"მერანი"-"დილა" 2:2 - დებიუტანტთა უხვგოლიანი ფრე და მანწკავას დუბლი

AutoSharing Option
17.09. მარტვილი.ცენტრალური. 1300 მაყურებელი
მერანი-დილა 2:2
0:1 დ.ჩაგელიშვილი (21. ახალკაცის პასით), 1:1 მანწკავა (23), 1:2 რაჟამაშვილი (62.ბერაიას პასით), 2:2 მანწკავა (67. ჩალაძის პასით)

მერანი დილა
(4-4-2) (4-4-2)
შეროზია მერლანი
ჟვანია ლომიძე
დიდავა ქარქუზაშვილი
კაკუშაძე ბაქრაძე
სუხიაშვილი გველესიანი
მემარნიშვილი რაჟამაშვილი
მანწკავა ნემსაძე
ე. გრიგალაშვილი პ. ხორგუაშვილი
ჩალაძე ვ. ხორგუაშვილი
ამბროლაძე ახალკაცი
ტაპე დ. ჩაგელიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
ა. ჩხაბერიძე გ. ცეცაძე

მერანი
67. ე.გრიგალაშვილი- სამადაშვილი
86. ტაპე- ტორაძე
სათადარიგოები: წოწორია,იატრო,შალიკაშვილი,მელიავა,შენგელია

დილა
46. ბაქრაძე - მაჭავარიანი
46. ახალკაცი - ი. ბერაია
63. ნემსაძე - ნ. ნოზაძე
სათადარიგოები: კეჩხუაშვილი, ჭითანავა, ლ.ჩაგელიშვილი, სადაღაშვილი
გაფრთხილება: რაჟამაშვილი (61),ხორგუაშვილი (73)
არბიტრი: თ. გვანცელაძე

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში გორის "დილა" შედეგიანობით ვერ დაიკვეხნის, ქართველ ჟურნალისტთა აღიარებით ერთ-ერთ ლამაზ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს.

პრინციპში, გორელებმა არც მარტვილთან ითამაშეს ურიგოდ,ისინი შეხვედრაში ორჯერ დაწინაურდნენ, თუმცა ტრადიციისამებრ ვერც ამჯერად შეინარჩუნეს უპირატესობა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც,რომ გორელები თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიადგნენ მარტვილის ცენტრალურ სტადიონს,ამის მიზეზი მარშუტის არცოდნა იყო : ისინი სენაკის გავლით ჩხოროწყუში ჩასულან (ასეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე), ამან კი ,რა თქმა უნდა, ფეხბურთელებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.

მასპინძლებს ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ: დისკვალიფიცირებული მცველი იობაშვილი და ტრამვირებული თავდასხმელი კუჭუხიძე. ცალკე აღნიშვნის თემაა გიორგი მანწკავას თამაში,რომელსაც წინა ტურში ზესტაფონთან არ უთამაშია,დილასთან მატჩში კი საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და გუნდს ორი გოლით შეეწია.

ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა. რომან ახალკაცმა ერთი-ერთზე გაიყვანა დავით ჩაგელიშვილი, რომელმაც ნავსი გატეხა და თანაგუნდელები წინ გაიყვანა. ამ ეპიზოდში აშკარად ჩავარდა მერანის დაცვა.

სტუმართა სიხარული ხანმოკლე გამოდგა,ზუსტად ორ წუთში სტანდარტული მდგომარეობა უნაკლოდ შეასრულა გიორგი მანწკავამ,რომელმაც უშანსოდ დატოვა გამოცდილი მეკარე მირზა მერლანი. ამის შემდეგ ჯერ ამბროლაძეს შეეძლო ბურთის გატანა, შემდეგ კი ახალკაცი დარჩა მეკარესთან პირისპირ,რომელმაც მასპინძელთა მეკარე მოატყუა, თუმცა ცარიელ კარში ვერ გაიტანა...

მეორე ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლდნენ , თითქოს მოვლენები ლოგიკურად ვითარდებოდა და მერანს თამაშის სადავეები ხელიდან არ უნდა გაეშვა,მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა: შეცვლაზე შემოსულმა ბერაიამ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა დავით რაჟამაშვილს,რომელმაც არ დააღალატა თავისიანები - 1:2.

მარტვილელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ მოდუნდნენ და მანწკავას ორჯერ შეეძლო გორელთა კარის აღება; ჯერ სტუმართა მეკარემ ითამაშა დამაჯერებლად, ხოლო შემდეგ ძლიერად დარტყმული აცდა კარის ჩარჩოს. მესამე ცდა კი წარმატებული გამოდგა: მარჯვენა ფლანგზე ჩინებული რეიდი განახორციელა ლაშა ჩალაძემ, რომელმაც საჯარიმოში ჩამოაწოდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გიორგი მანწკავამ ბურთს თავი დაუხვედრა და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

ბოლო 15 წუთში მარტვილელებს მატჩის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა მერლანის დამაჯერებელმა თამაშმა გორელებს ქულა გადაურჩინა. ანგარიშის შეცვლის შანსი მასპიძელთაგან ამბროლაძესა და მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელს მანწკავას ჰქონდათ.გორელთაგან კი გამოსარჩევი მხოლოდ ვალტერ ხორგუაშვილის დარტყმა იყო,რომლის მოგერიება არ გასჭირვებია შეროზიას.

საბოლოოდ შეხვედრა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ორივე გუნდის მწვრთნელთა თქმით, კანონზომიერი ფრეთი დასრულდა.

ბესიკ გვაზავა მარტვილიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული