სოსო ფილია: ვშიშობ, ფოთში დიდი ხანი ვერ ვითამაშებთ

AutoSharing Option
"ლელო" უკვე წერდა, რომ ფოთის "კოლხეთი" საქართველოს ჩემპიონატის საშინაო მატჩებს შინაურ არენაზე ვერ ატარებს, რადგან მის შინაურ "ფაზისზე" მოედნის საფარი აიღეს, ახლის დაგებას კი ჯერ სასიკეთო პირი არ უჩანს.

საქართველოს მთავრობამ გორის, ქობულეთისა და ფოთის სტადიონებზე საფრის დასაგებად ფეხბურთის ფედერაციას 2,5 მილიონი ლარი გამოუყო. "ფაზისზე" საფარი სწორედ ამის შემდეგ გამოცხადებული ტენდერის იმედად აიღეს და სათადარიგო მოედანზე გადაიტანეს, მთავარ არენაზე კი წინასწარი სამუშაოებიც წამოიწყეს.
მაგრამ მოხდა გაუთავლისწინებელი ამბავი: ტენდერის მონაწილე კომპანიებმა პირობები ვერ დააკმაყოფილეს, ასე რომ, ფოთელებმა დღემდე არ იციან, მოედანი
როდის მოეწყობა და "კოლხეთსაც" მძიმე დღეები დაუდგა.

ფოთელთა ხელმძღვანელებმა საშინაო მატჩების ლანჩხუთში ან ზუგდიდში გამართვა გადაწყვიტეს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, დაემთხვევა თუ არა "ბაიასა" და "კოლხეთის" მატჩების დღე; თუ არ დაემთხვევა და, მაშინ ამინდზეც იქნება დამოკიდებული - თუ გაწვიმდა, ზუგდიდის სტადიონი ორ დღეში ორ მატჩს ვერ უმასპინძლებს.

"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია მომხდარით შეწუხებულია და ამბობს, მოედნის მოწყობის ვადამ, შესაძლოა, წლის ბოლოსკენ გადაიწიოსო:

"ფოთის სტადიონზე საფრის დაგებას შემოდგომისთვის ვიმედოვნებდით, მაგრამ ახლა სერიოზულ გაუგებრობაში აღმოვჩნდით. ძველი საფარი კი აიღეს, მაგრამ ჯერ ბოლომდე საფუძვლის ჩაყრაც არ დასრულებულა, ბოლო დღეეებში კი მუშაობა შეაჩერეს და წარმოდგენა არ გვაქვს, როდის განაახლებენ.

ცხადია, ადრე თუ გვიან ეს სამუშაოები დასრულდება, მაგრამ მეშინია, რომ მეორე წრემდე საშინაო შეხვედრებს ფოთში ვერ გავმართავთ.

გარდა იმისა, რომ საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერა მოგვაკლდა, ტრანსპორტის ხარჯიც ძალიან გაგვეზარდა. თანაც, ვინაიდან ჯერ ფოთში ვერ ვვარჯიშობთ, რადგან სათადარიგო მოედანი ახალდაგებულია და სამი კვირა მაინც არ შეიძლება მისი დატვირთვა, ამიტომ ყოველდღე ხან სად მივდივართ და ხან სად. ასე კი ძალიან ძნელია მიზნის დასახვა და მიღწევა - საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა. ეს იმ დროს, როდესაც ბიუჯეტს თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით", - გვითხრა ფილიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რას ბურტყუნებდა დომენტი? კლუბებს საწვავით უზრუნველვყოფთო? ან სტადიონზე საფარის დაგება რაღა გახდა? ასე სურთ ააღორძინონ ქართული ფეხბურთი? გთხოვთ სიტყვა "ბურტყუნებდა"-ს გამო არ დამიბლოკოთ კომენტარი, ეს სიტყვაც კი რბილი ნათქვამია!!! ნელ-ნელა მასონთა ლოჟას ემსგავსება, ჩვენი ფედერაცია...თუმცა ასე არ იყო მუდამ?!
დევიდ აირონს
03:32 09-09-2011
0

სიახლეები პოპულარული