ქუთაისელები წაგებას არ იმსახურებდნენო

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიასა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით (1:0) დასრულდა. ერთი შეხედვით, აუტსაიდერის დამარცხებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მაგრამ ვინც გუშინდელი თამაში ნახა, ყველა ამბობდა, რომ უზომოდ მონდომებული ქუთაისელები წაგებას არ იმსახურებდნენ. საქართველოს ჩემპიონატში იშვიათი სანახავია გუნდი, რომელიც ამდენ ენერგიას ხარჯავს, აგრესიულად უტევს და თითოეული გოჯისთვის თავს იკლავს.

რუსთავში მატჩს 100-დე ქუთაისელი გულშემატკივარი დაესწრო. მათმა ნაწილმა მატჩის შემდეგ გუნდის მეპატრონესთან, "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე სოსო ფხაკაძესთან დალაპარაკება სცადა.

"სამტრედიასთან" და "ზესტაფონთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ, საყვარელი გუნდის თამაშით აღშფოთებული გულშემატკივრები აგრესიულად განწყობილი
იყო და მთავარი მწვრთნელის, რამაზ მუმლაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ბუნებრივია, ამბიციური ქუთაისელი გულშემატკივარი არც ამჟამად დარჩა კმაყოფილი, თუმცა, ხანმოკლე ლაპარაკი თემაზე "რატომ ათამაშა მუმლაძემ ის და არ ათამაშა ეს? რა ეშველება გუნდს, შეიცვლება თუ არა მწვრთნელი და ა.შ.?", მეპატრონისა და ფანების ერთობლივი შეძახილებით გაგრძელდა _ "ტორპედო! ტორპედო! ტორპედო!".
რამაზ მუმლაძემ კი კომენტარი აშკარად უგუნებოდ გააკეთა:

- ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ დღეს ფეხბურთელებმა თავი არ დადეს. პირიქით, იბრძოლეს, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და წაგება არ ვიმსახურებდით. თუმცა, დღეს იღბალი ჩვენს მხარე არ იყო და ვერ ვხვდები, ასე ზურგი რატომ გვაქცია.

- არის თუ არა რაიმე ცვლილება მოსალოდნელი "ტორპედოში"?
- ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით. დღეს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, დათუნაიშვილი და კვარაცხელია ტრავმირებულები არიან, მაგრამ ახალგაზრდებმა კარგად გაართვეს საქმეს თავი.

თორნიკე თარხნიშვილი:
- თითქმის ყველა შეხვედრა უიღბლობის გამო წავაგეთ: ყველა გუნდს ვუტევდით, ვჯობდით, მაგრამ ან ფრედ ვამთავრებდით, ან ვაგებდით. ფოთელები ჩვენს ნახევარზე ვერ გადმოდიოდნენ და მაინც მოგვიგეს. დღეს კი "ვიტ ჯორჯიას" მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა, ჩვენ კი რამდენიმე ვერ გამოვიყენეთ და მოგვიგეს. არც ვიცი, ამდენი უაზრო წაგება რას მივაწერო, თუ არა უიღბლობას? წარმოუდგენელი რამ გვჭირს, ასეთი რამ ძნელი გადასატანია.

- როდესაც გუნდი ამდენ მომენტს ვერ გამოიყენებს, "უიღბლობას" უკლასობა ხომ არ ჰქვია?
- შეიძლება, ესეც არის და მომენტების ვერგამოყენება მაგას დავაბრალოთ. თუმცა, ბევრად უკლასო გუნდები იგებენ და მომენტებს იყენებენ.

- ბიჭები ფსიქოლოგიურ წნეხის ქვეშ არიანო, მაგრამ დღეს ეს არ გეტყობოდათ.
- დაძაბულები ნამდვილად არ ვიყავით, შეკრული გუნდია, ყველანაირად კარგ პირობებში ვემზადებით და გულშემატკივრების სიყვარული და თანადგომაც არ გვაკლია. ფსიქოლოგიური წნეხისგანაც გავთავისუფლედით და თავადაც ნახეთ, რა მონდომებით ვითამაშეთ. მაგრამ მარტო მონდომება არ კმარა, მთავარი ტაბლოა, რომელზეც ჯერ საჩვენო შედეგი ვერ დავაფიქსირეთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი მონდომებული ფეხბურთით მდგომარეობას აუცილებლად გამოვასწორებთ. დღევანდელ `ტორპედოს~ საკმოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და შეუძლებელია, ბოლო ადგილზე დავრჩეთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული