უკვე გაცნობეთ, რომ ახალი გუნდის ჩამოყალიბების მიზნით იანვრიდან ყველა ფეხბურთელი გათავისუფლდა - ვის დავტოვებთ და ვის შევიმატებთ, მალე შეიტყობთო, გვითხრეს მაშინ.
"დილას" პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თქმით, გუნდიდან გაუშვეს დავით ბაქრაძე, ოლეგ გველესიანი, დავით ჭითანავა, ომარ ცარიელაშვილი, თემურ შათირიშვილი, ვაჟა ნემსაძე, ლევან ჩაგელიშვილი, ნოდარ ნოზაძე, ირაკლი ბერაია, გია თოდუა. დავით რაჟამაშვილი კარიერას "ზესტაფონში" გააგრძელებს, ნოდარ მაჭავარიანი კი "დინამოს" ეკუთვნოდა და თავის ამბავს თბილისელებთან გაარკვევს.
ძველი
ახალწვეული კი იმდენია, შეიძლება ითქვას, რომ მახარაძემ ლამის ახალი გუნდი მიიწვია: ლექსო ინწკირველი, დავით მეგრელიშვილი, ლევან მდივნიშვილი (სამივე - ფოთის "კოლხეთი"), ბესიკ დეკანოიძე, ზვიად მეტრეველი, რეზო ჯიქია (სამივე - ცხინვალის "სპარტაკი"), დავით მაისაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), თომა ტაბატაძე ("დაუგავა"), გიორგი ჭაავა (უგუნდო), ირაკლი ეხვაია (ზუგდიდის "ბაია"), თორნიკე შალიკაშვილი (მარტვილის "მერანი") და გიგა ბეჭვაია.
ერთწლიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლადო ბურდული, რომელიც ბოლოს ბაქოს "ნეფთჩიში" თამაშობდა.
ვარჯიშზე ჯერ არ ჩანდნენ დინამოელები შოთა კაშია და ირაკლი ლექვთაძე, რომლებთანაც"დილას" ხელმძღვანელობა ხელშეკრულების გაფორმებას იმედოვნებენ. შესაძლოა, გასინჯონ რიგის "სკონტოს" მცველი ივანე კანდელაკი.
მადა ჭამაშიო და, მახარაძე ლეგიონერების დამატებასაც არ გამორიცხავს - მალე გორელები სამ სერბ ფეხბურთელს ელიან.
ჯერ უცნობია, ამ მოთამაშეებიდან "დილას" მთავარი მწვრთნელი საგაზაფხულო ეტაპისთვის ვის დაიტოვებს. გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ გორში გააგრძელებს კარიერას "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი კაპიტანი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ ამნისტირებული გიგა ბეჭვაია.
გაურკვეველია ცხინვალის "სპარტაკიდან" გაშვებული თავდამსხმელების, რევაზ ჯიქიასა და ზვიად მეტრეველის, აგრეთვე ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელ ირაკლი ეხვაიას საკითხიც. ამ უკანასკნელს ფოთის "კოლხეთსა" და მარტვილის "მერანში" გადასვლას კონკრეტული პირობებით სთავაზობენ, გორში კი ჯერაც გასინჯვაზეა.
გორელები თბილისში "ამერსა" და "შატილზე" ივარჯიშებენ, 25 იანვრიდან კი ორი კვირით ანთალიაში გაემგზავრებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"