ზედიზედ ორი მატჩია "მეტალურგი" მეტოქეებს ერთნაირი ანგარიშით (2:0) ამარცხებს - V ტურში ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილებმა "მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯია" გააწბილეს, VI ტურში კი რუსთავში - ქუთაისის "ტორპედო".
რუსთაველთა მთავარ მწვრთნელს ინტერვიუ ჩამოვართვისთ.
- სანაკრებო პაუზა "მეტალურგს" დადებითად წაადგა. ამ მოკლე პერიოდში ასეთი რა შეცვალეთ?
- ეს ორკვირიანი პაუზა არც ისე პატარა პერიოდი
რაც მთავარია, ბიჭებმა გაიგეს, რას ვითხოვთ და ჩანაფიქრი როგორ შევასრულოთ. თუმცა მაინც ნაადრევია იმის თქმა, რომ გუნდი ჩემს ყაიდაზე ავათამაშე. მოკლე პერიოდში ეს შეუძლებელიც იყო. შემდეგ ტურში "ზესტაფონთან" უმძიმესი შეხვედრა გველის და ის მატჩი ბევრს გამოაჩენს.
თითქმის ყველა მოთამაშეს ვიცნობდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შესწავლილი მყავდა. გუნდის და მოთამაშეთა ახლოს გაცნობას, მათი პოტენციალის ზუსტად გამოყენებას დრო სჭირდება. გუნდი უცებ ვერ აშენდება.
სხვათა შორის, კარგი პრეცედენტი იყო, გია გეგუჩაძეს "ტორპედომ" ხუთწლიანი კონტრაქტი რომ გაუფორმა. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისში გუნდის მშენებლობა დაიწყო და იციან რა უნდათ.
- საამისოდ კარგი მაგალითია "მანჩესტერი", ფანები ალექს ფერგიუსონის დანიშვნიდან სამ წელში მის გაშვებას ითხოვდნენ, მაგრამ აცალეს და გუნდი ჩამოაყალიბა.
- საერთოდ, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ღვინოსავით დრო სჭირდება, კარგიდან საუკეთესო რომ გახდეს. ჩვენ სეზონის მსვლელობისას მოგვიხდა გადაწყობა, შემადგენლობის შეცვლა, "ტორპედოდან" დავიმატეთ გიორგი სეთურიძე, რომელმა პრობლემური პოზიცია ამოავსო, კარგად ათამაშდა დიმიტრი ტატანაშვილი, მალე ირაკლი მოდებაძეც დაგვიბრუნდება და იმედია, უფრო მოვღონიერდებით.
თუმცა, მთავარი მაინც გუნდში არსებული ატმოსფეროა. "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე პროფესიონალია და გუნდში მისვლისას, უპირველესად, ჯანსაღი მორალური და სტაბილური ფინანსური გარემოს ჩამოყალიბება სურდა. გვითხრა, ეს არ უნდა იყოს ერთწლიანი გუნდი, მშვიდი, სამუშაო ატმოსფერო გვჭირდებაო და ასეც არის - "მეტალურგში" არ არის დაჯგუფებები, ერთიანი, შეკრული გუნდია, ბიჭებს ნევროზი და გაურკვევლობა არ აწუხებთ, რადგან ბუბამ და მეტალურგიულმა ქარხანამ სტაბილური დაფინანსება უზრუნველყვეს, რაც გუნდზე დადებითად აისახა.
ამას გარდა, ბიჭებთან ვიმუშავეთ, თავდაპირველი წარუმატებლობები რომ დაევიწყებინათ და ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოსულიყვნენ. მიმაჩნია, რომ ბოლო მატჩებში ტატანაშვილის გამოვლენილი გოლიადორული თვისებები და მთლიანად გუნდის უკეთესი თამაში ამის შედეგიც იყო.
საერთოდ, ფეხბურთი მწვერვალის აღებას ჰგავს და დაბრკოლებებმა არ უნდა შეგვაშინოს, მას კი მხოლოდ ლაღი ადამიანები თამაშობენ.
- რუსთავში ფეხბურთი უყვართ, მაგრამ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ ხალხი გუნდს მაინც არ წყალობს. თქვენი აზრით, სტადიონის შევსება შესაძლებელია?
- ძალით ვერავის მოიყვან, გულშემატკივარს ის ფეხბურთი უნდა აჩვენო, რომელიც უყვარს და ახარებს. ლიდერების შეხვედრები მაყურებელს კიდევ იზიდავს, დანარჩენ მატჩებში კი ბოლომდე უნდა დაიხარჯო, ხალხმა შენსკენ რომ გამოიხედოს. შესაძლოა წააგო, მაგრამ გულიანად უნდა იბრძოლო. ამასთან ერთად სანახაობრივ თამაშსაც თუ შესთავაზებ ეს მაყურებელს უფრო მოიზიდავს.
ამიტომაც უნდა იცოდეს ფეხბურთელმა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის დამოკიდებულებაა. აქ კიდევ ერთხელ მივუბრუნდები გუნდში არსებულ გარემოს - ფეხბურთი სიამოვნებაა და თუ გუნდში ჯანსაღი გარემო არ არის და თამაში თავად არ განიჭებს სიხარულს, მაყურებელსაც ვერ ასიამოვნებ. ეს ძალიან მარტივი ამბავია. ქართული კლუბები თუ ამ კუთხით იმუშავებენ, ხალხი აუცილებლად შემოტრიალდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"