შეგახსენებთ, რომ 2007 წელს უცხოეთში სათამაშოდ წასული გამეზარდაშვილი "ტორპედოს" სამიოდე თვის წინ დაუბრუნდა და გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქუთაისელთა ძირითადი შემადგენლობის 29 წლის უცვლელ წევრთან, "დინამოსთან" გასამართ მატჩამდე ვესაუბრეთ.
- დავით, საუბარი იქიდან დავიწყოთ,
- პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც მე თბილად შემხვდა და ქუთაისში ჩემთვის სარფიანი წინადადებით სათამაშოდ დაბრუნება შემომთავაზა. არაერთი წელი მაქვს ქუთაისის "ტორპედოში" გატარებული, ამ გუნდში დავიწყე კარიერა, გავიზარდე და ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. "ტორპედო" იმ გუნდებს შორის პირველია, რომლის ხსენებისას მე არასოდეს ცუდი სიტყვა არ დამცდება.
- ოთხ წელზე მეტი ლატვიის ჩემპიონატში "სკონტოს" კაპიტნობდი. რა პარალელს გაავლებ ვირსლიგასა და აქაურ უმაღლეს ლიგას შორის?
- როცა თავიდან დავიწყე ლატვიის ჩემპიონატში თამაში, იქ ბევრი ძლიერი გუნდი მონაწილეობდა. მაშინ კი, არამარტო საქართველოს ჩემპიონატს, არამედ ქვეყანასაც კრიზისი ჰქონდა. ხოლო, როცა ლატვიიდან მოვდიოდი, იქაც ჩავარდნა დაიწყო და გუნდები ფინანსურმა პრობლემებმა მოიცვა, რამაც ფეხბურთელების სხვა გუნდებში გადაბარგება გამოიწვია.
მოგეხსენებათ, სახსრების გარეშე საშუალო დონეც ვერ იქნებოდა. იმდროინდელ ლატვიის ჩემპიონატს, როცა მე "სკონტოდან" წამოვედი, შემიძლია ვთქვა, რომ ახლანდელი საქართველოს პირველობა ჯობია. იქ 2-3 გუნდი დარჩა, რომლებიც შედარებით ძლიერები არიან. აქ კიდევ, იოლი გასეირნება არავის ელოდება. ბოლოდან პირველ საფეხურამდე მყოფი გუნდები თავგანწირვით ბრძოლობენ ყველა თამაშში და ეს ფაქტიც, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე ამაღლებულია.
- გუნდში ამჟამად არსებულ სამუშაო ვითარებას როგორ შეაფასებ?
- ვითარება ყოველმრივ პროფესიონალურია. ყველანაირი პირობაა ფეხბურთელისთვის, რომ მან თავი ნამდვილ პროფესიონალად იგრძნოს.
- ახლანდელ საკუთარ კონდინციებზე რას იტყვი?
- ვერ ვიტყვი, რომ ასი პროცენტით მზად ვარ. ცოტა მაკლია სრულ ნიშნულამდე, რასაც, ალბათ, შეკრების გავლით მივაღწევ.
- "ტორპედოს" უწყვეტი მოგებების სერია - რის ხარჯზე ახერხებს გუნდი ასეთ სტაბილურ თამაშს?
- ეს უპირველესად, ერთსულოვნების შედეგია. ფეხბურთელიდან დაწყებული, ჩვენი მაისურების მრეცხავით დამთავრებული, გუნდში ურთიერთგაგება და ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. მგონი, სწორედ ასეთი სიტუაცია თამაშობს დიდ როლს ჩვენს წარმატებებში.
- "ტორპედოს" ჩემპიონატში რისი მიღწევის პოტენციალი გააჩნია?
- ჩემი აზრით, ცხრილის სათავესთან მაქსიმალურად მიახლოვების. "ტორპედოს" მიმდინარე ჩემპიონატში შესწევს ძალა, პირველი ან მეორე ადგილი დაიკავოს. ეს იქნება რეალური.
- გამორჩეული მატჩი შენი "ტორპედოში" დაბრუნების შემდეგ?
- "დინამოსთან" მოგებაც ტკბილად დამამახსოვრდა. თუმცა, უფრო მეტად ზესტაფონში გამარჯვებას გამოვარჩევდი, რასაც ძნელად თუ ვინმე ელოდა, მაგრამ ეს ჩვენ შევძელით.
- ქუთაისში პირადი გულშემატკივრებიც ბლომად გყავს...
- ძალიან ვაფასებ მათ თანადგომას. მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოციებით ვარ განმსჭვალული მათდამი. კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვისაც ჩემზე გული შესტკივა. მადლობას ვეტყვი იმ უცხო ადამიანსაც, ვინც მე ტაშს დამიკრავს. ასევე, თავს ვიხრი იმათ წინაშე, ვინც ჩემს სახელს სტადიონზე სკანდირებს.
- ხვალ, მორიგი ქართული "კლასიკოა". რას ელი ამ დაპირისპირებისაგან?
- დიდი მოლოდინი გვაქვს ყველას. უშუალო კონკურენტია და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თამაში იქნება. დიდ პატივს ვცემ "დინამოს", ძალიან კარგი და კოლექტიური გუნდია, თუმცა ჩვენც ერთად შეკრულნი და მობილიზებულნი ვართ, რათა მოედანზე საბრძოლველად გავიდეთ და ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- თქვენთვის სასურველი შედეგი რა იქნება?
- რა თქმა უნდა მოგება. ვერ ნახავთ ისეთ ფეხბურთელს, რომელიც მოედანზე მოსაგებად არ გადის. ჩვენ, მწვრთნელის მიერ შემუშავებული სქემით ვითამაშებთ და ვნახოთ, რა გამოვა.
მას შემდეგ, რაც ჩვენ "დინამოს" პირველ წრეში მოვუგეთ, "ტორპედოში" სასიკეთო ძვრები მოხდა. ახალი მწვრთნელების დამსახურებით გუნდმა მოკლე მონაკვეთში თავისი თამაში იპოვა და ცოტა დაალაგა. ფეხბურთელებმაც მოედანზე ჩვენი ფუნქციები მეტად შევისწავლეთ.
"დინამო" ქუთაისში დამარცხების შემდეგ, რევანშისთვის იქნება მოტივირებული და ამ მატჩში შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ითამაშებს. მეტოქის ერთ-ერთი პლიუსია მასპინძლის რანგში ყოფნა. ჩვენ, ფარ-ხმალს არავითარ შემთხვევაში არ დავყრით და ვფიქრობ, სანახაობაც გამოვა.
- ქუთაისელ გულშემატკივრებს, სავარაუდოდ, დიდხანს ემახსოვრებათ შენი გადამწყვეტი გოლები "დინამოსთან", ალბათ, გასატანად ამჯერადაც არაფერს დაიშურებ...
- ადვილი მისახვედრია, სტანდარტულ მდგომარეობებზე შეტევაში მხოლოდ გოლის გასატანად ჩავდივარ. წინა თამაშში "დილასთან" "ტორპედოს" მაისურით გოლის გემოც გავიხსენე. მგონი, "დინამოსთან" მატჩზეც დაინიშნება სახიფათო სტანდარტი და ძალიან ვეცდები ჩემმა თამაშმა შედეგი გამოიღოს.
- ორიოდ სიტყვით, ეროვნული თასის მეოთხედფინალში ჩვენი გუნდის მომავალ მატჩებზეც გვითხარი.
- უკვე ზედიზედ მესამედ უწევს "ტორპედოს" "ზესტაფონთან" შემდეგი ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა. გარდა ამისა, გუნდებმა ჩემპიონატიდანაც კარგად გაიცვნეს ერთმანეთი.
იმის თქმა შემიძლია და გულშემატკივრებს ვპირდები, რომ როგორც ზესტაფონში "ვიომეთ", იგივენაირად შევემართებით ამ მატჩებისადმი, რათა ქუთაისის "ტორპედო" ვასახელოთ.
- ბოლოს, კონტექსტიდან ამოღებულ კითხვას დაგისვამ, "ბაიანოს" რატომ გეძახიან?
- განსაკუთრებული ისტორია არ არის, თუმცა მაინც გეტყვით. "ტორპედოს" დუბლებში ახალი აყვანილი ვიყავი, ჩემს გუნდელებს ვერ გაერკვიათ თუ ვინ თამაშობდა იმდროინდელ ბრაზილიის ნაკრებში ცენტრალურ მცველად. მაშინ მე ვუპასუხე - ჟუნინიო ბაიანო-მეთქი და იქიდან მოყოლებული დამერქვა ეს სახელი.
fctorpedo.ge