გია ცეცაძე: ქართველები ინდივიდუალიზმს ვერ ვიყენებთ

AutoSharing Option
აშკარაა, ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში შემოტრიალება დაიწყო. მრავალწლიანმა უფერულობამ და აშკარად შეუხედავმა ჩემპიონატმა საფეხბურთო სამყაროში ბევრი დააფიქრა, ბევრს გაუჩინა პროტესტის გრძნობა და აკი გამოჩნდა არაერთი გუნდი, რომელიც უარს ამბობს მოსაბეზრებელ, უსახურ ფეხბურთზე.

რაც გასაკვირიც უნდა იყოს, ერთი ასეთი გუნდია უმაღლესი ლიგის დებიუტანტი გორის "დილა". გორელებმა პირველ ორ ტურში წააგეს, მაგრამ ისეთი ფეხბურთი აჩვენეს, რომელიც ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად მოიტანს.

გორელების ახალგაზრდა მწვრთნელი გია ცეცაძე მანამდე მუშაობდა საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში", "საბურთალოში", რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად, გუნდისა არ იყოს, თავადაც
უმაღლესი ლიგის დებიუტანტია, მისი პროფესიული ფილოსოფია კი შემტევი ფეხბურთია. თუმცა ამბობს, რომ "დილაში" ჯერ კიდევ ბევრი აქვს საკეთებელი...

- ცხადია, მიხარია, რომ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და ამას ყველა ამჩნევს. რაც უნდა ძლიერი მეტოქე გვყავდეს, ვცდილობთ, შეტევაზე ხელი არ ავიღოთ, მხოლოდ დაცვით არ შემოვიფარგლოთ. თუმცა ფეხბურთში ყველა წვრილმანს მნიშვნელობა აქვს და ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი, რათა შედგს მივაღწიოთ. ჩვენი უმთავრესი პრობლემა საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელია, არადა, მოგეხსენებათ, ვერ გაიტან, გაგიტანენ. შეცდომები არც "ვიტ ჯორჯიამ" გვაპატია და არც ქუთაისის "ტორპედომ".

- რაც უნდა ლამაზად ითამაშოს გუნდმა, თუ ვერ მოიგო, ეს მოთამაშეებზე მოქმედებს.
- რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ მე მაინც ყველაფერს გამოუცდელობას ვაბრალებ. საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ბევრს უმაღლეს ლიგაში სამი წლის წინ და თანაც, რომ იტყვიან, გავლით თუ უთამაშია, სათანადო გამოცდილება არ აქვთ და ეს შედეგზეც აისახება.

- წლეულს ჩემპიონატის დონეს უკეთესობა ეტყობა და დებიუტანტსაც მეტი მოეთხოვება. შესაძლოა, პირველი ლიგის შემდეგ ამას არც ელოდით.
- გეთანხმებით, რომ უკეთესი ჩემპიონატი ჩანს, თამაშის ხარისხი, დაძაბულობა და კლასი ცოტა უკეთესია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამას არ ველოდით.

- "დილაში" საინტერესო მოთამაშეები შეკრიბეთ, ბევრი მათგანი ინდივიდუალურად ძლიერია, თუმცა ამ უპირატესობას ვერ იყენებენ.
- სწორედ ეს არის ჩვენი და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის სენი - სათამაშო დისციპლინის ნაკლებობა და სწორედ ამიტომ დავმარცხდით პირველ ტურებში. ისე, ჩემი აზრით, სჯობს, თავდამსხმელებმა სწორედ ინდივიდუალიზმი გამოავლინონ, ვიდრე სათამაშო სქემებზე მოფიქრალებმა ფინტის გაკეთება საერთოდ აიკრძალონ.

ასე ჩვენი ფეხბურთი ძალიან გაუფერულდება. როგორ იქმნება მომენტები? სწორედ მოთამაშის არაორდინარული მოქმედებით. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ ტექნიკური მოთამაშეები გვყავს, საკუთარ პლუსზე უარს კი მხოლოდ სულელები ამბობენ. მთელი მსოფლიო ტექნიკურ მოთამაშეებს აფასებს, ასეთებს ეძებენ.

მაგრამ ინდივიდუალიზმი მხოლოდ მაშინ ამართლებს, როდესაც ის გუნდის ინტერესებშია მოქცეული. ფეხბურთს თავისი კანონები აქვს, რომლებიც არ უნდა დაირღვეს. ინდივიდუალისტებს იყენებენ არგენტინელები, ესპანელები, ბრაზილიელები, ჩვენ კი ამას ვერ ვახერხებთ, რადგან მათსავით ზომიერებას ვერ ვიცავთ.
ვფიქრობ, "დილას" თამაშს ეტყობა კიდეც, რომ შემტევი გუნდის ჩამოყალიბება გვსურს, რომელსაც საკუთარი სახე ექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცვა მოვაშიშვლოთ და მხოლოდ შეტევაზე ვიფიქროთ, თამაში დაცვიდან იწყება, მაგრამ სულ დაცვაზე ფიქრით მეტოქეს ვერ მოუგებ.

აქვე ვიტყვი, რომ პირველ ტურებში წაგების მიზეზი ისიც არის, რომ სამი მოთამაშე ვერა და ვერ დავიმატეთ - ძმები ხორგუაშვილები და ოლეგ გველესიანი დიდი ხანია, ჩვენთან ვარჯიშობენ, მაგრამ განაცხადში ვერ შეგვყავდა.

- ასეთი რა მოუგვარებელი პრობლემაა?
- უეფა ყველა გუნდს ანიჭებს კოდს, რომლითაც უცხოეთიდან მოთამაშის დამატების უფლება გეძლევა. რადგან "დილა" ლიცენზირებული კლუბი არ იყო, საკუთარი კოდიც არ ჰქონდა, მაგრამ უკვე მიიღო და იმედია, ახლა სამივეს დავიმატებთ, ისინი კი გუნდისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენენ.

- გუნდს პოტენციალი კი ეტყობა, მაგრამ გაძლიერებაც არ გაწყენდათ.
- გეთანხმებით, მაგრამ ახლების შემატება ფინანსებთან არის დაკავშირებული.

- კლუბს ხომ აქვს ბიუჯეტი, თუ ახლა დაამტკიცებენ?
- ბიუჯეტი უკვე გვაქვს, მაგრამ სასურველ მოთამაშეებს ასე ხელაღებით ვეღარ მოვიყვანთ.

- მართალია, რომ "დილას" ბიუჯეტი მილიონი ლარია?
- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ეს თანხა უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული