ლიპარტია-კლიმიაშვილის შოუ

AutoSharing Option
ამ ტურამდე მაინცდამაინც სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა არც "სპარტაკს" ჰქონდა და არც – "ვიტ ჯორჯიას". აქედან გამომდინარე, ფრე მათთვის დიდი ვერაფერი შენაძენი იქნებოდა და ორივე გუნდის ფეხბურთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გამარჯვებისთვის თავი არ დაუზოგავთ. საბოლოოდ კი, სამი ქულა სწორედ იმან მოიპოვა, ვისაც უფრო მეტად ეკუთვნოდა.

მატჩი ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, თამაში ხისტი იყო, მაგრამ მოედანზე ექიმთა ხშირი შესვლის მიუხედავად, საბედნიეროდ, საქმე ზღვარგადასულ უხეშობამდე არ მისულა. ორივე გუნდი თამაშის დროს სისტემატურად გამოთქვამდა მსაჯობით უკმაყოფილებას, საფინალო სასტვენს კი სპარტაკელთა
აქტიური პროტესტი მოჰყვა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მსაჯობას თამაშის შედეგზე გადამწვეტი გავლენა არ მოუხდენია.

შეხვედრის დებიუტმა "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობით ჩაიარა. საწყის წუთებშიც და საერთოდ, მთელი მატჩის განმავლობაშიც, ყველაზე შესამჩნევი ირაკლი კლიმიაშვილის აქტიურობა იყო. იმის მიუხედავად, რომ ჯაბა ლიპარტიამ დუბლი შეასრულა და ბუნებრივია, ამით თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, კლიმიაშვილი გუშინდელი მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი "სპარტაკთან" დაპირისპირებისას უმეტესად, შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, თუმცა დროდადრო "მშობლიურ" მარცხენასაც უბრუნდებოდა ხოლმე. ცუდია, რომ კლიმიაშვილი აქამდე შემორჩა საქართველოს ჩემპიონატს. იგი ჩვენი უმაღლესი ლიგისთვის უკვე "გადამწიფებულად" გვეჩვენება და იმედია, მალე ვიხილავთ ძლიერი უცხოური კლუბის შემადგენლობაში.
პირველ ტაიმში ირაკლის გადაცემებით მის თანაგუნდელებს სამჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. კლიმიაშვილმა მეტოქის მეკარესთან პირისპირ ორჯერ ჩიმაკაძე გაიყვანა, ერთხელაც – ლიპარტია, მაგრამ გამოცდილი გრიშიკაშვილი კარში საიმედოდ იდგა. სტატისტის როლში არც "სპარტაკი" ყოფილა, რომელსაც შესვენებამდე ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა. მეკარესთან ერთ-ერთზე გასულმა ბუზალაძემ სუსტად დაარტყა და ძაძამია ბურთს იოლად დაეუფლა. მანვე მოიგერია ჩალაძის ეფექტური შორეული დარტყმა.

შესვენების შემდეგ ვეტერინართა უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ ანგარიში მაინც "სპარტაკმა" გახსნა. ღანიაშვილმა საკუთარ საჯარიმოში ჩალაძე წააქცია, პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა შონიამ.

ამის შემდეგ ნომინალურმა მასპინძლებმა აქცენტი მთლიანად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაიტანეს. "ვიტ ჯორჯიამ" გამოთავისუფლებული სივრცეებით მშვენივრად ისარგებლა და სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ანგარიშში მეთოდურად ასახა. ლიპარტიამ ანგარიში კლიმიაშვილის ჩაწოდებით, ერთი შეხებით გაათანაბრა. ვეტერინართა გოლებს შორის დროის საკმაო ინტერვალი კი იყო, მაგრამ ამ შუალედში დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა და ამიტომაც პირდაპირ აღვწეროთ "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვების გოლი.

სპარტაკელებმა მეტოქის სწრაფი შეტევა აკრძალული ილეთით შეასრულეს და მათი საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა. სტანდარტული მდგომარეობა თითქოს კლიმიაშვილს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მან ბურთი იქვე მდგომ ლიპარტიას დაუგორა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი ეფექტური დარტყმით დალაშქრა.

"სპარტაკს" დარჩენილ წუთებში თამაშის გადარჩენის შანსი აღარ მისცემია და ცხრილის ქვედა ნაწილში ჩარჩა, "ვიტ ჯორჯია" კი ამ ლოგიკური გამარჯვებით ლიდერთა ჯგუფს წამოეწია.


სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:2

19.09. თბილისი. მ. მესხი. 200 მაყურებელი

1:0 შონია (48. პენ.), 1:1 ლიპარტია (64), 1:2 ლიპარტია (88)

სპარტაკი ვიტ ჯორჯია
4-3-3 4-4-2
გრიშიკაშვილი ძაძამია
ჭაფოძე ბეჭვაია
ბოიომო ადამაძე
თავბერიძე კასრაძე
კორსანტია ღანიაშვილი
ლ. ჩალაძე მაისაშვილი
ხაჭვანი ჯანელიძეE
შონია გურ. გურეშიძე
შ. კაშია კლიმიაშვილი
კლოვისი ლიპარტია
ბუზალაძე ჩიმაკაძე

სპარტაკი
46. ხაჭვანი – მაისურაძე
74. კლოვისი – სარალიძე
87. ჩალაძე – აქუბარდია
სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ვ. ბოლქვაძე, მ. ჯიშკარიანი, ფურცელაძე


ვიტ ჯორჯია
75. მაისაშვილი – ზაქრაძე
90. ლიპარტია – გოგიაშვილი
90. ჯანელიძე – კორიფაძე
სათადარიგოები: რეჭია, ჭანკვეტაძე, გიორგი გურეშიძე, დვალაშვილი

გაფრთხილება: ჭაფოძე (50), შ. კაშია (53), მაისურაძე (69), ზაქრაძე (84), ადამაძე (90)

არბიტრი: ი. ურუშაძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული