ბაია-კოლხეთი 2:0
გოლეი: 1:0 შავგულიძე (2. ავტოგოლი), 2:0 ენდელაძე (85. რიგვავას პასით)
ბაია კოლხეთი
(4-2-3-1) (4-2-3-1)
სომხიშვილი ნადირაშვილი
რიგვავა ცხვიტარია
აფაქიძე ინწკირველი
მგელაძე ლომაშვილი
სვირავა შავგულიძე
ნ. შონია ცხადაია
ლომია გვალია
ეხვაია მდივნიშვილი
გუგუჩია ქებაძე
წურწუმია ჯანაშია
ქობალია ციცხვაია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ე. ქომეთიანი ს.ფილია
ბაია
55. ეხვაია - სიხარულია
62. ლომია-კანკია
75. გუგუჩია- ენდელაძე
სათადარიგოები: მაქაცარია, პაჭკორია, გერგედავა, გუჯეჯიანი
კოლხეთი
75. ჯანაშია - გულუა
75. შავგულიძე - წიქარიშვილი
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, კაკულია, ბარამიძე, კილასონია, მოისწრაფიშვილი
გაფრთხილება: ქობალია (16), ეხვაია (37), შონია (59), ენდელაძე (81)
არბიტრი: ო. ხეცაძე
მეგრული დერბი ყოველთვის
მატჩი ფოთელებისთვის თავიდანვე უიღბლოდ დაიწყო - მე-2 წუთზევე შოთა ლომიას მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ლევან შავგულიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0.
მე-11 წუთზე ირაკლი ეხვაიამ მეკარესთან პირისპირ დატოვა ირაკლი ქობალია, მაგრამ მან კოლხთა კიპერ ლადო ნადირაშვილს ვერ აჯობა. 26-ე წუთზე ეხვაიამ თავად სცადა ბედი, კარისკენ ზურგით მდგომი უეცრად შემოტრიალდა და სახიფათოდ დაარტყა.
პასიური "კოლხეთი" პირველი ტაიმის ბოლოს გამოცოცხლდა - სახიფათო გამოდგა გიორგი ცხადაიას დარტყმა. სტუმრებმა კიდევ რამდენჯერმე შეუტიეს, მაგრამ მასპინძლებს ვერაფერი დააკლეს.
სოსო ფილიას შეგირდები მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა განწყობით გავიდნენ და სახიფათო მომენტებსაც ხშირად ქმნიდნენ: ჯერ ლაშა გვალიამ გაიყვანა ლევან ქებაძე დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მას მცველები ჩაუწვნენ და მომენტი განმუხტეს. 52-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი შავგულიძემ ჩააწოდა, მეკარე გიორგი სომხიშვილი გამოსვლაზე შეცდა, თუმცა კარის წინ მარტო დარჩენილმა დავით ციცხვაიამ ბურთი კარს ააცილა!
53-ე წუთზე გვალიამ შეუტია - ბურთი კარს სანტიმეტრებით ასცდა. იგივე მოხდა ორიოდე წუთში, როდესაც საჯარიმო შავგულიძემ შეასრულა.
ფილია ვაბანკზე წავიდა და თამაშის გადასარჩენად სამ მცველზე გადააწყო გუნდი, "კოლხეთი" კვლავ უტევდა და ფოთელებს ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსიც მიეცათ - 62-ე წუთზე "ბაიას" კარს ლევან მდივნიშვილი დაემუქრა, ბურთი სომხიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ზამირ ჯანაშია ლაშა სვირავამ წააქცია და არბიტრმა ოთარ ხეცაძემ უყოყმანოდ დანიშნა პენალტი. მდივნიშვილს სომხიშვილმა ამჯერადაც აჯობა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია, რამაც მასპინძლებს მეორე სუნთქვა გაუხსნა.
71-ე წუთზე ირაკლი ქობალიას მშვენიერი გადაცემით ლევან წურწუმია დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა ბურთი კარს ააცილა. უშედეგო გამოდგა შეცვლაზე შესული ზვიად სიხარულიას ძლიერი დარტყმაც.
გამოცდილმა მოთამაშეებმა რომ ვერაფერი გააწყეს, დებიუტანტმა იყოჩაღა: ქობალაიმ ბურთი ვაჟა ლომაშვილს აართვა და დათა რიგვავას გადააწოდა, მან კი საჯარიმოში ავთანდილ ენდელაძე მოძებნა და ეროვნული ჩემპიონატების ერთ-ერთი გამორჩეული ბომბარდირის, ზვიად ენდელაძის ვაჟმა სადებიუტო გოლით "ბაიას" გამარჯვება დააფიქსირა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"