ქუთაისში ურთულესი მატჩი გველის

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი პირველობას გასვლაზე, ქუთაისის ~ტორპედოსთან" მატჩით იწყებს. ჩემპიონთან თამაში რთულია, მაგრამ ქუთაისელთა ამბიციები და სეზონის დაწყებამდე შეკრებილი შემადგენლობა ~ტორპედოს" გულშემატკივარს აიმედებს.
ჩემპიონთა მთავარ მწვრთნელი თემურ მახარაძე ~ოლიმპის" მომზადებაზე, მეტოქესა და გუნდის ამბიციებზე გველაპარაკება.

- ბატონო თემურ, პირველი მატჩი ბევრად განაპირობებს, რა განწყობით ითამაშებს გუნდი სეზონში.
- ამიტომაც მთელი სერიოზულობით ვემზადებით. თანაც, ჩვენ კარგად ვიცით, რა დონისა და ამბიციის გუნდს ვეთამაშებით. მართალია, ჩვენ ჩემპიონები ვართ, მეტოქე კი უმაღლესში ახლა დაბრუნდა, მაგრამ ქუთაისის ~ტორპედოს" ტრადიცია გუნდს სხვა ძალასა და ამბიციას აძლევს.
სეზნის გახსნას ისედაც ყველა განსაკუთრებული სტიმულით ატარებს. ~ტორპედოს" უმაღლეს ლიგაში ამდენი ხანია არ უთამაშია და სერიოზულ ბრძოლას ველით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემი კოლეგა რამაზ მუმლაძე ძლიერი მწვრთნელია და მისი გუნდი არავის არაფერს დაუთმობს. სხვათაშორის, მოსამზადებელ ეტაპზე ქუთაისელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

- ~ოლიმპი" თუ არის კარგად მომზადებული?
- ფორმის პიკში არ ვართ, მაგრამ სეზონის დასაწყისში ფორმაში არავინაა. უცხოეთში გასვლა, ჰაერისა და გარემოს შეცვლა აუცილებელი იყო. თანაც, ასეთ გაუსაძლის სიცხეებში, მით უფრო რუსთავში, მომზადება რთული აღმოჩნდა. მაინც კარგად მოვემზადეთ, ჩვენი პირობების გათვალისწინებით, ურიგო შეკრება არ გვქონია, საკმაოდ ბევრი სპარინგი გავმართეთ, ჩემპიონთა ლიგაზე ორი მატჩიც წაგვადგა და მეტ-ნაკლებად მომზადებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, გუნდი ჩემპიონატისთვის მზადაა. თუმცა, რეალურად როგორ მოვემზადეთ პირველობისთვის, სეზონის ბოლოს გამოჩნდება. ახლა კი ჩვენი შესაძლებლობის 60-70 პროცენტს თუ ვაჩვენებთ.

- ~ოლიმპის" მთავარი პრობლემა შეუთამაშებლობა იყო – ამდენი სპარინგისა და ლიგის კვალიფიკაციაზე გამოსვლის შემდეგ, ეს პრობლემას ვერ მოაგვარეთ?
- გუნდის შეთამაშებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. რაც უნდა იყოს, მაინც ორი თვის გუნდი ვართ და ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი შემოგვრჩა – თემურ ღონღაძე, გიორგი რეხვიაშვილი, დენის დობროვოლსკი და გიორგი ჭედია. თუმცა ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ახლა ისე ნამდვილად არ გამოვიყურებით, როგორც პირველ საკონტროლო მატჩებში.

- ლაშა ჯაფარიძე თუ მომჯობინდა და ქუთაისში თუ ითამაშებს?
- საბედნიეროდ, მომჯობინდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა, მკურნალობისთვის დრო დასჭირდა და შეუძლებელია ფორმაში იყოს, მაგრამ მისი იმედი ნამდვილად მაქვს, ისეთი მონდომებით ვარჯიშობს.

- მშვენიერი შემადგენლობა გყავთ, მაგრამ სათადარიგოთა სკამი ძალიან მოკლეა - 16 მოთამაშე სეზონში 36 ტურის ჩასატარებელად ძალიან ცოტაა. ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებთ?
- ~მოკლე სკამი" მართლა სერიოზული პრობლემაა. თუმცა ჩვენს დუბლშემადგენლობაში გიორგი დევდარიანის ბიჭები არიან და მათი გვეიმედება. ერთმანეთში საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ და მართალია, მოვუგეთ, მაგრამ ბავშვები მომეწონა. ნელ-ნელა მათ დავაწინაურებთ, უმაღლეს ლიგას შეეჩვევეიან და ვფიქრობ, გუნდის დახმარებასაც შეძლებენ. ახლა ძირითადში 16 მოთამაშე გვყავს და ყველა მატჩზე მათგან 2-2 კაცს დავიმატებთ.

- სეზონის დასრულების შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს ერთ-ერთ აზერბაიჯანულ კლუბში გიწვევდნენ.
- მე ~ოლიმპთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და წასვლას არ ვაპირებდი. ან სად უნდა წავსულიყავი, გუნდს ხომ არ დავაღალატებდი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი სათამაშო გვქონდა.

- დღევანდელი შემადგენლობით, ფინანსებითა და მომზადებით, ჩემპიონობის ამბიცია კიდევ გაგაჩნიათ?
- ორი აზრი არაა, ამბიციას ვინარჩუნებთ. მოვასწარით თუ არა მომზადება და რა პრობლემა გაგვაჩნია, ამას არავინ შეხედავს, როდესაც საქმე საქართველოს ჩემპიონს ეხება. თუმცა ჩემპიონატის მსვლელობის დროს გამოჩნდება, ჩვენი ამბიცია რამდენად საფუძვლიანია.

- თქვენი აზრით, საფუძლიანია?
- ჩვენ ვიბრძოლებთ და ვნახოთ. ჩემპიონობის მოპოვება მართლა უფრო ადვილია, ვიდრე შენარჩუნება. ახლა მაგალითად, ვესტუმრებით ქუთაისს და დარწმუნებული ვარ, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ძალიან გაგვიჭირდება. ჯერ ერთი, ის იმოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ, რომ ქუთაისელები უმაღლესს დაუბრუნდნენ და ხალხი გუნდისგან მოგებას ელის, მით უფრო, რომ მოწინააღმდეგე ჩემპიონია. ~ტორპედოს" გულშემატკივარი ამბიციურია და ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებას ითხოვს. ამიტომ, ჩვენს წინააღმდეგ განსაკუთრებული ენთუზიაზმით ითამაშებენ.

- თქვენი აზრით, გუნდის წლევანდელი შემადგენლობა შარშანდელზე უკეთესია თუ უარესი?
- ამის თქმა ახლა შეუძლებელია. შარშან მშვენიერი შემადგენლობა გვყავდა, მაგრამ წელსაც არა ნაკლები. გააჩნია, გუნდს ვინ როგორ მოერგება. სეზონი ყველა ამ კითხვას ზუსტ პასუხს გასცემს. ეგაა, შარშანდელზე ნაკლები ხალხი გვყავს.

- თქვენს განკარგულებაში ორი ძლიერი თავდამსხმელია, მაგრამ ფორმაში არიან?
- სასურველ ფორმაში ახლა არც ერთი ფეხბურთელი არაა და მათ შორის, არც მოდებაძე და ბერიაშვილი, მაგრამ კარგად მოემზადნენ და დარწმუნებული ვარ, მალე ფორმაში იქნებიან და დიდ სამსახურს გაგვიწევენ. სხვათაშორის, თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ მესამე და ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელი, ჯაბა უგულავა დავიმატეთ.

- ის ხომ მხოლოდ 17 წლისაა?!
- დიახ, პატარა ბიჭია და ორიოდე დღეა ბელარუსიდან დაგვიბრუნდა, სადაც 19-წლამდელებში ითამაშა. როგორც გვითხრეს, ჯაბა ძალიან მოეწონათ. უნიჭიერესი ბავშვია და მჯერა, დიდი ფეხბურთს ითამაშებს.

- გასულ სეზონში დავით იმედაშვილი ~ოლიმპის" ლიდერი იყო. მაგალითები გვასწავლის, თუკი გუნდში არაა ლიდერი, კარგი ფეხბურთელებისგან ძლიერი გუნდი მაინც ვერ ყალიბდება – წელს ასეთი მოთამაშე გეგულებათ?
- ხელოვნურად ლიდერს ხომ ვერ დავნიშნავ, მაგრამ გეთანხმებით და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვცდილობ, ასეთი ფეხბურთელი მოვძებნო, რომელსაც შეუძლია გუნდის აყოლიება და ყველაზე რთულ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება. ასეთი იყო იმედაშვილი. სხვათაშორის, გასულ სეზონში ლიდერი ყველა რგოლში გვყავდა. წელსაც მეგულებიან ისეთ ბიჭები, რომელთაც ლიდერობის უნარი შესწევთ, ვნახოთ, ვინ მოახერხებს ამ როლის აღებას. ისე, ეჭვი არ მეპარება, რომ ლიდერი აუცილებლად გამოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული