"დილა" გორიდან მიდის

AutoSharing Option
გორელებს მომავალ წლამდე მშობლიურ ქალაქში უმაღლესი ლიგის მატჩები ისევ მოენატრებათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში განსახორციელებელი მინდვრის საფარის შეცვლის პროგრამა გორსაც შეეხო.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე რამდენიმე დღის წინ საფარის აღება დაიწყეს. მისი შეცვლის პროცესი მომდევნო ეტაპითურთ (რა დროსაც ახალდაგებულ მინდორზე თამაში სასურველად არ მიიჩნევა), სავარაუდოდ, ორ თვეს გასტანს, ასე რომ, "დილა" წლის ბოლომდე შინაურ სტადიონზე ვეღარ ითამაშებს. შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობის წინაშე დადგა საშინაო მატჩებისთვის სტადიონის მოძიების საკითხი.

"გორის მეორე სტადიონზე, "ქართლზე" თამაში თავიდანვე გამოვრიცხეთ. ერთია,
რომ "ქართლზე" უმაღლესი ლიგის მატჩების გამართვის ნებართვას ფედერაცია აღარ იძლევა. შეიძლება გვეთხოვა კიდეც, რომ ფედერაციას მცირე ხნით გარკვეული გამონაკლისი დაეშვა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ქალაქის ის უბანი, სადაც ეს სტადიონი მდებარეობს, მეტისმეტად ქარიანია და ვინაიდან "დილას" სათამაშო სტილად კომბინაციური ფეხბურთი აქვს არჩეული, ეს ვარიანტი ჩვენ ვერ გვახეირებს.

ასე რომ, გორის ცენტრალური მოედნის მოწესრიგებამდე, სავარაუდოდ, სხვა ქალაქში მოგვიწევს საშინაო შეხვედრების გამართვა. ამასთან, უნდა ვიფიქროთ ჩვენს ერთგულ გულშემატკივარზეც - მათი რაოდენობა ხომ "თენგიზ ბურჯანაძეზე" მუდამ რამდენიმე ათასი იყო. შევეცდებით, ყოველ მატჩზე გამოვყოთ ავტობუსები, რათა მათი გარკვეული ნაწილი მაინც თან წავიყვანოთ", — გვითხრა კლუბის ერთ-ერთმა მესვეურმა ალბერტ საყვარელიძემ.

სიახლეა კლუბის ხელმძღვანელობაშიც. "ზესტაფონში" სპორტულ დირექტორად მიწვეული მიხეილ ხუციშვილის ნაცვლად, "დილას" გუნდის უფროსად იმუშავებს ამ კლუბის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ვანო ხორგუაშვილი. იგი აქამდე ქალაქის გამგებლის მოადგილე იყო და, სხვათა შორის, მაშინაც გამუდმებით "დილას" ირგვლივ ტრიალებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული