რევაზ გოცირიძე: "ზესტაფონთან" გამარჯვებას ორმაგი ფასი დაედება

AutoSharing Option
30 წლის რევაზ გოცირიძე "ტორპედოს" შემადგენლობაში ბოლო ტურებში გამოჩნდა და მწვრთნელის ნდობაც გაამართლა: ორ ტურში სამი გოლით გუნდის წინსვლას შეუწყო ხელი და ქუთაისელები მეორე ადგილზე დაწინაურდნენ.

- ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანე. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება: Aაშკარაა, სტიმულიც მოგემატა და მონდომებაც.
- ცხადია, მიხარია, გეგუჩაძე რომ მენდობა და მათამაშებს. თანაც, "ტორპედომ" შემტევი ფეხბურთის თამაში დაიწყო, რაც თავდამსხმელს ყოველთვის ხელს აძლევს და ეს ყევლაფერი ჩემს განწყობა-მდგომარეობაზეც აისახა. გუნდის გარდაქმნამ, ცხადია, ჩემზეც იმოქმედა - ეს სამი გოლი ხომ თანაგუნდელების დამსახურებაა. ისინი
ხელს რომ არ მიწყობდნენ, მარტო ვერაფერს მოვახერხებდი.

- კვირას "ზესტაფონთან" პრინციპული მატჩი გელით.
- პრინციპულიც და უძნელესიც, რადგან ვხვდებით საქართველოს საუკეთესო გუნდს, რომელიც ჩვენში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ამის მიუხედავად, არა მგონია, უშანსოდ ვიყოთ. ჩვენსას შევეცდებით და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა მოედანზე გამოჩნდება, რამდენად შეესაბამება ჩვენი სურვილი ამბიციას.

ამ მატჩს მნიშვნელობას ისიც მატებს, რომ "ზესტაფონი" ლიდერია, ჩვენ კი მეორე ადგილზე ვართ და გამარჯვებას ორმაგი ფასი დაედება.

- "ზესტაფონისთვის" ადრეც გაგიტანია.
- თუ არ ვცდები, ორჯერ გავუტანე, პირველად მაშინ, "ამერში" რომ გამოვდიოდი, მეორედ კი რუსთავის "ოლიმპში" თამაშისას. წლეულს იოლი მეტოქე არც მეგულება, ჩემპიონის კარში გატანა კი უფრო ძნელი და გასახარი იქნება.

- "ზესტაფონის" პლუს-მინუსებზე რას გვეტყოდი?
- ამაზე თამაშამდე მწვრთნელი უკეთ გვეტყვის. ზოგადად კი, "ზესტაფონს" მინუსებზე ბევრად მეტი პლუსი აქვს. მთავარია, მათი შეცდომებით ვისარგებლოთ. თუმცა ძლიერი დაცვა ჰყავს, რომელიც იშვიათად ცდება.

- ზესტაფონელი მცველებიდან ვის გამოარჩევდი?
- მე უფრო იმას ვფიქრობ, ვინ შეიძლება, არ გამოვარჩიო და ასეთს ვერ ვასახელებ. ედიკ საჯაია და გიორგი ონიანი გამოცდილი და ძლიერი მცველები არიან, ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან პერსპექტიულია მამუკა კობახიძე. ასეთ დაცვას ნებისმიერი ქართული გუნდი ინატრებდა.

- ფლანგის მცველები არ გიხსენებია.
- მხოლოდ ცენტრალური მცველები იმიტომ ვახსენე, რომ ცენტრალური თავდამსხმელი ვარ და უმთავრესად მათთან მიწევს თამაში, თორემ ფლანგებზეც არანაკლებ ძლიერი ბიჭები ჰყავთ.

- ბოლოდროინდელი წარმატებები "ტორპედოს" უფრო თავდაჯერებულს გახდიდა.
- ქულები ქულებად და, ფსიქოლოგიურადაც გავწონასწორდით, გამოჩნდა, რომ ლიდერებში ყოფნა შეგვძლებია. კიდევ უფრო სასიამოვნოა, შემტევი ფეხბურთით რომ ვიგებთ.

- შენი აზრით, გუნდს აქვს საჩემპიონო პოტენციალი?
- უეჭველია, რომ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არის თუ არა ეს საჩემპიონო შემადგენლობა, ამაზე ლაპარაკი მაინც ნაადრევია.

- ისევ "ზესტაფონთან" შეხვედრას დავუბრუნდეთ: როგორია შენი პროგნოზი?
- ამინდის პროგნოზი უფრო გამიადვილდება, ვიდრე ამ შეხვედრისა. თანაც, პროგნოზების კეთება არ მიყვარს. იმერული დერბი ყოველთვის დაძაბული და საინტერესო იყო და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება.

ხომ იცით, ყველა რეგიონში არის ასეთი ინტრიგა, რომელი ქალაქის გუნდია უფრო ძლიერი. ეს ფაქტორი "ზესტაფონი" - "ტორპედოს" დაპირისპირებისასაც მძაფრია. იმერულ დერბიში ადრეც მითამაშია და უინტერესო შეხვედრა არ მახსენდება, რადგან მაყურებლის განწყობა ფეხბურთელებსაც გადმოგვედება ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული