დიდი მზადება "დინამოში"

AutoSharing Option
ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი დიდ მზადებაშია - ახლახან დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია დღეს, 7 ივნისს "დინამოს" ფეხბურთელებთან პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

ალექს გარსიასთან ერთად "დინამოს" ფეხბურთელებს სხვა ორი ახალი მწვრთნელიც დამოძღვრავს: ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ უგეტი და... რამაზ მუმლაძე! შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ბოლო დროის "დინამოს" დუბლშემადგელობას თავკაცობდა და გუნდს ამ ტურნირში ჩემპიონობაც მოაპოვებინა.

საერთოდაც, მუმლაძესთვის "დინამო" უცხო გუნდი ნამდვილად არ არის - წლების განმავლობაში ეს სპეციალისტი "დინამოს" მეორე გუნდსაც თავკაცობდა და სხვადასხვა დროს მეორე მწვრთნელიც გახლდათ.
აღარაფერს ვამბობთ "ვიტ ჯორჯიაში" გატარებულ ოთხ სეზონზე - ერთხელ ჩემპიონი რომ გახადა, ორჯერ კი მეორე ადგილზე რომ გაიყვანა. ამიერიდან მუმლაძე ძირითად გუნდში იქნება და მეორე მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს.

"დინამოში" სხვა სიახლეებიც არის: სანდრო იაშვილის გარდა, გუნდში დავით ოდიკაძისა და გიორგი რეხვიაშვილის ჩარიცხვაც, ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ოდიკაძე "დინამოს" გარკვეული პაუზის მერე უბრუნდება, რეხვიაშვილი კი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "ოლიმპის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. რაც შეეხება დანაკლისს, გუნდი დატოვეს: მარკო მაროვიჩმა, პეტარ ელიჩმა, ედნილსონმა, ზურაბ არზიანმა, გივი კვარაცხელიამ და თეიმურაზ ღონღაძემ. თუმცა, "დინამოს" საკადრო ცვლილებები ამით არ ამოიწურება: დიდია იმის ალბათობა, რომ უახლოეს დღეებში გუნდში რამდენიმე ცნობადი სახე გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, კულუარებში უკვე საუბრობენ გიორგი მერებაშვილის, ალექსანდრე კობახიძისა და ბექა გოცირიძის ტრანსფერებზე...

"დინამო" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე 12 ივნისამდე მოემზადება, შემდეგ კი გუნდი სლოვენიაში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. შეკრების ბოლო ორ დღეს (22-23 ივნისი) "დინამო" ავსტრიაში გაატარებს, სადაც იმ ქვეყნის ჩემპიონს, "შტურმს" გაეჯიბრება სპარინგ-შეხვედრაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული