ნიკა გუშარაშვილი კარიერას ”ჩიხურაში” გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის ”ლოკომოტივის" ყოფილი კაპიტანი ნიკა გუშარაშვილი კარიერას საჩხერის ”ჩიხურაში" გააგრძელებს.

ფეხბურთელი, რომელსაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და საკმაოდ კარგი მცველის სახელი ჰქონდა, მთელი ერთი სეზონი უგუნდოდ იყო. არადა, შარშან, ზაფხულში რუსთავის ”ოლიმპიც" იწვევდა და უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებიც, მაგრამ მიზეზთა გამო ვერავის შეუთანხმდა და ახლა პირველ ლიგაში მოუწევს თამაში.

უქმობის მიუხედავად, 26 წლის მცველი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. უმაღლესი ლიგის კლუბები ახლაც იწვევდნენ, მაგრამ გორის ”დილაში" გასინჯვა არ ისურვა, ბოლნისის ”სიონი" კი მაშინ დაუკავშირდა, როდესაც ”ჩიხურასთან" ურთიერთობა გაარკვია.

აწ უკვე საჩხერელმა გუშარაშვილმა
პირველ საკონტროლო შეხვედრაში სწორედ თბილისის ”ლოკომოტივის" წინააღმდეგ ითამაშა. ”ჩიხურამ" 5:0 მოიგო, ყოფილი კლუბის კარში გუშარაშვილმაც გაიტანა.

ცხინვალის ”სპარტაკმა" ფეხბურთში 27 წლის ირაკლი სამხარაძე დააბრუნა. თავის დროზე ”მეორე ქინქლაძედ" მონათლული სამსახარაძე 15 წლის იყო, როდესაც მასში ფრანგული ”რენი" 250 ათას დოლლარს იხდიდა. სამწუხაროდ, უნიჭიერესი მოთამაშის კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორ იმედებსაც იძლეოდა - თბილისის ”დინამოსა" და ”ლოკომოტივის" ყოფილ პლეიმეიკერს წელიწადზე მეტი გაუცდა და ფორმის აღდგენას ახლა ცდილობს.

”სპარტაკში" ითამაშებს თბილისის ”დინამოსა" და ასაკობრივ ნაკრებთა ყოფილი თავდამსხმელი ზვიად ქანთარია, რომლითაც ზაფხულში რამდენიმე კლუბი
დაინტერესდა - ერთი კვირა ”ზესტაფონში" იყო, ერთი თვე - ”ჩიხურაში", მერე კი, ”ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტს რომ გეგმავდა, სწორედ მაშინ შესთავაზეს უკეთესი წინადადება ცხინვალელებმა და როგორც იქნა, დაბინავდა.

გუნდი მოძებნა ”სპარტაკის" ყოფილმა პლეიმეიკერმა ვალერი ბოლქვაძემ. ”სიონის" მწვრთნელებს მისი ძალიან ეიმედებათ. იგივეს ვიტყვით გიორგი გუგავაზეც - როგორც იქნა, ეს ნიჭიერი მოთამაშეც დაუბრუნდა მოედანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული