"ზესტაფონმა" "ბაიას" ზუგდიდში აჯობა

AutoSharing Option
02.10..2011 ზუგდიდი, გ. თუთბერიძე. 1000 მაყურებელი
ბაია-ზესტაფონი 1:2
1:0 ქობალია (18), 1:1 წინამძღვრიშვილი (81. ბენაშვილის პასით), 1:2 ღონღაძე (90)

ბაია ზესტაფონი
4-1-4-1 4-4-2
სომხიშვილი რ. კვასხვაძე
რიგვავა ბენაშვილი
აფაქიძე კობახიძე
მგელაძე საჯაია
აკობია ელიავა
ნ. შონია აფციაური
გუგუჩია გორგიაშვილი
ტყემალაძე ძარია
სიხარულია სარდალიშვილი
წურწუმია დვალი
ქობალია გელაშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ე. ქომეთიანი გ. ჭიაბრიშვილი

ბაია
72. გუგუჩია - სამუშია
84. სიხარულია - ლომია
88. წურწუმია - ენდელაძე
სათადარიგოები: მაქაცარია, პაჭკორია, კუკავა.

ზესტაფონი
59. სარდალიშვილი - ღონღაძე
59. დვალი - წინამძღვრიშვილი
72.
აფციაური - ბაბუნაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ჭანკოტაძე, ლომია, ფიფია.

გაფრთხილება: აფციაური (20), გუგუჩია (39), საჯაია (52), ქობალია (65), აფაქიძე (71), სამუშია (84), სომხიშვილი (90).
არბიტრი: თ. გვანცელაძე;

ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფი "ბაია" მოქმედ ჩემპიონსა და ამჟამად მეორეადგილოსან "ზესტაფონს" მასპინძლობდა და გამარჯვების შემთხვევაში გადაასწრებდა კიდეც. ამბიციურ სტუმრებს კი, ცხადია, მხოლოდ გამარჯვება სურდათ. სტატისტიკაც მათ მხარეს იყო - 2009 წლიდან მოყოლებული, "ზესტაფონმა" 8 შეხვედრიდან 7 მოიგო, "ბაიამ" კი მხოლოდ ერთი.

ზესტაფონურ ხასხასა გაზონს მიჩვეულ ჩემპიონს ნაწვიმარ და ატალახებულ მოედანზე თამაში თავიდან გაუჭირდა, პირველ ტაიმშიც უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ანგარიშიც მალე გახსნეს: მე-18 წუთზე ირაკლი ქობალიამ მარცხენა ფლანგზე მცველი ჩამოიტოვა, საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერად დაარტყა, როინ კვასხვაძემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ დატრიალებული თავზე გადააგორდა და კარში აღმოჩნდა - 1:0.

მომხდარმა მასპინძლები შეაგულიანა, სტუმრები კი დაიბნენ და ტაიმის დასრულებამდე "ბაიას" კიდევ შეეძლო გატანა.

29-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, წინ დაიძრა და კარში დაარტყა, შემდეგ კვასხვაძის მიერ მოგერიებულ ბურთსაც დაამატა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.

მეორე ნახევარში ვნებები გამძაფრდა, მაყურებლები მსაჯის მიმართ ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს. ვითარება განსაკუთრებით ბოლო წუთებში დაიძაბა.

"ზესტაფონმა" კი უფრო მძაფრად და აქტიურად შეუტია, კარგად ჩაერთო თამაშში რატი წინამძღვრიშვილი, რომელიც 69-ე წუთზე ზაალ ელიავამ ჩინებული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. რატიმ ძლიერად დაარტყა, მაგრამ გიორგი სომხიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

81-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს: საჯარიმო ალექსი ბენაშვილმა შეასრულა, წინამძღვრიშვილმა მცველებს დაასწრო და ულამაზესი თავურით ბადე შეარხია - 1:1.

პირველ ტაიმში მაღალ დონეზე მოთამაშე მასპინძლებს ბოლოსკენ დაღლა დაეტყოთ, ეს კი სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპის ჩაგდების ბრალია, რამაც ბოლო წუთებში იჩინა თავი - "ზესტაფონმა" შეტევები განაგრძო და მიზანსაც მიაღწია. გელაშვილის დარტყმის შემდეგ სომხიშვილმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ თან გააპროტესტა, ამტკიცებდა, რომ ბურთს პირითი ხაზი უკვე გადაკვეთილი ჰქონდაო. თითქოს გული ცუდს უგრძნობდაო - მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა, კუთხურის გათამაშების შემდეგ კი "ბაიას" მცველის მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ხაზთან თემურ ღონღაძეს მიუგორდა, რომელმაც ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 1:2.

გოლის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს მსაჯის წინა გადაწყვეტილება, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, "ზესტაფონმა" მოიგო, "ბაიასთან" უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა, ზუგდიდელები კი მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული