"ზესტაფონმა" "სპარტაკი" 5:1 დაამარცხა

AutoSharing Option
2011 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩები გაიმართა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს ცხინვალის საფეხბურთო კლუბი "სპარტაკი" და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა იმით გახლდათ აღსანიშნავი, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარის გამოცვლის შემდეგ, ზესტაფონელებმა ამ სტადიონზე პირველი მატჩი გამართეს. კარგ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულმა მარგველებმა "მიხეილ მესხის" მშვენიერ მდგომარეობაში მყოფ მწვანე ხალიჩაზე უშანსოდ დაამარცხეს მეტოქე და განიმტკიცეს როგორც ჩემპიონატის ლიდერის პოზიცია, ასევე წესრიგში მოყვანილ სტადიონებზე მეტოქეთა მჩაგვრელის სახელი (წინა ასეთ
შემთხვევას 7 აგვისტოს ქუთაისის სტადიონზე სეზონის სასტარტო და ქუთაისურ არენაზე სათამაშო მოედნის განახლების შემდეგ გამართულ პირველ ოფიციალურ მატჩში ჰქონდა ადგილი).

შეხვედრის საწყისს წუთებში ცხინვალელებმა იაქტიურეს და სცადეს თამაშის სტუმართა ნახევარზე გადატანა. ზესტაფონელები შიდაქართლელთა სასტარტო აქტიურობას მშვიდად შეეგებნენ და მალევე ბურთიცა და ტერიტორიაც თავად დაისაკუთრეს, რასაც ტაიმის შუაწელს გატანილი გოლიც მოჰყვა - 26-ე წუთზე ზემოიმერლებმა მრავალსვლიანი შეტევა გაითამაშეს, რომელიც თორნიკე აფციაურის უზუსტესი გადაცემით, ნიკოლოზ გელაშვილის დასარტყმელ პოზიციაზე გასვლითა და მისივე ზუსტი გასროლით დაგვირგვინდა. უნდა ითქვას, რომ გატანილი გოლი მისმა ავტორმაც და მთელმა გუნდმაც გიორგი ონიანის რამდენიმე დღის წინ დაბადებულ ვაჟ ნიკოლოზს მიუძღვნა.

დაწინაურების შემდეგაც სტუმრები თავის აქტიური თამაშით ცხინვალელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და ტაიმის მიწურულს ამ აქტიურობისათვის მასპინძელთა კარში გატანილი კიდევ ორი გოლით დაჯილდოვდნენ - 37-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ზესტაფონელთა მიერ წამოწყებულმა იერიშმა მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთან ჰპოვა გაგრძელება, იქ კი ირაკლი ძარიას საგოლე გადაცემითა და ჯაბა დვალის გოლით დასრულდა; 45-ე წუთზე კი გრიგალაშვილი-გელაშვილი-გრიგალაშვილის სწრაფ აქციას ამ უკანასკნელის მიერ ცხინვალელთა კარის მესამედ აღება მოჰყვა.

პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა თავიდან სტუმრებმა თავს მცირედი მოდუნების უფლება მისცეს, რამაც ცხინვალელთა მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი დიდწილად განაპირობა - გოლი 60-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ გაიტანა. ამის შემდეგ თამაში საბოლოოდ გაიხსნა და კარგი საყურებელიც გახდა. ორივე გუნდი ბევრს აქტიურობდა, თუმცა გოლები ისევ უფრო "კლასიანს" გაჰქონდა. 72-ე წუთზე ჯაბა დვალმა გოლად გიორგი ონიანის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა აქცია, მანვე 81-ე წუთზე ჰეთ-თრიქიც გაიფორმა და დღევანდელი მარგველურ-შიდაქართლური დაპირისპირების საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-1 .

აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ალექს ბენაშვილმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მაისურით ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებში დღეს 117-ედ იასპარეზა, რითაც სევასტი თოდუას აქამდე სარეკორდო 116-მატჩიანი მაჩვენებელი გააუმჯობესა და ახალი რეკორდის ავტორობა დაისაკუთრა..

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, მშობლიურ "დავით აბაშიძეზე" გამართავს. ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიას" უმასპინძლებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

"სპარტაკი"-"ზესტაფონი" 1:5 (0:3)

გოლები: 1:0 გელაშვილი (26) 0:2, 1:4, 1:5 დვალი (37, 72, 81), 0:3 გრიგალაშვილი (45), 1:3 შონია (60)
გაფრთხილებები: ვენაშვილი, ბოიომო, კილასონია
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

სპარტაკი: ძაგანია, თიბილიაშვილი, ლომაია, ბოიომო, ხუბუა შალამბერიძე (რუხაძე 82), შონია, კილასონია (მაისურაძე 52), მამუჩიშვილი, შარაშენიძე (ჯიქია 74), მეტრეველი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

ზესტაფონი: კვასხვაძე (მამალაძე 67), ბენაშვილი, ონიანი, საჯაია, ელიავა, ძარია, გორგიაშვილი (ფიფია 66), გრიგალაშვილი, აფციაური, გელაშვილი (წინამძღვრიშვილი 71), დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული