბრტყელ-ბრტყელ კომენტარებს. საქართველოს ჩემპიონატში გამეფებულ საძაგლობებზე მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს ჟურნალისტებზე გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ კონკრეტულ დამნაშავეებს არასდროს
არავინ ასახელებს - ზოგი აუტკივარ თავს არ იტკიებს, ზოგსაც კი იმის ეშინია, რომ მასაც არ გაუხსენონ ცოდვები.

ჟურნალისტებს მკითხველი ხშირად გვსაყვედურობს, რატომ არ წერთ ქართული ფეხბურთის ამა თუ იმ მანკიერებაზეო, გამსაკუთრებით ხშირად კი ქომაგი ინტერნეტ-ფორუმებიდან ეროვნული ჩემპიონატის საეჭვო მატჩებზე გვთხოვს აზრის გამოთქმას. გვერწმუნეთ, დიდი სურვილი გვაქვს, ვამხილოთ ის ხალხი, ვინც ისედაც გაჭირვებულ და წაქცეულ ქართულ ფეხბურთს წიხლებს აზელს, მაგრამ ფაქტების გარეშე დარწმუნებით ვერაფერს ვამბობთ და უნიჭოდ დადგმული ამა თუ იმ მატჩის შესახებ მხოლოდ ეჭვებს გამოვთქვამთ, ამ თამაშების მონაწილეებს კი პროტესტს მხოლოდ "ლელოს" სიმბოლური ნაკრების მიღმა დატოვებით ვუცხადებთ.

არადა, სიტუაცია ბევრჯერ იყო იმ დონეზე მომწიფებული, რომ კონკრეტული ბრალდებულებიც გამოაშკარავებულიყვნენ, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადადგმულა. სიტუაციას "ცუდი სუნი" მოედანზე ხომ არაერთხელ უდიოდა და ზოგჯერ კლუბების წარმომადგენელთა ხმაურიანი, ოღონდ უადრესატო განცხადებებიც ხვდებოდა პრესის ფურცლებზეც. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, შეთანხმებულ მხარეებს შორის საქმეები პირდაპირ სტადიონზეც გარჩეულა...

ბევრი ასეთი შემთხვევის გახსენება შეგვიძლია, ასე, მაგალითად: მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელმა განაცხადა, რომ მეტოქის ფეხბურთელები მის მოთამაშეებს დაუკავშირდნენ და თამაშის გაყიდვის სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს, კონკრეტული "მოქმედი პირების" დასახელება კი არ ისურვა; ერთი კლუბის პრეზიდენტს კი ნამატჩევს საკუთარმა და მეტოქის ფეხბურთელებმა ერთდროულად შეუტიეს: თავისიანებმა, ვიცოდით, დღევანდელი თამაშის დასათმობად ფული რომ აიღე და რაკი წილში არ გაგვიყვანე, იმიტომაც მოვიგეთო, მეტოქემ კი, რომელმაც "ნაყიდი" თამაშის ვერმოგებით ევროსაგზური დაკარგა, იქვე მოითხოვა ფულის დაბრუნება.

თამაშების ყიდვა-გაყიდვა ქართული ფეხბურთის ძველი სენია, ამას კი ბოლო წლებში ტოტალიზატორში დადებული ამა თუ იმ სახის ფსონებიც დაემატა. ახლანდელი სკანდალი, როგორც იცით, სწორედ მეორე სახის მაქინაციებს ეხება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტმა, უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა თავის დროზე განაცხადა, რომ ჩვენი ჩემპიონატის ჩაწყობილი მატჩების შესახებ მასალები მალე იხილავდა დღის სინათლეს, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა და სფფ-ს ამ თემაზე საჯაროდ აღარ უმსჯელია.

გუშინწინ კი ქართული ფეხბურთისთვის უპრეცედენტო მოვლენა მოხდა და როგორც იქნა, სამართალდამცავმა ორგანოებმა კონკრეტული დამნაშავეები გამოავლინეს. ბეჭვაია, ონიანი, გაბედავა, გოგია და კირთაძე დაპატიმრებას კი გადაურჩნენ, მაგრამ ამჟამინდელ კლუბებსაც დაემშვიდობებიან და დიდი ალბათობაა, მათი საფეხბურთო კარიერაც დასრულდეს.

ეს მათთვის დიდი სასჯელია, მაგრამ სხვა საქმეა, რომ საფეხბურთო მაქინაციებს აქამდეც არაერთი "გმირი" ჰყოლია, რომელთაგანაც ბევრის ვინაობა საფეხბურთო წრეებში კარგადაა ცნობილი, ზოგის საფეხბურთო კარიერა ახლაც გრძელდება, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ხუთეულზე მეტად გაუმართლათ და ფარული კამერების მსხვერპლნი არ გახდნენ, დაუმსახურებლად ჰქვიათ ფეხბურთელი, დაუმსახურებლად იღებენ ხელფას-პრემიებს და, რაც მთავარია, მომავალი ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითები დაუმსახურებლად არიან.

