ქუთაისელთა იმედგაცრუება მარტვილში

AutoSharing Option
27.08. მარტვილი. ცენტრალური. 2000 მაყურებელი
მერანი - ტორპედო 1:0
1:0 გრიგალაშვილი (65. ჩალაძის პასით)
მერანი (4-1-3-2) ტორპედო (4-4-2)
შეროზია მიგინეიშვილი
კაკუშაძე თოდუა
ჟვანია ფარულავა
იობაშვილი ჩიკვილაძე
სუხიაშვილი ფოფხაძე
დიდავა თარხნიშვილი
მანწკავა ბოლქვაძე
ე.გრიგალაშვილი სეთურიძე
ამბროლაძე დოლიძე
ტაპე მეგრელაძეE
ჩალაძე საბანაძე

მწვრთნელი მწვრთნელი
ა. ჩხაბერიძე გ. კიკნაძე

მერანი
72.ჩალაძე - მემარნიშვილი
79.ამბროლაძე - სამადაშვილი
87.სუხიაშვილი - წოწორია
სათადარიგოები: ჭაფოძე, ქამუშაძე, იატრო, გ.შენგელია

ტორპედო
58.თარხნიშვილი - კუხიანიძე
70.სეთურიძე - გოცირიძე
77.საბანიძე - კირკიტაძე
სათადარიგოები: იოსელიანი, დათუნაშვილი, გურული, ქვილითაია

გაფრთხილება: მანწკავა(39), თოდუა(60), ბოლქვაძე(63), იობაშვილი(88).
გაძევება: ბოლქვაძე (90+3)
არბიტრი: გ.ვადაჭკორია (თბილისი)

"მერანმა" შინ, მარტვილელ ქომაგთა გასახარად ზედიზედ
მეორედ გაიმარჯვა. მატჩი მთლიანობაში საინტერესოდ წარიმართა, ორივე გუნდს ჰქონდა გატანის არაერთი რეალური შანსი. პირველმა სახიფათოდ გია მეგრელაძემ დაარტყა და ბარემ აქვე ვიტყვით, რომ მის მიერ შეხვედრის ბოლო წუთზე შესრულებულ საჯარიმოს ჩინებული ნახტომით დახვდა მარტვილელთა მეკარე ჯონი შეროზია, რომლის თავგანწირული თამაში რომ არა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდებოდა.

საწყის წუთებში გატანა შეეძლო თენგიზ ჩიკვილაძესაც, თუმცა მიზანმა უმტყუნა. პირველ ტაიმში ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდ მასპინძელთა კოტდივუარელი ლეგიონერი ტაპე მუნინიც, მაგრამ მანაც მცირედით ააცილა კარს.

მეორე ტაიმი პირველზე გაცილებით უკეთესი გამოდგა. მარტვილელები უმალვე დაეუფლნენ უპირატესობას და შედეგიც მოიმკეს: მე-60 წუთზე ანზორ სუხიაშვილი შეიჭრა "ტორპედოს" საჯარიმოში, სევასტი თოდუამ ის წესების დარღვევით შეაჩერა, მცველი ყვითელი ბარათით დაისაჯა, გუნდი კი თერთმეტმეტრიანით. "მერანის" კაპიტან გიგა ჟვანიას კი ომარ მიგინეიშვილმა აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა. თუმცა ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში მარტვილელებმა მაინც გაიტანეს: ლაშა ჩალაძემ უმეთვალყურეო ელგუჯა გრიგალაშვილი მოძებნა, რომელმაც თანაგუნდელები არ დააღალატა - 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ "ტორპედო" გამოცოცხლდა, სახიფათო მომენტებიც შექმნა, მაგრამ...

დამატებულ წუთებში არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და, შესაბამისად, მოედანი დაატოვებინა ტორპედოელ დავით ბოლქვაძეს.

თამაშის შედეგით ერთობ უკმაყოფილონი დარჩნენ ქუთაისელი გოლშემატკივრები, რომელთაც გულისწყრომა არც დაუმალავთ და ეს გუნდის ხელმძღვანელებსაც გააგონეს - ისინი საყვარელი გუნისგან კარგ თამაშსა და გამარჯვებებს ელიან.

არჩილ ჩხაბერიძე (მერანი): "დღევანდელ მატჩში "ტორპედოსთან გამარჯვება ლოგიკურად მიმაჩნია, რადგან უფრო მეტი მომენტი გვქონდა და ბურთსაც მეტწილად ჩვენ ვაკონტროლებდით. ჩვენი კოზირი გუნდური თამაშია. იმედია, მომავალ შეხვედრებშიც დავამტკიცებთ ჩვენს ძალას.

გიორგი კიკნაძე (ტორპედო): "ძალიან სამწუხარო მარცხია, მოულოდნელად დავკარგეთ ქულები. მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, აქ თამაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რაც შეეხება ქუთაისელ გულშემატკივართა აგრესიას ჩვენს მიმართ, წაგებული მატჩის შემდეგ ეს ბუნებრივია, მათ კი აუცილებლად დაველაპარაკებით. გუნდის წარუმატებლობის მიზეზი შეუთამაშებლობაა, ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და სიტუაციის დალაგებას დრო სჭირდება".

ბესიკ გვაზავა მარტვილიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული