რამ განაპირობა ფოთელების "მიგრაცია" ახალ გუნდში, კოლხებს ფინანსურად გაუჭირდათ? ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი აწ უკვე გორელთა გამოცდილ მცველ ინწკირველთან.
"ბოლო დროს ფოთში ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, გუნდს და მოთამაშეებს კარგი პირობები შეგვიქმნეს. მაგრამ "დილა" ჩემით დაინტერესდა, კლუბები ერთმანეთს შეუთანხმდნენ, პირობებიდან და გუნდის ამბიციიდან გამომდინარე, გადასვლა ვამჯობინე და კონტრაქტი გავაფორმე.
სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, გორში ასეთი სერიოზული გუნდის ჩამოყალიბება თუ შეიძლებოდა და ეს ამბავი ძალიან
შედეგი უცებ არ მოდის, გუნდის შენებისას მოთმინებაა საჭირო. მოსამზადებელი ეტაპი ახლა დაიწყო და ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, "დილა" რა ძალის იქნება, მაგრამ შემადგენლობას რომ გადავხედე, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს.
მიმაჩნია, რომ წლეულს საქართველოს თასისა და რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრისთვის ბრძოლას შევძლებთ, შემდეგი წლიდან კი ჩემპიონობას გვისახავენ მიზნად", - ამბობს ინწკირველი.
30 წლის ცენტრალური მცველი ერთ საყურადღებო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: ფოთის "კოლხეთი" საშემოდგომო ეტაპზე მეტოქეებს საკუთარ სტადიონზე ვერ მასპინძლობდა; ბოლო ტურებში ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა გორის "დილა" და, როგორც ამბობენ, შესაძლოა, "თენგიზ ბურჯანაძეზე" სამუშაოები აპრილამდე გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში "დილას" კვლავ სხვა სტადიონზე მოუწევს თამაში.
ინწკირველი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია:
"საკუთარ სტადიონზე თამაში წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. დარწმუნებული ვარ, "კოლხეთს" პირველ ეტაპზე ფოთში რომ ეთამაშა, გაცილებით მეტ ქულას დააგროვებდა და რვა საუკეთესოში აუცილებლად მოხვდებოდა. სხვა სტადიონზე განწყობაც სხვაა, მაყურებელი კეთილგანწყობილი, მაგრამ ნეიტრალურია. საკუთარი ფანების მხარდაჭერა კი რეგიონებში ძალიან ბევრს ნიშნავს.
წარმოიდგინეთ, "კოლხეთი" ხან ლანჩხუთში თამაშობდა, ხან ზუგდიდში და ბოლოს ქუთაისსაც ვესტუმრეთ. არანორმალური ვითარება იყო და გუნდმა საკუთარი პოტენციალი ამიტომ ვერ გამოავლინა.
ამავეს თქმა შეიძლება "დილაზეც", რომელიც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ საკუთარი მაყურებლის მხარდაჭერა ძალიან დააკლდა. მაგრამ ჯერ რვა გუნდში მოხვედრის შანსი არც ერთს დაუკარგავს და იმედია, ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ.
იმის იმედიც გვაქვს, რომ გორში სტადიონის განახლება მალე დასრულდება და სხვაგან თამაში არ მოგვიწევს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"