სპარტაკი-მერანი 1:2 - "მერანი" ყველას აოცებს

AutoSharing Option
06.11. საგურამოს ბაზა. 200 მაყურებელი
სპარტაკი-მერანი 1:2
0:1 ე.გრიგალაშვილი (26.კაკუშაძის პასით), 1:1 შალამბერიძე (41.ბოიომოს პასით), 1:2 სუხიაშვილი (81.მემარნიშვილის პასით)

სპარტაკი (4-3-2-1) მერანი (4-4-2)
ძაგანია შეროზია
თიბილაშვილი კაკუშაძე
სეფიაშვილი გ.ჟვანია
ბოიომო იობაშვილი
დ.ლომაია სუხიაშვილი
ხუბუა დიდავა
შალამბერიძე ე.გრიგალაშვილი
თ.შონია მანწკავა
მამუჩიშვილი ჩალაძე
რ.ჯიქია ამბროლაძე
მეტრეველი ტაპე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ვ.ხაჩიძე ა.ჩხაბერიძე

სპარტაკი
58.დ.ლომაია-ტეტუნაშვილი
59.მამუჩიშვილი-მაისურაძე
77.რ.ჯიქია-დეკანოიძე
სათადარიგოები:ნ.დაუშვილი,თუხარელი,მამასახლისი,ლობჯანიძე

მერანი
43.შეროზია-შენგელია
46.მანწკავა-მემარნიშვილი
70.ამბროლაძე-სამადაშვილი
სათადარიგოები:ჭაფოძე,ქამუშაძე,ტორაძე,კუჭუხიძე

გაფრთხილება:მანწკავა(33),ხუბუა(36),იობაშვილი(48),დ.ლომაია(53),მემარნიშვილი(54), სეფიაშვილი(63),შალამბერიძე(86)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

საწყის წუთებში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, რეალური საგოლე მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს ტაიმის შუაში: სპარტაკელთა მეკარემ მოულოდნელად კარი დატოვა და ლამის ცენტრამდე ამოვიდა, ამ დროს ბურთი გივი დიდავას მიუვიდა,
რომელმაც კარგადაც დაარტყა, თუმცა მეკარის ფუნქცია დავით ლომაიამ შეითავსა, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მალე მარტვილელთა მრავალსვლიანი კომბინაცია გოლით დაგვირგვინდა: გონივრული პასების წყებას ის მოჰყვა, რომ ბურთი საჯარიმოში ელგუჯა გრიგალაშვილს მიუვიდა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 0:1.

სპარტაკელები, ცხადია, გააქტიურდნენ და ხიფათიც შექმნეს: ხუბუას შორიდან დარტყმული შეროზიამ მოიგერია, შალამბერიძემ დაამატა, მანწკავამ ბურთის საჯარიმოდან გამოტანა დააპირა, თუმცა რიკოშეტის შედეგად ბურთი მარტვილელთა კარის ხარიხას მოხვდა და ანგარიშიც უცვლელი დარჩა. თავის გამოჩენის იდეალური შანსი გააცუდა ლაშა ჩალაძემ, რომელმაც გიგა ჟვანიას დიაგონალური პასი ვერ გამოიყენა.

შესვენებამდე კი ის მოხდა, რომ მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით კობა შალამბერიძემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. აქვე სათქმელია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და "მერანის" მეკარე ჯონი შეროზია ფეხის ტკივილმა შეაწუხა და მწვრთნელებმა მის ნაცვლად მოედანზე სათადარიგო გიზო შენგელია შეიყვანეს.

ამას სტუმრები არ გაუტეხია, მეორე ტაიმი მათი კარნახით წარიმართა. დუბლის შესრულება ორჯერ შეეძლო გრიგალაშვილს, პირველად მცირედით უმტყუნა მიზანმა, შემდეგ კი ცარიელ კარში ვერ გაიტანა. უქმად არც მასპინძლები ყოფილან. საგოლე შანსი ვერ გამოიყენა ნიკოლოზ მაისურაძემ, საპასუხო შეტევისას კი იყო საკამათო ეპიზოდი, როცა მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი გრიგალაშვილი სპარტაკელთა საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ კრიჭაშვილმა პენალტი არ დანიშნა,რისთვისაც მას და მის ასისტენტს ტრიბუნიდან სტუმართა გულშემატკივრების რისხვა დაატყდათ თავს.

81-ე წუთზე კი "მერანმა" თავისი გაიტანა: გიორგი მემარნიშვილმა სწრაფად მოძრავი ანზორ სუხიაშვილი მოძებნა, რომლის უძლიერესმა დარტყმამ ძაგანიას კარის ბადეც შეარხია და მარტვილელებს დამსახურებული გამარჯვებაც მოუტანა.

ბესიკ გვაზავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული