ტორპედო-ზესტაფონი 2:1 - რომელია საქართველოს საუკეთესო გუნდი?

AutoSharing Option
28.04. ქუთაისი. ცენტრალური. 5000 მაყურებელი
ტორპედო-ზესტაფონი 2:1
1:0 კუხიანიძე (12), 1:1 გორგიაშვილი (37.აფციაურის პასით), 2:1 ფირცხალავა (90.ფანცულაიას პასით)

ტორპედო ზესტაფონი
4-4-1-1 4-4-2
მიგინეიშვილი რ. კვასხვაძე
რიგვავა ღონღაძე
გამეზარდაშვილი გ. ონიანი
კვახაძე საჯაია
გ. გურული ელიავა
დოლიძე აფციაური
დიღმელაშვილი გორგიაშვილი
გ. დათუნაიშვილი მენთეშაშვილი
თარხნიშვილი შარიქაძე
კუხიანიძე დვალი
საბანაძე ოვონიკოკო

მწვრთნელები
გ.გეგუჩაძე გ.ჭიაბრიშვილი

ტორპედო
63. კუხიანიძე - ფირცხალავა
65. დოლიძე - იოსელიანი
85. თარხნიშვილი - ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, შერგელაშვილი, დ.ჯანელიძე, ფარულავა

ზესტაფონი
57. ოვონიკოკო - დ.მუჯირი
61. აფციაური - შ.გრიგალაშვილი
77. შარიქაძე - ბაბუნაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ხიდეშელი, გუგუჩია, კობახიძე

გაფრთხილება: დვალი (85), ფირცხალავა (87)

არბიტრი: გ.ვადაჭკორია

იმერული დერბის პრინციპულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, "ტორპედო"-"ზესტაფონის" დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო მატჩი, რომელშიც ფრე ორივე გუნდისთვის მიუღებელი იყო.

თამაშის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ მათმა კონკურენტებმა ("მეტალურგმა" და "დინამომ") გამარჯვება მოიპოვეს. შესაბამისად, "ზესტაფონი" ლიდერობის დაკარგვის, "ტორპედო" კი მესამე პოზიციიდან ჩამოქვეითების საფრთხის წინაშე დადგა.

გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, თამაში მართლაც საინტერესო და დრამატული გამოდგა. გია გეგუჩაძემ და გია ჭიაბრიშვილმა, რომლებიც ერთმანეთს ზედმიწევნით იცნობენ, აქცენტი შეტევაზე გააკეთეს. ორივე გუნდი აქტიურად ცდილობდა ფლანგების გამოყენებას, თუმცა, ამ მხრივ, "ტორპედო" უკეთ გამოიყურებოდა.

ფლანგის ნახევარმცველები გრიგოლ დოლიძე და თორნიკე თარხნიშვილი ბევრს მოძრაობდნენ და მეტოქის უკანახაზელებს პრობლემებს უქმნიდნენ. მათ განაპირა მცველები დათა რიგვავა და გიორგი გურულიც აქტიურად ეხმარებოდნენ.

პროდუქტიული იყო ქუთაისელთა გამოკვეთილი თავდამსხმელი ნიკა საბანაძე, რომლის ოდნავ უკან გიორგი კუხიანიძე მოქმედებდა.

პირველივე წუთზე სწორედ მათ აქტიურობას მოჰყვა სახიფათო ეპიზოდი. ზესტაფონელები ტრადიციულად მოკლე პასებითა და კომბინაციური თამაშით ცდილობდნენ მასპინძელთა კართან მიახლოებას. ქუთაისელი მცველები მათ მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა მდიდარი ტექნიკური არსენალის წყალობით სტუმრები მაინც ახერხებდნენ სახიფათო შეტევების განხორციელებას.

სტუმართა რიგებში ჩვეულად აქტიური იყო ჯაბა დვალი. სწორედ მის კარგ თამაშს მოჰყვა ზესტაფონელთა პირველი სახიფათო მომენტი. დვალმა რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და ოვონიკოკოს დროულად უპასა, რომლის დარტყმაც ქუთაისელთა კარის ბადეს გვერდიდან მოხვდა. წუთიც არ იყო გასული, რომ მასპინძლების კარისკენ ამჯერად თავად დვალმა დაარტყა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

თამაში საშუალო ტემპში, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ქუთაისელებმა თავიანთი მეორე შანსი გოლად აქციეს. საბანაძემ საჯარიმოს მისადგომებთან ზაალ ელიავას აართვა ბურთი, მარჯვნიდან დოლიძე ჩართო შეტევაში, რომლის დარტყმაც ხარიხას მოხვდა; გადმოვარდნილ ბურთზე კუხიანიძემ თავით დაამატა და მასპინძლები დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ ზესტაფონელებმა უპირატესობის მოპოვება სცადეს და გაორმაგებული ძალებით შეუტიეს. სტუმრების მიერ შექმნილი მომენტებიდან ის ეპიზოდი უნდა გამოვყოთ, როცა რიგვავასა და კვახაძის შეუთანხმებელი თამაშით თორნიკე გორგიაშვილმა ვერ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ხარიხას გადააცილა. თუმცა გორგიაშვილმა შეცდომა გამოასწორა და მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. მან ზესტაფონელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ულამაზესი გოლით დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი, სანახაობრივი თვალსაზრისით, შედარებით უფერული გამოდგა. განსაკუთრებით - საწყისი 30 წუთი, როცა ბურთი, ძირითადად, მოედნის შუაგულში ტრიალებდა და სახიფათო მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. თუმცა მატჩს მაინც დრამატული ფინალი ჰქონდა, მაგრამ აჯობებს მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ.

მწვრთნელებმა სიტუაციის შესაცვლელად ცვლილებებს მიმართეს. ორივე გუნდი გააქტიურდა. ბოლო 15-მა წუთმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და მაყურებლებმა სახიფათო მომენტებიც იხილეს.

ზესტაფონელთა რიგებში გამოჩენილმა დავით მუჯირმა, შოთა გრიგალაშვილმა და შოთა ბაბუნაშვილმა თამაში გაამწვავეს. ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანზე დაბრუნებულ გრიგალაშვილს გოლის გატანის ჩინებული შანსიც ჰქონდა, როცა დვალის პასით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ცუდად დაარტყა და ომარ მიგინეიშვილმა შეძლო ბურთის მოგერიება.

იქვე ქუთაისელთა მეკარემ ზურაბ მენთეშაშვილის ძლიერი დარტყმა მოიგერია.

საბოლოოდ შეცვლებმა გეგუჩაძეს უფრო გაუმართლა. ნიკა ფირცხალავა, გივი იოსელიანი, მოგვიანებით კი გიორგი ფანცულაია თავიდანვე კარგად ჩაერთვნენ თამაშში. აღსანიშნავია იოსელიანის ჩაწოდების შემდეგ ფირცხალავას ეფექტური დარტყმა, რომელიც მცირედით ასცდა სტუმართა კარს.

არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი მოედნის ცენტრში ღონღაძის შეცდომის შემდეგ საბანაძის წამოწყებული კონტრშეტევა გოლით დაგვირგვინდა: საბანაძისგან ბურთი ფანცულაიამ მიიღო, რომელმაც ერთი შეხებით საჯარიმოში შეჭრილ ფირცხალავას გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც როინ კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა...

შეიძლება ითქვას, რომ "ტორპედომ" ამ მოგებით ორი კურდღელი დაიჭირა: სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაც შეინარჩუნა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლიდერობადაკარგული "ზესტაფონი" მომდევნო ტურში ქუთაისელთა უშუალო მეტოქეს, თბილისის "დინამოს" გაორმაგებული მოტივაციით დაუხვდება...

მატჩის შემდეგ
გია ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი): "რთული თამაში იყო. ვცდილობდით, რომ მატჩისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად სრულ მზადყოფნაში ვყოფილიყავით, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი რამ არ გამოგვივიდა. ჩვენ არ გვეყო ბრძოლისუნარიანობა და ხასიათის სიმტკიცე.

"ტორპედომ" გამარჯვება დაიმსახურა. სამწუხაროდ, ის ჰანდიკაპი, რომელიც გვქონდა, გავანიავეთ და მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ.

ბევრი ამბობს, რომ "ზესტაფონი" საქართველოში საუკეთესო გუნდია, მაგრამ საუკეთესო ის იქნება, ვინც ჩემპიონობას მოიპოვებს".


გია გეგუჩაძე (ტორპედო): "დრამატული და ემოციებით დატვირთული მატჩი იყო. ხასიათის სიმტკიცე ჩვენს ფეხბურთელებს უფრო აღმოაჩნდათ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

გულახდილად ვწუხვარ, რომ "ზესტაფონს" ლიდერობა დავაკარგვ
ინეთ, მაგრამ გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სტაბილურობა რომ შევიძინოთ, ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვასიკო თუ გახდა მეტალურგი ჩემპიონი ვნახოთ რას იზამს მერე უეფაზე.. და წინასწარ რატო გგონია რო ცუდად ითამაშებს მეტალურგი ... კიდე ერთხე ლვიტყვი მოვლენებს წინ ნუ უსწრებთ !
irakli
16:58 30-04-2012
0
სტატია ედოთ ტურის წინ, ზესტამ ლიდერობის შენარჩუნებისთვის აუცილებლად უნდა მოუგოს ტორპედოსო. ანუ ყველამ იცოდა რუსთავში რაც მოხდებოდა. ახლა კიდე ლაქია სტატიებს წერენ. არც მწვადს წვავენ და არც შამფურს. ასეთი ხალხი ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჟურნალისტიკაშიც ვერ ივარგებს. დაიწყეთ მაგ ეჭვებზე ჟურნალისტური გამოძიება, რა გიშლით ხელს?
beqa
16:33 30-04-2012
0

სიახლეები პოპულარული