ქართული კლუბების დიდი ხუთეული - G5

AutoSharing Option
როდის ამოქმედდება შარშან დაკონსერვებული პროფესიული ფეხბურთის ლიგა, ეს ჯერ არავინ იცის, ამასობაში კი, "ვიტ ჯორჯია" საყურადღებო ინიციატივით გამოვიდა. ამის თაობაზე ერთი თვის წინ "ვიტ ჯორჯიას" სპორტულ დირექტორს დავით თავართქილაძეს ვესაუბრეთ.

"ვინაიდან პროფესიული ფეხბურთის ლიგა აღარ მოქმედებს, ჩვენი კლუბის სურვილია, ეს ვაკუუმი ქართული კლუბების ასოციაციამ შეავსოს, რომელშიც ყველა ჩვენი პროფესიული გუნდი გაერთიანდება. იმედია, ჩვენს მოსაზრებებს კლუბები გაიზიარებენ. მიგვაჩნია, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის ასეთი გაერთიანება აუცილებელია, რადგან კლუბების ინტერესები უნდა დავიცვათ.

ორგანიზაციის ქმედითუნარიანობისთვის აუცილებელია სახსრები, რომელიც პროფლიგამ ვერ მოიზიდა და ამიტომაც
დაიშალა. ჩვენ ფულის მოზიდვის იმედიც გვაქვს და კონკრეტული პროექტიც. ჟენევაში, კლუბების ასამბლეაზე საინტერესო იდეა შემოგვთავაზეს - საქართველოშიც და უცხოეთშიც არის ტოტალიზატორები, რომლებიც ჩვენი ჩემპიონატის მატჩებზე ფსონებს იღებენ. იდეა ასეთია: ეროვნული ჩემპიონატი არის ჩვენი პროდუქტი, რომლითაც ტოტალიზატორები სარგებლობენ და თუ იქნება საკანონმდებლო ინიციატივა ან ნორმატიული აქტი, ტოტალიზატორები ვალდებულები იქნებიან, მოგების გარკვეული ნაწილი საქართველოს კლუბების ასოციაციას ჩაურიცხონ.

ეს არის მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი. ამის შესახებ გველაპარაკა ევროპარლამენტის დეპუტატი ივო ბელეტი და უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო", - თქვა თავართქილაძემ.

ეს იდეა გააჟღერა კლუბმა, რომელიც პროფესიული ფეხბურთის ლიგის არსებობას პრინციპულ საქმედ მიიჩნევდა, რადგან ეს კომერციალიზაციისკენ გადაგმული ნაბიჯი იყო, თუმცაღა ხშირად არ ეთანხმებოდა ლიგის მიდგომებს. ანუ "ვიტ ჯორჯიაში" მაშინაც ფიქრობდნენ, რა ფორმით აჯობებდა კლუბების გაერთიანება?

იდეის გაჟღერებიდან ერთი თვე გავიდა; რა ნაბიჯი გადაიდგა მის განსახორციელებლად? დავინტერესდით და საინტერესო ფაქტები შევიტყვეთ: "ვიტ ჯორჯიამ" აზრი გაუზიარა ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიდერს, პირველად მხარდაჭერა თბილისის "დინამომ" გამოუცხადა, მათი პოზიცია გაიზიარა რუსთავის "მეტალურგმაც".

ცხადია, ინიციატივა გააცნეს "ზესტაფონსაც" და ქუთაისის "ტორპედოსაც" და მათგანაც მხარდაჭერას იმედოვნებენ. კლუბები ქართული ფეხბურთის, ეროვნული ჩემპიონატის უკეთ მოწყობისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების თაობაზე ერთი აზრისანი არიან - ფედერაციამ მათ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და გაიზიაროს კლუბების გამოცდილება და ინტერესები.

ქართული კლუბების დიდი ხუთეულის, ანუ როგორც მონათლეს, G5-ის შეხვედრა უახლოესი პერიოდისთვის მზადდება. შესაძლოა, ამ გაერთიანებით ფედერაციას გაუჩნდეს გარკვეული ალტერნატიული სათათბირო, სადაც კლუბების ინტერესებს დაიცავენ და მას საჯაროდ გამოიტანენ.

თუმცა ეს არ აშინებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტ გია ფირცხალავას: "იდეა ძალიან საინტერესო და გასაგებია, მისაღები იქნება ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც ქართული ფეხბურთის სამხურში ჩადგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული