ამის გამოც იყო, თბილისში "მარაკანას", "შატილისა" და "საბურთალოს" სტადიონებმა ტურის მატჩებს (ასე თუ ისე) რომ უმასპინძლეს. ამ ფონზე მოულოდნელი იყო გორის "დილასა" და რუსთავის "მეტალურგის" შეხვედრის გადადება. ასეთი განმარტება მოვისმინეთ: მატჩის გამართვა გორშიც შეუძლებელი იყო და "მიხეილ მესხზეცო".
გასაგებია, რომ გორი საქართველოს "ციმბირია", თოვლმა მოედანი გაყინა და ახალდაგებული საფრის გაფუჭებას მოერიდნენ. მატჩის
თუმცა, ამ მატჩის გადადების გამო, სხვა კლუბების წარმომადგენლები კულუარებში უკმაყოფილებას არ მალავდნენ: "მარაკანასა" და "შატილზე" სხვები თუ თამაშობენ, "დილას" რატომ არ ეკადრებაო.
იმასაც ამბობდნენ, მატჩს იმ დროს ჩაატარებენ, როდესაც საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრი გუნდების ვინაობა გარკვეული იქნება და გადადებულ შეხვედრასაც სასურველი შედეგით დაასრულებენო.
"დილას" პრეზიდენტი ზურაბ დალაქიშვილი ამ ხმებს კატეგორიულად უარყოფს:
"მეც ვიცი, რომ მატჩის გადადებას გუნდების მხრიდან ცუდი რეაქცია მოჰყვა. ამის გამო, თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან მომხდარში არანაირი ქვეტექსტი არ გვქონია და მატჩი საპატიო მიზეზის გამო გადაიდო.
თამაშის არასასურველი შედეგით დასრულების შიში ნამდვილად არ გვქონია. უბრალოდ, ცაიტნოტურ ვითარებაში მოვხვდით: ჯერ გორში თამაშს ვაპირებდით, მაგრამ მოედანზე თოვლი იდო და გაწმენდას ვეღარ ვასწრებდით. მერე "მიხეილ მესხის" დაქირავება გადავწყვიტეთ, მაგრამ არ გვეგონა, ალბანეთთან მატჩამდე ერთი კვირით ადრე რომ არ მოგვაქირავებდნენ. მერე ცაიტნოტური ვითარება შეიქმნა და სხვა სტადიონების დაქირავება ვერ მოვახერხეთ.
ამბობენ, ხელოვნურსაფრიან მოედნები რატომ არ იქირავეთო. "მარაკანასა" და "შატილზე" თამაში სულაც არ გვეთაკილება, მაგრამ ახლა ყველა ხელოვნურსაფრიანი მოედანი დატვირთულია - ან ბავშვები ვარჯიშობენ, ან თამაშებია დაგეგმილი და სტადიონის დირექციას სამი-ოთხი დღით ადრე მაინც უნდა მიმართო.
მატჩის გადადების მიზეზად იმას ასახელებდნენ, თითქოს ჩვენ 22-ე ტურის დასრულებას დაველოდებოდით, როდესაც ფაქტობრივად, საუკეთესო რვა გუნდი გაირკვეოდა და სასურველ ანგარიშზე მოვილაპარაკებდით. ეს არის აბსურდი. "მეტალურგთან" გადადებულ შეხვედრას ჩავატარებთ არა 22-ე ტურის შემდეგ, არამედ მანამდე, 1 მარტს. მხოლოდ მატჩის გამართვის ადგილია დასაზუსტებელი. სავარაუდოდ, "მეტალურგს" მცხეთის სტადიონზე ვუმასპინძლებთ".
დალაქიშვილს იმ მოთამაშეებზეც დავეკითხეთ, რომლებიც გორის "დილაში" ვარჯიშობდნენ, მაგრამ გათავისუფლების ფურცელს ელოდნენ:
"ნიჟნი ნოვგორიოდის "ვოლგამ" ლაშა სალუქვაძის ტრანსფერი ჯერ კიდევ წინა ტურისთვის გამოგვიგზავნა, მახაჩყალის "ანჟიმ" კი - გიორგი ილურიძის. გოჩა ხოჯავასა და მათე ვაწაძის თაობაზეც თანხმობა მივიღეთ და შესაძლოა, კვირას განაცხადში შევიყვანოთ. თუმცა, ვაწაძე ჯერ ტრავმირებულია და ვერ დაგვეხმარება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"