"ბაია"-"სიონის" მატჩს სტუმართა მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ბოლნისელთა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ღიად გამოთქვა უკმაყოფილება მსაჯობის გამო. თავის მხრივ, გიორგი დოგრაშვილისა და მისი ბრიგადის მოქმედებით კმაყოფილი არც "ბაიას" თავკაცი ელგუჯა ქომეთიანი დარჩენილა.
"საერთოდ, მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ რაკი ამ თემას მეტოქე შეეხო, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ "სიონმა" ამ ფაქტორის გამო ვერ გაიმარჯვა. პირიქით, მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებებით პირველ რიგში, ჩვენ დავზარალდით.
ზოგადი ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს, კონკრეტულ ეპიზოდებზე გეტყვით. ვნახე მატჩის ვიდეოჩანაწერი და დავრწმუნდი, რომ "სიონმა" ჩვენს კარში მეორე გოლი აშკარა
თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. ამას გარდა, "სიონის" კარში ერთი ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვინიშნეს. მეტოქის ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში გამოთქვამდნენ მსაჯობით უკმაყოფილებას და თითქმის ყველა შეხებაზე ჰქონდათ რეაქცია. არადა, მსაჯის ბრალი სულაც არაა, 2:0 რომ ვერ შეინარჩუნეს. შეხვედრამ "ბაიას" სრული უპირატესობით ჩაიარა და გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით", - განაცხადა ქომეთიანმა.