"დილას" და ცეცაძის გზები გაიყარა

AutoSharing Option
გუშინ "დილამ" ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო, თანაც შინ, ამჯერად ცხინვალის "სპარტაკთან" (1:2) და კლუბის ახალმა დირექტორმა ზურაბ დალაქიშვილმა მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გორელებმა ჩემპიონატის სტარტზე ფეხბურთი უფრო კარგი აჩვენეს, ვიდრე შედეგი - ბოლოს და ბოლოს, "ზესტაფონი" სტუმრად 4:0 დაამარცხეს, ღია და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც ცეცაძის დამსახურება იყო, მაგრამ ბოლო ოთხი ტურია, გუნდი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა - რა გახდა ამის მიზეზი?
"როდესაც ოთხ მატჩს წააგებ, გათავისუფლება არ უნდა გაგიკვირდეს. "სპარტაკთან" მატჩის შემდეგ ეს გადაწყვეტილება რომ მაცნობეს,
კითხვები არ დამისვამს. ფაქტია, რომ კონცენტრაცია ვერ მოვახერხეთ, იყო რაღაც სხვა მიზეზებიც, რამაც ჩავარდნა გამოიწვია. მაგრამ სხვაზე გადაბრალება არ მიყვარს, ესეც ჩემი ბრალი იყო. მოვა სხვა მწვრთნელი და, იმედია, საქმეს უკეთ გაუძღვება.

თუმცა, მიმაჩნია, რომ "დილაში" ცუდი სამუშაო არ ჩამიტარებია, ალბათ, მაყურებელს პატარა სიხარულიც მივანიჭეთ და იმედია, მცირე მადლიერების გრძნობა მაინც დარჩათ. სხვა ყველაფერი ბუნებრივია, იგებ, კარგად ხარ, აგებ და - გიშვებენ" - ამბობს ცეცაძე.

დალაქიშვილის თქმით, გუნდს დროებით რამაზ სოღოლაშვილი გაწვრთნის, გორელთა ყოფილი მეკარე, რომელსაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მუშაობის გამოცდილება და "ა" კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული