წინასამატჩო განწყობაზე "ბაიასა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ნიკა აფაქიძე გველაპარაკება.
- რას იტყვი მომავალ მატჩზე?
- მეტოქე თბილისის "დინამოა" და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ არანაირი დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება.
- მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებით?
- "დინამოს" მიმართ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების დიდი პატივისცემის მიუხედავად, განსაკუთრებულად ვემზადებითო, მაინც ვერ ვიტყვი, რადგან "ბაიასთვის" ახლა ყველა თამაში მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე ვიხარჯებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ.
- დინამოელთაგან განსაკუთრებით რომელია
- ალბათ, გამოცდილი ჩისკოს განეიტრალება აუცილებელი იქნება, მაგრამ უფრო მეტ საფრთხეს მაინც კოშკაძისგან ველით, რომელიც "დინამოს" ლიდერი და წამყვანი ძალაა.
- გამარჯვება ორივეს გჭირდებათ, "ბაიას" სამეულში დაწინაურების შანსი აქვს.
- ლიდერებთან სამი ქულა ჯერ არ მოგვიპოვებია და თუ მართლა გვინდა სამეულში მოხვედრა, ხვალინდელი გამარჯვება საამისოდ თამამი განაცხადი იქნება. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, "დინამოსთან" მოგება ყოველთვის სასიხარულოა.
- ლიდერებთან ჯერ არ მოგვიგიაო, თქვი. მათი კომპლექსი ხომ არ დაგჩემდათ?
- არანაირი კომპლექსი, გამოუცდელობის ბრალი უფროა. წინა სეზონთან შედარებით, წლეულს ღირსეულად ვეთამაშეთ "ზესტაფონს" და იმედია, არც "დინამოს" ელის გასეირნება.
- თბილისელებს გასეირნება არ ელითო - ეს სიტყვები ქვეცნობიერად იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფრესაც წარმატებად მიიჩნევთ და მოგების არ გჯერათ?
- არა, ასე ნამდვილად არ არის, მოედანზე სამი ქულისთვის გავალთ, მაგრამ ფრეც რომ არ იქნება ურიგო შედეგი, მგონი, საკამათო არ უნდა იყოს.
- "დინამოს" პლუს-მინუსებზე რას გვეტყვი?
- ჩვენი მეტოქე დიდი დანაკლისით ჩამოდის, მეკარე გიორგი ლორიასა და ნიკა კვეკვესკირის არყოფნა დაეტყობათ. რაც შეეხება პლუსებს, ფაქტობრივად, ყველა რგოლში გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, ასეთ შეხვედრებში კი გამოცდილება ბევრს ნიშნავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"