გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზე გველაპარაკა:
"28 ივნისიდან ურეკში ვემზადებით. დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ ე.წ. გაგუას სტადიონზე, სადაც საკმაოდ კარგი მოედანი და სავარჯიშო პირობები დაგვხდა.
ჯერ-ჯერობით, ორი საკონტროლო შეხვედრა დავგეგმეთ. 3 ივლისს ბათუმის "დინამოს" შევხვდებით, 9-ში კი - მარტვილის "მერანს".
თავიდან უცხოურ შეკრების მოწყობაზეც ვფიქრობდით, მაგრამ გამორიცხული არ არის, მომზადების მეორე ეტაპიც საქართველოში ჩავატაროთ".
საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი საკადრო ცვლილებებზეც გველაპარაკა:
"მოთამაშეთა დიდ ნაწილს კონტრაქტი დაუსრულდა და
გაგა ჩხეტიანის დამატების ამბავი ადრეც გითხარით. მას გარდა, ფოთის "კოლხეთიდან" დავიმატეთ ვაჟა ლომაშვილი, "ბაიადან" მეკარე გიორგი სომხიშვილი. ურეკში ოთხი გასასინჯი მოთამაშეც წამოვიყვანეთ: გორის "დილადან" - ლომიძე, "ბაიადან" - ტყებუჩავა, ტყიბულის "მეშახტედან" - ხარაბაძე, "სამტრედიიდან" - გოგიშვილი და ბალტიისპირეთში ნათამაშები ადამია. მათი ბედი შეკრების შემდეგ გაირკვევა.
დავესწარი ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პირველი ლიგის ნაკრებების ტურნირს, რომლის მიზანი ტალანტების აღმოჩენა იყო და არც შემცდარვარ. ბევრი საინტერესო მოთამაშე აღმოვაჩინე, რომელთა შესახებაც გულშემატკივრისთვის არაფერი იყო ცნობილი.
უმაღლესი ლიგის გუნდების მოთხოვნები მკაცრია, მაგრამ საინტერესო მოთამაშეების აღმოჩენა შესაძლებელი იყო. მაგალითად, თსუ-ს მცველი მაღრაძე უკვე ჩვენთან ვარჯიშობს. ის უდავოდ საინტერესო მოთამაშეა".
ცნობილი იყო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ჩიხურადან" წავიდნენ მეკარე რევაზ თევდორაძე (ბაქოს "ინტერში" გადავიდა), ირაკლი ლილუაშვილი, გოგი ფიფია და სანდრო იაშვილი. ფრუიძის თქმით, ახალ კლუბს კიდევ ორი მოთამაშე ეძებს:
"კონტრაქტები დაუსრულდათ და სხვა გუნდებში ითამაშებენ ლაშა ნოზაძე და გიორგი ტუხაშვილი. თუმცა, ამით ცვლილებები არ დასრულებულა.
სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და არც მატებას გამოვრიცხავ და არც ვინმეს წასვლას".
ფრუიძემ ფედერაციის ტურნირი გამოიყენა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"