ლაშა გვალია და "მეტალურგი" - მოლაპარაკებები გაჩერდა

AutoSharing Option
გორის "დილაში" ფოთის "კოლხეთიდან" სამი ფეხბურთელი მიიწვიეს - ლექსო ინწკირველი, დავით მეგრელიშვილი და ლევან მდივნიშვილი. სიმართლე გითხრათ, ერთი რამ გვეუცნაურა - მიწვეულთა შორის არ იყო ფოთელების საუკეთესო ფეხბურთელი ლაშა გვალია.

"დილაში" გვითხრეს, გვალიას მიწვევა გვსურდა, მაგრამ იგი, ალბათ, რუსთავის "მეტალურგში" ითამაშებსო.

20 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს სეზონის დასაწყისში რამდენიმე კლუბი იწვევდა. სხვებზე მეტად "მეტალურგი" აქტიურობდა. ითქვა კიდეც, რომ გვალია რუსთავის კლუბის ფორმას მოირგებდა, მაგრამ ევროპის ლიგაზე თამაშამდე რუსთაველთა ახალწვეულების პრეზენტაციაზე ფოთელი არ გამოჩენილა.

მაშინ გუნდებს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა. კოლხებისთვის პერსპექტიული მოთამაშე
ბევრად უფრო ძვირადღირებული აღმოჩნდა, ვიდრე "მეტალურგში" წარმოიდგენდნენ. ფოთელებმა ტრანსფერის საფასურად 300 ათასი დოლარი მოითხოვეს. მათი მაშინდელი მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია გვალიაში დიდ პერსპექტივას ხედავდა, "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა კიდეც, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის პოტენციალი აქვსო, ასე რომ, კოლხების პოზიცია გასაკვირი არ იყო.

მაშინ გვალიას უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნების მსურველ ვინიცის "ნივაშიც" იწვევდნენ, მაგრამ ფოთელთა პირობები უკრაინელებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა და საქმე მოლაპარაკებამდეც არ მისულა.

"მეტალურგში" შეიცვალა ხელმძღვანელობა და მწვრთნელი, მაგრამ არა გვალიასადმი ინტერესი.

"არ დავმალავთ, რომ გვალიას გადმოყვანა გვსურს, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია", - გვითხრა "მეტალურგის" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ.

შევიტყვეთ ისიც, რომ პოზიცია არც ფოთელებს შეუცვლიათ - ეს თავად გვალიამ გვითხრა:

"ისევე, როგორც ზაფხულში, რუსთაველებმა "კოლხეთთან" მოლაპარაკება ახლაც დაიწყეს. იმედი გამიჩნდა, რომ გადავიდოდი, ყველაფერი 90 პროცენტით შეთანხმებული იყო, "მეტალურგში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი მეგონა. მაგრამ გუშინ მითხრეს, რომ გუნდები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და არ გამიშვეს, "კოლხეთში" მაისამდე მაინც დარჩიო. მოლაპარაკება გაჩერდა, მაგრამ გადასვლის იმედს მაინც არ ვკარგავ."

შეგახსენებთ, რომ გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტი" გვალიას ზაფხულში 50 ათას ევროდ აფასებდა, ახლა კი მისი ფასი 100 ათას ევრომდე გაიზარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული