გარსია: ბევრად ნაკლებ ყვითელ ბარათს ვიმსახურებდით

AutoSharing Option
თბილისის "დინამო"  და მარტვილის "მერანის" დაპირისპირების დასრულების შემდგომ, ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზის საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

არჩილ ჩხაბერიძე: "პირველ რიგში მინდა მივულოცო "დინამოს" ეს მოგება და მათ მიმდინარე გათამაშებაში წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება თამაშს, ჩვენ დებიუტანტები ვართ და ვფიქრობ, რომ ნერვიულობის გამო უწყინარი სიტუაციიდან გავუშვით გოლები. დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ გვეთამაშა, ვფიქრობ შეხვედრა სხვა შედეგით დასრულდებოდა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად "დინამოს" დამსახურების დაკარგვა არ შეიძლება."

ალექს გარსია
: "პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვის
ჩემს კოლეგას. მარტვილის "მერანს" წარმატებებს ვუსურვებ გათამაშებაში. დებიუტანტი გუნდის კვალობაზე ძალიან კარგად ითამაშა ჩვენმა მეტოქემ, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმი.

2:0-ზე თამაში ფაქტობრივად დავიჭირეთ, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ თამაში აგვერია. ფანცხავას მოედანზე გამოსვლა კი ალბერტ იაგუეს დისკვალიფიკაციამ განაპირობა , მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი თამაშის კვალობაზე ცუდად არ უთამაშია.

ხვალ საბოლოოდ გვეცოდინება პასუხი თუ რა სირთულის ტრავმა მიიღო გიორგი ლორიამ. რაც შეეხება მსაჯობას, თავიდანვე ვთქვი, რომ მათ მუშაობაზე კომენტარს არ გავაკეთებდი. თუმცა ვფიქრობ, რომ მიმდინარე გათამაშებაში ბევრად ნაკლებ ყვითელ ბარათს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ. შემტევი გუნდის კვალობაზე მსაჯები ზედმეტად ბევრ გაფრთხილებას გვაძლევენ.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული