"ზესტაფონისა" და "მერანის" დაპირისპირება ერთბაშად რამდენიმე დებიუტისა და მინდორზე დაბრუნების გამო გახლდათ საინტერესო. პირველი - მარგველთა ახალი დამრიგებლის გიორგი ჭიაბრიშვილისათვის ეს მატჩი სადებიუტო გახლდათ ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. მეორე- საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ზესტაფონელთა თავდამსხმელი გოგა ფიფია დაუბრუნდა. და მესამეც - იმერელთა რიგებში უმაღლესი ლიგის ერთბაშად ორმა დებიუტანტმა (მალხაზ გაგოშიძე და
თავად იმერულ-მეგრული დუელი, მოლოდინისამებრ, მასპინძლების შეტევებით კი დაიწყო. მაგრამ, სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი საკუთარი საჯარიმოს მისადგომების უსაფრთხოების უზრუნველყოფით არ იფარგლებოდნენ და სახიფათო კონტრაქციების ორგანიზებას ცდილობდნენ და მაინც, შეხვედრის 31-ე წუთზე მარგველებმა მოახერხეს მარტვილელთა კარის აღება - გაგოშიძე-წინამძღვრიშვილი-დვალის ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის შოთა გრიგალაშვილზე გაკეთებული გადაცემითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შეძლეს მარტვილელთა გოლკიპერ ჯონი შეროზიას დამწუხრება - 44-ე წუთზე კახა ალადაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა ჯაბა დვალი, რომელმაც თავის საქმე ცივსისხლიანად გააკეთა ...
მეორე ნახევრის პირველი წუთები სტუმართა კართან წარმოებული შტურმითა და მასპინძელთა ძალიან შთამბეჭდავი თამაშით იყო დასამახსოვრებელი - მარტვილელები ვერაფრით ახერხებდნენ თამაშის თავის კარის სიახლოვიდან მეტოქის ნახევარზე გადატანას.
მით უფრო ალოგიკურად გამოჩნდა ის, რაც იმერელთა სასტარტო აქტიურობას მოჰყვა - მარტვილელებმა ზესტაფონელებს ორი სახიფათო კონტრიერიშით უპასუხეს, რომელთაგანაც პირველი გიგა ამბროლაძის მიერ 58-ე წუთზე გატანილი ერთი საპასუხო გოლით დასრულდა, ხოლო მეორეს შედეგად ანგარიში ნამდვილად გათანაბრდებოდა, რომ არა როინ კვასხვაძის დიდოსტატური თამაში.
მასპინძლები გონს მალევე მოვიდნენ და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარ შეკითხვას შოთა გრიგალაშვილის გადაცემის შემდეგ რატი წინამძღვრიშვილის მიერ 71-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს. დარჩენილ დროში მასპინძლებს ანგარიშის შეცვლა კიდევ შეეძლოთ, თუმცა ის უცვლელი დარჩა. საბოლოოდ, მატჩი მარტვილელთა ძალიან სიმპატიურ და მებრძოლ გუნდთან ზესტაფონელებმა 3-1 მოიგეს.
fczestafoni.ge