უტყუარი ფაქტები მხოლოდ სამართალდამცავთა ხელშია და ხელაღებით რაიმეს მტკიცება ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ისევ და ისევ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებიდან ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ კონკრეტულად ამ ბინძურ საქმეში მხოლოდ ეს ფეხბურთელები არ მონაწილეობენ.

ფარული ჩანაწერების სტენოგრამას "ლელოს" გუშინდელ 3 მაისის ნომერში გაეცნობოდით, ახლა კი მის საინტერესო და ყურადსაღებ მონაკვეთებს გადავხედოთ, რომლებსაც დროისა და საგაზეთო ფართის სიმცირის გამო გუშინ ვეღარ მივდიეთ. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არ დავასახელებთ იმ ფეხბურთელების ვინაობას, რომლებიც ამა თუ იმ საეჭვო ეპიზოდში მონაწილეობენ.

მაშ ასე, ვნახოთ, რა მოჰყვა ფეხბურთელთა კონკრეტულ დანაპირებებს:

ონიანი - მე-10 წამზეც იქნება "ზამენა" თუ საჭირო იქნება, მაგის პრობლემა არ არის... მე-10 წამზე კი არა, რომ ვხედავდე, რომ ცვლიან, მანამდე შევცვლით ჩვენ თავს, რა პრობლემაა...
"დინამოსთან" მატჩში პირველი შეცვლა მართლაც "ბაიამ" განახორციელა, მე-14 წუთზე ზუგდიდელთა ფეხბურთელმა მოედანი ტრავმისა თუ ტრავმის მომიზეზებით დატოვა.

ონიანი - მე გეუბნები, ეგ უეჭველია რასაც ვიტყვი... თუ საჭიროა, ჩვენ თუ ჩავთვლით ხო, რომ გეთქვათ, ჩვენ ორ პენალტსაც ავიკიდებთ, მაგასაც ავიღებთ... ჩვენ ეგ შეიძლება პირველ ტაიმში მოვაყომაროთ... მეორე ტაიმში უეჭველი იქნება რა...
მატჩის მიწურულს "ბაიას" კარში პენალტი დაინიშნა.

ბეჭვაია - პირველ ტაიმში შეცვლას გიკეთებ.
"სიონთან" შეხვედრის მე-14 წუთზე "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში შეცვლა განხორციელდა. მიზეზი აქაც ტრავმაა.

ბეჭვაია - პირველ ყვითელს გიკეთებ.
იმავე მატჩში პირველი გაფრთხილება "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელმა, უფრო ზუსტად კი თავად ბეჭვაიამ მიიღო.

ბეჭვაია - ჩვენი მეტი აუტი იქნება, სადღაც 15 აუტს ჩავაწვდით... ბოლნისის ხალხს ეცოდინება და გადაყრიან და გადაყრიან.
"ვიტ ჯორჯია"-"სიონის" მატჩში დაპირებულ 15 აუტზე მეტიც იქნა ჩაწოდებული.

გაბედავა - პენალს გავაკეთებთ...
"სიონი"-"სამტრედიას" მატჩში სტუმართა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და დაპირებული პენალტიც დაინიშნა.

გაბედავა - უკვე ორი კაცი ვართ სტადიონზე... ტრენერი თავისთავად ჩვენია.
ორ კაცში გოგია და კირთაძე უნდა იგულისხმებოდნენ, და რომელი "ტრენერი"?

გაბედავა - ეგენი მელოდებიან რო ა პენალი გვინდა... ჰა პენალი და შეცვლა გავაკეთოთ...
"სამტრედიამ" "პენალიც" აიკიდა და მეტოქეს შეცვლაც დაასწრო.


ვიმეორებთ, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ფარულ ჩანაწერებში ბევრი საინტერესო ნიუანსია, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც,ყოველთვის,ჩვენტან შედეგებთან ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს,მიზეზებთან კი ნაკლებად,ფეხბურთელებს კი არა,მწვრთნელების მხილებით დაიწყონ
nanduge
23:41 04-05-2011
0
გაბედავა რომელ ტოტალიზატორთან იყო კავშირში? აზიურთან? კამერა ვის ქონდა? გაბედავას? უეფასგან მოდიოდა სიგნალი ამ სამ თამაშზე და აზიური ტოტალიზატორების მონაცემები გადმოუგზავნეს კუდ-ს, თუ კუდი თითონ დაინტერესდა? მაშინ,რომელ ტოტალიზატორზეა ლაპარაკი? აქაურზე?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული