"გაგრამ" გამარჯვება გაიხსენა

AutoSharing Option
22.10. თბილისი. მერანი (ზეემკა). 800 მაყურებელი
გაგრა-დილა 2:1
1:0 ხუციძე (15), 1:1 ბერაია (68. პ.ხორგუაშვილის პასით ), 2:1 შარიქაძე (88)
გაგრა (4-1-3-2) დილა (4-4-2)
სეფიაშვილი მერლანი
ყურულაშვილი ლომიძე
კალანდაძე ქარქუზაშვილი
ტყეშელაშვილი ბაქრაძე
ჯიშკარიანი ვ.ხორგუაშვილი
ნაკონეჩნი ჯოჯუა
ხუციძე პ. ხორგუაშვილი
სიჭინავა ნემსაძე
შარიქაძე რაჟამაშვილი
კვანტალიანი დ. ჩაგელიშვილი
ჯერემია ახალკაცი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ზ. ჯელაძე გ.ცეცაძე

გაგრა
54. ჯერემია - მაგაჯი
67. მაგაჯი - გაბედავა
78. ყურულაშვილი - ზ. ხეტიანი
სათადარიგოები: ბეგაშვილი, გაბუნია, ჭკუასელი, ზვიადაძე
დილა
55. დ. ჩაგელიშვილი - გ. თოდუა
60. ჯოჯუა - ნ. ნოზაძე
63. ახალკაცი - ი. ბერაია
სათადარიგოები: შეყრილაძე, ცარიელაშვილი, გოგინაშვილი,
ლ.ჩაგელიშვილი
გაფრთხილება: ჯერემია (50), რაჟამაშვილი (65), ტყეშელაშვილი (84), ქარქუზაშვილი (89)
არბიტრი: ლ. სილაგავა

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დანიშნული ზვიად ჯელაძის ხელმძღვანელობით "გაგრამ" პირველი შეხვედრა ჩაატარა და ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიაც შეწყვიტა.

თანაბარქულიან მეტოქეთა დაპირისპირება საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. გაგრელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და მალე ანგარიშიც გახსნეს: ნიგერიელი ჯონ ჯერემიას ძლიერად დარტყმული გორელთა მცველმა დავით ბაქრაძემ მოიგერია, მაგრამ ბურთი ირაკლი ხუციძეს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი და ტექნიკური დარტყმით მირზა მერლანს შანსი არ დაუტოვა - 1:0.

ამის მერე, ხანმოკლე პერიოდში, მასპინძლებს კიდევ სამჯერ შეეძლოთ გატანა: საკმაოდ აქტიური ნაკონეჩნის მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, შემდეგ შარიქაძის მცდელობა დასრულდა უშედეგოდ, ბურთი მცირედით ასცდა კარს, საჯარიმოში შესულ ჯერემიას კი მოულოდნელად ფეხი დაუცდა და წაიქცა.

ტაიმის შუაში "დილას" ფეხბურთელებიც გამოფხიზლდნენ: მოედნის ცენტრიდან პავლე ხორგუაშვილი დაიძრა, რამდენიმე მცველს აუარა გვერდი, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია დაკარგა და არაზუსტად დაარტყა. მე-40 წუთზე გორელებს რეალური მომენტი ჰქონდათ, დავით რაჟამაშვილის სახიფათოდ ჩაწოდებულ კუთხურს არავინ გამოეხმაურა, არადა, ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუქროლა სეფიაშვილის კარს.

განსაკუთრებით კარგი სანახავი იყო მეორე ნახევარი, ტემპთან ერთად იმატა კარში დარტყმებმაც. გორელ დავით ჩაგელიშვილის მარცხენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ მცველები დაიბნენ, თუმცა ვერც ნემსაძე და ვერც ახალშემოსული თოდუა სიტუაციაში სწრაფად ვერ გაერკვნენ და ანგარიში უცვლელი დარჩა.

სტუმართა დამრიგებელმა გიორგი ცეცაძემ თამაშის გადასარჩენად ცვლილებებს მიმართა და, რომ იტყვიან, გამოიცნო კიდეც: მოედანზე შესვლიდან ზუსტად ხუთ წუთში ირაკლი ბერაიამ ხორგუაშვილის ჩინებული პასი შესანიშნავად გამოიყენა - 1:1.

ცოტა ხანში, შალვა კვანტალიანის რეიდის შემდეგ, თავის გამოჩენის იდეალური შანსი მიეცა მეკარესთან მარტო დარჩენილ გიორგი გაბედავას, რომელიც, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ ბაქრაძემ ზედ კარის ხაზიდან კუთხურზე მოიგერია ბურთი. გატანის შანსი ჰქონდათ ასევე რაჟამაშვილსა და ბერაიას, მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

მატჩი "გაგრამ" ბრძოლისა და გამართლების წყალობით მაინც მოიგო: ბოლოსწინა წუთზე მიკოლა ნაკონეჩნის ჩაწოდებულ კუთხურს "დილას" საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ ბურთი მიუვიდა ლევან შარიქაძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა. ამით მან თავის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

გასახდელისკენ მიმავალ ფეხბურთელებს შორის მცირე ექსცესი მოხდა, რომელსაც ტრიბუნებზე მყოფ ქომაგთა გაღეზიანებაც მოჰყვა. როგორც გაირკვა, გაგრელი ლაშა კალანდაძე და გორელი ვაჟა ნემსაძე შელაპარაკდნენ, თუმცა საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფამდე არ მისულა და კონფლიქტი გუნდის ხელმძღვანელთა ჩარევის შემდეგ მალევე ამოიწურა.

მატჩის შემდეგ
ზვიად ჯელაძე: სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან პრინციპული თამაში იყო. ბიჭებმა მოინდომეს, თან გაგვიმართლა კიდეც და სასურველი სამი ქულაც მოვიპოვეთ. მიხარია, რომ ამდენი წარუმატებლობის შემდეგ, როგორც იქნა, ნავსი გავტეხეთ და გავიმარჯვეთ.

გიორგი ცეცაძე: შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი თამაში იყო და ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება. ვფიქრობ, იღბალმაც ზურგი გვაქცია. პირველ ტაიმში ცუდად გამოვიყურებოდით, შემდეგ შეცვლებით გამოვასწორეთ მდგომარეობა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩემი ფეხბურთელების გარჯით უკმაყოფილო ვარ, ვეცდებით, დარჩენილი მატჩები უკეთესად ჩავატაროთ.

ბესიკ გვაზავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული