ყოფილ ტორპედოელებს "კოლხეთში" იწვევენ

AutoSharing Option
2011 წლის მიწურულს ქუთაისის "ტორპედომ" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტები შეუწყვიტა დაჩი ფოფხაძეს, სევასტი თოდუას, თენგიზ ჩიკვილაძეს, დავით ბოლქვაძესა და გიორგი მეგრელაძეს.

ბოლქვაძისა და თოდუას გადაყვანის სურვილი უმალვე გამოთქვა პირველი ლიგის ლიდერმა საჩხერის "ჩიხურამ". მაგრამ შევიტყვეთ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები კარიერას საჩხერეში არ გააგრძელებენ. ორივე მათგანის დამატება ფოთის "კოლხეთს" სურს. დავით ბოლქვაძე წინადადებას, ალბათ, დათანხმდება, ეს მან თავად გვითხრა და არც ის დამალა, რომ "ტორპედოდან" გაშვება მისთვის მოულოდნელი იყო.

"ფოთში თამაში მართლაც შემომთავაზეს. ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა, მოლაპარაკება გრძელდება, თუმცა დიდი შანსია,
მეორე ეტაპზე "კოლხეთში" ვითამაშო. ყველაფერი ორ დღეში მეცოდინება.

გია გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ 13-დან 10 შეხვედრა მოვიგეთ, მე სულ ვთამაშობდი და სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, "ტორპედოს" ასე თუ დავშორდებოდი. ვის დაიტოვებს და ვის არა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ ამას აშკარად არ ველოდი. თუმცა "ტორპედოს" წარმატებას ვუსურვებ.

სხვათა შორის, ფოთში სერიოზული პირობები აქვთ, გუნდის გაძლიერებასა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრას აპირებენ, "კოლხეთს"კი დიდი ტრადიციაც აქვს და ასეთ კლუბში თამაში სასიამოვნო იქნება", - ამბობს ბოლქვაძე.

შესაძლოა, ფოთის "კოლხეთში" ვიხილოთ ქუთაისელთა ყოფილი კაპიტანი სევასტი თოდუაც, მაგრამ მისით რუსთავის "მეტალურგიც" დაინტერესდა.

გვითხრეს, რომ რუსთავში იწვევენ დაჩი ფოფხაძესაც, მაგრამ ფეხბურთელის თქმით, მას რუსთაველები არ დაკავშირებიან და გაურკვეველ მდგომარეობაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული