დინამო-მეტალურგი 2:3 - რუსთავული არტილერია მაისურაძის ART-გოლებით

AutoSharing Option
16.10. 2011 თბილისი, მ. მესხი. 2000 მაყურებელი
დინამო-მეტალურგი 2:3
0:1 მიქაბერიძე (5), 1:1 ალვარო (13), 1:2 მაისურაძე (28), 1:3 მაისურაძე (37), 2:3 კახელიშვილი (52).

დინამო მეტალურგი
4-2-3-1 4-2-3-1
გრიშიკაშვილი ბედიაშვილი
ოდიკაძე სეთურიძე
თომაშვილი კვახაძე
ჰომოლა მახვილაძე
რეხვიაშვილი ჯაფარიძე
კვეკვესკირი რაზმაძე
კოშკაძე ქავთარაძე
ალვარო ჭედია
კოტო მიქაბერიძე
კახელიშვილი მაისურაძე
ჩისკო ტატანაშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ა. გარსია კ. ჟორჟიკაშვილი

დინამო:
52. კვეკვესკირი - იაგუე
61. კახელიშვილი - ჯიღაური
72. კოტო - რობერტინიო
სათადარიგოები: ნადირაძე, კაკუბავა, თექთურმანიძე, ლექვთაძე.
მეტალურგი:
62. ქავთარაძე - დობროვოლსკი
71. მიქაბერიძე - მოდებაძე
79. მაისურაძე - გავაშელიშვილი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, პავლიაშვილი, ჩადუნელი.

გაფრთხილება: კვეკვესკირი (16),
ჩისკო (18), რაზმაძე (45), კვახაძე (55), ჯიღაური (72), მახვილაძე (85), ოდიკაძე (89).
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა შეხვედრა ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით - იყო დაძაბულობა, სწრაფი ტემპი, მაყურებელთა ემოციები და, რაც მთავარია, ერთმანეთზე უკეთესი გოლები.

თუმცა მანამდე იყო წვიმა, რომელმაც შეხვედრა ვერ გააფუჭა, რადგან ხარისხიან საფარზე თამაში ავდარშიც შესაძლებელია თანაც და ამან მატჩს დამატებითი ინტრიგა შეჰმატა - ასეთ დროს არაორდინარული გადაწყვეტილებები ორმაგად ფასობს.

"დინამო" VS "მეტალურგი" - საუკეთესო შეტევა საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ" - თბილისური კლუბის ვებგვერდმა ასე დაანონსა მატჩი, რომლის გამარჯვებულიც სტუმართა მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი გახდა, მან კოლეგა ალექს გარსიას აჯობა,უპირველესად, სტრატეგიით, აქცენტებით, თამაშის სწორი წარმართვითა და კონტრშეტევებისას გონივრული მოქმედებით.

რუსთაველთა ნახევარდაცვა მეტოქეზე უფრო აქტიური და მობილური იყო, დაცვიდან თავდასხმაში ერთი შეხებით გადადიოდა და ბურთის "თრევაში" დროს არ კარგავდა. სტუმრებმა დინამოელებს სივრცეც შეუზღუდეს. კიდევ - ჟორჟიკაშვილმა ნაწვიმარ მოედანზე "დინამოს" წინააღმდეგ მშვენიერ იარაღს მიაგნო - შორიდან დარტყმებს, რაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კიდევაც აღნიშნა.

ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა: გიორგი მიქაბერიძე საჯარიმოს ხაზთან მცველებს გასცდა და ზუსტად დაარტყა - 0:1.

ეს დავიმახსოვროთ და მოვლენებს გავუსწროთ: რუსთაველს ამ ეპიზოდში მცველები მჭიდროდ არ ეთამაშნენ. ზუსტად ასე გავიდა სტუმართა სხვა გოლებიც - დინამოელები მოწინააღმდეგეს ბურთის თავისუფლად ფლობის საშუალებას აძლევდნენ. მერე მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს და თავისუფალ სივრცეს უხშობდნენ, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.

თბილისელები გონს მალე მოეგნენ და მე-13 წუთზე სწრაფი კომბინაციით ანგარიში გაათანაბრეს: ჩისკომ საჯარიმო შეტევაში ალვარო ჩართო, რომლის გადაცემაც გიორგი კახელიშვილმა ვერ მიიღო, მცველის მოგერიებული ბურთი კი თავად ალვარომ გაგზავნა კარში - 1:1.

25-ე წუთზე "დინამოს" დაწინაურებაც შეეძლო: დავით ოდიკაძემ ჩინებული გადაცემით ჩისკო მეკარეს შეატოვა, მან ბედიაშვილს ბურთი თავზე კი გადაუგდო, მაგრამ სუსტად და კარში ჩამდგარმა მცველმა ვითარება განმუხტა.

არ გაიტანეს და, როგორც ხდება ხოლმე, გაუშვეს: 28-ე წუთზე რუსთაველთა მარცხენა ნახევარმცველ ირაკლი მაისურაძეს საჯარიმოსთან ხელი კვლავ არ შეუშალეს, მან კი ბურთი მცველთა შორის გააძვრინა - 1:2.

33-ე წუთზე "დინამო" გადარჩა: კუთხურიდან მაისურაძის ჩაწოდებულ ბურთს თავი გიორგი ქავთარაძემ შეაგება, მაგრამ სოსო გრიშიკაშვილმა ხუთიოდე მეტრიდან დარტყმული მოიგერია.

37-ე წუთზე "დინამოს" კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, კვლავ მაისურაძემ ივარგა და თანაც როგორ - საჯარიმოს კუთხიდან ეფექტურად გასროლილმა ბურთმა გრიშიკაშვილს ზემოთ გადაუქროლა - 1:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში ალექს გარსიამ საყრდენი ნიკა კვეკვესკირი თავდამსხმელ იაგუეთი შეცვალა, ჩისკო ნახევარდაცვაში დახია და "მეტალურგის" დაცვის გარღვევას მეტად შემტევი ნახევარმცველით შეეცადა.

"დინამო" მართლაც დაეუფლა უპირატესობას, მალე კი ანგარიშიც შეამცირა: ჩისკოს შესრულებული ჯარიმისას მცველიდან ასხლეტილი ბურთი საჯარიმოში კახელიშვილს მიუგორდა და 2:3.

თამაში დაიძაბა, დინამოელები უტევდნენ, მაგრამ რუსთაველებს ვერაფერი მოუხერხეს. "მეტალურგი" მწვავე კონტრშეტევებით მასპინძლებს პრობლემებს კვლავაც უქმნიდა: 58-ე წუთზე გიორგი ჭედიას გადაცემით მეკარესთან პირისპირ დიმიტრი ტატანაშვილი დარჩა - გრიშიკაშვილმა თავისიანები გადაარჩინა.

69-ე წუთზე კი ჩისკოს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა: ჯაბა ჯიღაურის ეფექტური ჩაწოდების შემდეგ ესპანელი მცველს გაექცა და კარის წინ გაიხსნა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა.

მე-80-ე წუთზე "დინამო" ისევ გადარჩა: დენის დობროვოლსკის კუთხურის შემდეგ უმეთვალყურეო გავაშელიშვილმა ბურთი კარს მცირედით ააცილა.

ბოლო წუთზე ირაკლი მოდებაძემ მარცხენა ფლანგზე ეფექტურად ჩამოიცილა ოდიკაძე, მაგრამ გრიშიკაშვილს ვერ აჯობა, მალე არბიტრმაც ჩასტვინა და 2:3 კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი "მეტალურგის" სასარგებლოდ.

სატურნირო ცხრილი
ზესტაფონი 9 6 2 1 18 12 20
დინამო 9 6 1 2 19 10 19
მეტალურგი 9 5 2 2 12 7 17
ბაია 9 5 1 3 13 6 16
ტორპედო 9 5 1 3 9 6 16
მერანი 9 4 2 3 11 10 14
ვიტ ჯორჯია 9 4 2 3 10 11 14
დილა 9 3 1 5 13 14 10
გაგრა 9 3 1 5 10 12 10
გაგრა 9 1 4 4 5 10 7
კოლხეთი 9 1 3 5 5 12 6
სიონი 9 0 2 7 3 18 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურე თამაშს. დავიჯერო ეს ბიჭები (რამოდენიმე მაინც) ვერ ითამაშებს ნაკრების დონეზე!? და დვალიშვილი ჯობია ამათ?
Aleqsa
11:04 17-10-2011
0

სიახლეები პოპულარული